პანთეონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პანთეონები— გამოჩენილ მწერალთა, საზოგადო მოღვაწეთა, მეცნიერთა და ხელოვანთა დასაკრძალი ადგილი. თბილისში პანთეონის შექმნის იდეა ჩაისახა XIX საუკუნის 90-იან წლებში, მას შემდეგ, რაც დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ეზოში დაიწყეს ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეთა დაკრძლვა. პანთეონის ჩამოყალიბება დიდუბის ეკლესიაში ფაქტობრივად დაიწყო XX საუკუნის ათიანი წლებიდან; ამ საქმეს მეურვეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება; აქ დაკრძალეს ცნობილი მოღვაწეები: კიტა აბაშიძე, ლუარსაბ ბოცვერაძე, იოსებ ყიფშიძე, სოფრომ მგალობლიშვილი და სხვები. შემდგომში აქ კრძალავდნენ ნაკლებად ცნობილ პირებსაც. 1938 სასაფლაოს ნაწილი, სადაც გამოჩენილ პირთა საფლავები იყო, შემოიფარგლა და 1939 ოფიციალურად გამოცხადდა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონად. აქ სხვა სასაფლაოებიდან გადმოასვენეს პლატონ იოსელიანის, ეკატერინე გაბაშვილის, ნიკოლოზ ხიზანიშვილის, დუტუ მეგრელის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, იეთიმ გურჯის, უიარაღოს (კონდრატე თათარაშვილის), სილოვან ხუნდაძისა და სხვათა ნეშტები. დიდუბის პანთეონის საფლავის ძეგლთა ავტორები არიან ცნობილი ქართველი მოქანდაკეები: ი. ოქროპირიძე, ნ. კანდელაკი, ე. ამაშუკელი, მ. ბერძენიშვილი, გ. ოჩიაური, თ. თოდუა, ო. ფარულავა, ნ. შავგულიძე და სხვა. ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის დაარსების იდეა გაჩნდა 1915 წელს, აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში იმის გამოც, რომ აქ უკვე განისვენებდა ქართველი ხალხის უდიდესი შვილი ილია ჭავჭავაძე. მთაწმინდის პანთეონი ოფიციალურად გაიხსნა 1929 წელს, აქ დაკრძალული ალექსანდრე გრიბოედოვის მე-100 წლისთავზე,რომლის ცხედარი 1829 წელს ჩამოასვენეს თეირანიდან და, მისივე ანდერძით, მთაწმინდის მამადავითის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. თვითონ მთაწმინდის ისტორია საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს. VI საუკუნეში მთაწმინდის ფერდობზე წმინდა მამა- დავით გარეჯელი დასახლებულა და სამლოცველო აუგია, რის გამოც ეკლესიას შეერქვა მამადავითის სახელი. მთაწმინდის პანთეონის კეთილმოწყობით, არსებული საფლავების გადასინჯვით და პანთეონში დასატოვებლად განკუთვნილი საფლავების დაზუსტებით დაინტერესებულმა თბილისის ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური საბჭო, რომელშიც შევიდნენ გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები: ივანე ჯავახიშვილი, შალვა დადიანი, გიორგი ლეონიძე, და სხვები. ქართველების საზოგადოებრიობის გადაწყვეტილებით, პანთეონის კეთილმოწყობის სამუშაოების შესრულებასთან ერთად, აქ გადმოასვენეს ნიკოლოზ ბარათაშვილის (1938), ვაჟა-ფშაველას (1935), იაკობ გოგებაშვილის (1940) და უშანგი ჩხეიძის (2000) ნეშტები დიდუბის პანთეონიდან, დ. ერისთვის ნეშტი კალოუბნის ეკლესიიდან (1930), კოტე მარჯანიშვილის ნეშტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სკვერიდან (1964). პანთეონის საფლავის ძეგლთა ავტორები არიან მოქანდაკეები: ბ. ავალიშვილი, ე. ამაშუკელი, მ. ბერძენისვილი, ვ. დემუტ-მალინოვსკი, დ. კაკაბაძე, ს. კამპიონი, ი. ნიკოლაძე, ი. ოქროპირიძე, გ. ოჩიაური, ფ. ხოდოროვიჩი და სხვა. XX საუკუნის 70-იანი წლებიდან თბილისის საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს ახალი პანთეონი, რომელიში დაკრძალულთა რაოდენობამ სადღეისოდ 200-ს გადააჭარბა. XX საუკუნის გამოჩენილ მოღვაწეთა გარკვეული ნაწილი დაკრძალულია პანთეონებთან გათანაბრებულ ადგილებში, სკვერებსა და პარკებში, ამ მხრივ განსაკუთრებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. წ. ეზო-სავანე, სადაც განისვენებენ უნივერსიტეტის დამფუძნებელ-დამაარსებლები: ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, დიმიტრი უზნაძე, კორნელი კეკელიძე, გ. ჩუბინაშვილი, გ. წერეთელი, ივ. ბერიტაშვილი, გ. ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, აკაკი შანიძე. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სკვერში დაკრძალულნი არიან: ვანო სარაჯიშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, ზურა ანჯაფარიძე. კონსტანტინე გამსახურდია დაკრძალულია მისი სახლის- „კოლხური კოშკის“ ეზოში, კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი- კინოსტუდიის პარკში, ხოლო ნოდარ დუმბაძე განისვენებს მის მიერვე დაარსებულ ბავშვთა ქალაქის „მზიურის“ ტერიტორიაზე.