ბორის პაიჭაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პაიჭაძე, ბორის)
ბორის პაიჭაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ბორის სოლომონის ძე პაიჭაძე
დაბადების
თარიღი
3 თებერვალი, 1915[1]
დაბადების
ადგილი
ონჭიქეთი, ჩოხატაური,
ოზურგეთის მაზრა,
ქუთაისის გუბერნია,
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების
თარიღი
9 ოქტომბერი, 1990 (75 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 170 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1934–1935 ზიი თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1936–1951 დინამო თბ. 195 (111)
სამწვრთნელო კარიერა
1953–1954 დინამო თბილისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბორის პაიჭაძე (დ. 3 თებერვალი, 1915, ონჭიქეთი, ჩოხატაური, რუსეთის იმპერია — გ. 9 ოქტომბერი, 1990, თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე, საპატიო ნიშნის, შრომის წითელი დროშისა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი.[2][3][4][5][6]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორის პაიჭაძე 1915 წლის 3 თებერვალს, სოფელ ონჭიქეთში, სოლომონ პაიჭაძისა და ოლღა ტუღუშის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა.[7][კომ. 1][8][კომ. 2] რამდენიმე წლის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ონჭიქეთიდან ფოთში გადადის, სადაც 7 წლის ბორისი ფოთის ოთხკლასიან სკოლაში შეყავთ სასწავლებლად. იმ პერიოდის საქართველოს დანარჩენი კუთხეებისგან განსხვავებით ფოთში ფეხბურთი უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან სპორტის ეს სახეობა ინგლისელ მეზღვაურებს პირველად სწორედ აქ შემოაქვთ და „დინამოს“ მომავალი კაპიტნის საფეხბურთო ოდისეაც ამ ზღვისპირა ქალაქიდან იწყება. ფეხბურთისადმი ადგილობრივი მოსახლეობის განსაკუთრებული ინტერესი თანდათან შეუქცევად ხასიათს იღებს და მალევე არღვევს სათამაშო აზარტისა თუ სიახლისადმი ცნობისმოყვარეობის პირობით საზღვრებს. ტყავის ბურთის წინ და უკან თუ აქეთ-იქით გორება მოკლე დროში სპორტული საქმიანობის იერსახეს იძენს და ქალაქში ერთიმეორის მიყოლებით იქმნება სამოყვარულო საფეხბურთო გუნდები, მათ შორის: ნავსადგურის მუშათა გუნდი, გემთშემკეთებელი ქარხნის გუნდი, რკინიგზელთა გუნდი, „რემედასი“, „ურანი“, მოგვიანებით — ფოთის პირველი და მეორე საფეხბურთო ნაკრები, რომელთა რიგებშიც იმ დროის კვალობაზე საკმაოდ კარგი მონაცემების ახალგაზრდა, ძლიერი და ტექნიკური მოთამაშეები გამოდიან და თვითმხილველებისა და ფეხბურთის ისტორიკოსების გადმოცემით ხშირად ტოლს არ უდებენ „საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებში“ მათზე ბევრად გამოცდილ ბრიტანელ თუ სხვა უცხოელ „კოლეგებს“.[9][კომ. 3]

ბორის პაიჭაძეს სხვადასხვა ინტერვიუსა თუ საუბარში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ის და მისი თანატოლები თითქმის არცერთ თამაშს არ აცდენდნენ და მისივე სიტყვებით — ერთად იზიარებდნენ ადგილობრივი საფეხბურთო ციებ-ცხელებით გამოწვეულ ემოციებსა თუ შთაბეჭდილებებს.[10]

16 წლის ბორის პაიჭაძე ფოთის გემთშემკეთებელი ქარხნის გუნდში იწყებს თამაშს, სადაც 1934 წლამდე გამოდის. ამის შემდეგ, მომდევნო ორი წელი ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის[კომ. 4] გუნდის რიგებშია, რომელიც სასწავლებლის რუსული სახელწოდების აბრევიატურის მიხედვით თბილისის ზიი-ს[კომ. 5] სახელით ასპარეზობს.[11][კომ. 6]

თავიდან ინსტიტუტის მეორე გუნდში იწყებს თამაშს, სადაც მასთან ერთად არჩილ კიკნაძე, მიშა ცენტერაძე, ვალიკო არსენიშვილი, ლევან ღუდუშაური და სხვები გამოდიოდნენ. მომდევნო 1935 წლიდან უკვე ინსტიტუტის პირველ გუნდშია, რომელიც ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად ითვლებოდა საქართველოში. მასთან ერთად პირველ გუნდში თამაშობდნენ: იურა კასრაძე, გვაჩი ჯორბენაძე, გიორგი ჭუმბურიძე, მიშა მინაევი, ვალია კოძისი, გერმან კირილოვი, მიშა ბოლოტინი, სერგო სიხარულიძე, კაკო ყალიჩავა, ვახტანგ (დუკა) რამიშვილი და სხვები.[12] ინსტიტუტის პირველ გუნდში თამაშის ამ პერიოდს თავად ბორის პაიჭაძე ასე იხსენებს:

ვიკიციტატა
„...მე, როგორც მარცხენა შუამარბს, კვლავაც ჩემს ადგილზე თამაში მაძლევდა ხელს, მაგრამ მაშინ სერგო სიხარულიძეს უნდა დაეთმო თავისი მაისური, რაზედაც მან კატეგორიული უარი განაცხადა. სხვა რა გზა იყო, იძულებული ვიყავი შემეცვალა როლი. ასე გავხდი ცენტრალური თავდამსხმელი.“

იმ წელს თბილისის პირველობაზე ოთხი გუნდი მონაწილეობდა: „დინამო“, ზიი, ტსპო და ცეკავშირი: დინამოელთა რიგები ასე გამოიყურებოდა: ნ. ანიკინი, მ. ასლამაზოვი, ბ. ბერძენიშვილი, მ. ბერძენიშვილი, ვ. ბერძენიშვილი, გ. გაგუა, ა. დოროხოვი, ლ. კინწურაშვილი, ე. ნიკოლაიშვილი, ა. პანინი, ნ. სომოვი, შ. შავგულიძე. ტსპო-ს გუნდში გამოდიოდნენ: გ. აფრიდონიძე, ბ. ვორონინი, ბ. კიკვაძე, ს. შუდრა, ნ. ჩხატარაშვილი, შ. ჩხატარაშვილი და სხვები. თბილისის ჩემპიონის წოდება ზიი-მ მას შემდეგ მოიპოვა, რაც ქალაქის პირველობის ბოლო შეხვედრაში „დინამო“ ანგარიშით 4–2 დაამარცხა.[13]

თბილისის „დინამო“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამორჩეული საფეხბურთო მონაცემების ახალგაზრდა შეუმჩნეველი არ რჩებათ დედაქალაქის მთავარი გუნდის მესვეურებს და 1936 წელს მას თბილისის „დინამოში“ იწვევენ. დინამოელები იმ დროს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ანუ „ბ“ ჯგუფში გამოდიან. თბილისელთა მაისურით ბორის პაიჭაძე პირველად იმავე წლის 6 ივნისს — დნეპროპეტროვსკის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოდის მოედანზე და პირველივე შეხვედრაში ახერხებს მეტოქის კარის აღებას. მატჩი, რომელსაც 7 ათასი მაყურებელი დაესწრო,[კომ. 7] თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით (5–0) დასრულდა. თბილისელთა გუნდის ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე, ედუარდ ნიკოლაიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ბუკა ბერძენიშვილი, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი და ნიკოლოზ სომოვი.[14][15][კომ. 8][16][17]

1936 წლის შემოდგომაზე თბილისის „დინამო“ საკავშირო პირველობის „ა“ ჯგუფში ანუ უმაღლეს ლიგაში ინაცვლებს. თბილისის „დინამოში“ თამაშის ამ პერიოდს ბორის პაიჭაძე ასე იხსენებს:

ვიკიციტატა
„...ჩემპიონატი „დინამომ“ უჩემოდ დაიწყო. პირველი შეხვედრა მოსკოვის „სტალინეცთან“ გვქონდა და ფრედ 1:1 დავამთავრეთ. დასაწყისისათვის ცუდი შედეგი როდი გახლდათ, მაგრამ ტურნირში მონაწილე გუნდების რიცხვი და გათამაშების ფორმულა, რის მიხედვითაც უმაღლეს საფეხურზე ასვლა მხოლოდ პირველ ადგილზე გამოსულ კოლექტივს შეეძლო, ართულებდა მდგომარეობას. საჭირო იყო ქულათა მაქსიმალური რაოდენობის დაგროვება, თორემ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. მეორე მატჩში დნეპროპეტროვსკელები დიდი ანგარიშით — 5:0 დავამარცხეთ. ამჯერად დინამოელთა რიგებში ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციას მე ვასრულებდი. დამაჯერებლად მოვიგეთ დანარჩენი 4 შეხვერდრა და, როგორც ქვეჯგუფში გამარჯვებულებმა, სხვა 7 გუნდთან ერთად სსრ კავშირის უმაღლესი საფეხბურთო ტიტულისათვის ბრძოლის უფლება მოვიპოვეთ.“

თბილისის „დინამოს“ ისტორიაში საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის პირველ შეხვედრას 1936 წლის 7 სექტემბერს,[18] თბილისის „დინამოს“ სტადიონი მასპინძლობს. თბილისელები კიევის „დინამოს“ უპირისპირდებიან. შეხვედრას 10 ათასი მაყურებელი ესწრება. ამ ისტორიულ მატჩში თბილისელთა გუნდის ღირსებას იცავდნენ: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე,[კომ. 9] ბუკა ბერძენიშვილი, ნიკოლოზ ანიკინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, გრიგოლ გაგუა, ილია პანინი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ ასლამაზოვი და ნიკოლოზ სომოვი. ანგარიშს მატჩის მე-3 წუთზე სტუმრები ხსნიან, ბურთი შჩეგოცკის გააქვს (0–1). მე-17 წუთზე თბილისელთა თავდამსხმელი ნიკოლაი სომოვი ანგარიშის გაქვითვას ახერხებს (1–1).[19] პირველი ტაიმის მიწურულს პაიჭაძე კვლავ აწინაურებს თავის გუნდს (2–1). შეხვედრის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით აღინიშნა. თუმცა მატჩის დამთავრებამდე სამიოდე წუთით ადრე მსაჯი ვასილიევი თბილისელთა კარში ნიშნავს თერთმეტმეტრიანს, კიეველთა ნახევარმცველი ვლადიმერ გრებერი ზუსტი დარტყმით ანგარიშს ათანაბრებს და შეხვედრაც ფრედ (2–2) მთავრდება. ამ ისტორიული მატჩის შემდეგ ბორის პაიჭაძე საბოლოოდ იმკვიდრებს თავის ადგილს თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში.[20][21][22][კომ. 10]

თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ 1951 წლის 31 აგვისტოს, საკავშირო ჩემპიონატის 26-ე ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „სპარტაკის“ წინააღმდეგ ითამაშა. თბილისელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: ვლადიმერ მარღანია, ჯუმბერ რუსაძე, ვიქტორ პანიუკოვი, ვლადიმერ ელოშვილი, გივი ჯავახაძე, არჩილ კილაძე, კონსტანტინე გაგნიძე, გოგი ანთაძე, ბორის პაიჭაძე,[კომ. 11] ავთანდილ ღოღობერიძე და ავთანდილ ჭკუასელი. მატჩი, რომელსაც 70 ათასი მაყურებელი დაესწრო, მოსკოვში, „დინამოს“ ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით (4–2) დასრულდა. თბილისელთაგან ბურთები ჭკუასელმა და ღოღობერიძემ გაიტანეს.[23]

იყო საბჭოთა კავშირის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (1939, 1940), ოთხგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1936, 1946, 1947, 1950) და საბჭოთა კავშირის თასის სამგზის ფინალისტი.

თამაშის სტილი და შეფასებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველ ფეხბურთელებზე მრავალი სტატიისა და ნარკვევის ავტორის, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ გულბათ ტორაძის ერთ-ერთ ნარკვევში წარმოდგენილია როგორც ფეხბურთელებისა და ფეხბურთის მწვრთნელების, ასევე ბორის პაიჭაძის თამაშის თვითმხილველთა და გულშემატკივართა შეფასებები მისი თამაშის სტილსა და თავისებურებებზე, როგორც სპეციალისტთა ექსპერტული ანალიზის, ასევე ემოციურ შთაბეჭდილებათა თვალსაზრისით. ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი ბორის არკადიევი (1899–1986) გაზეთ „ფუტბოლ-ჰოკეიში“ 1975 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ასე აფასებდა ბორის პაიჭაძეს: „იგი სწრაფი და ამტანი იყო, ფლობდა ბურთის დამუშავების მაღალ ტექნიკას, მისი დარტყმა ძლიერი და ზუსტი იყო, ხოლო მუდამ წინ წარმართული ფინტების ხელოვნება, ტრიბუნების აღტაცებას და ერთსულოვან მოწონებას იწვევდა.“[24][25]

ფეხბურთის ცნობილი თეორეტიკოსისა და ჟურნალისტის მარტინ მერჟანოვის თქმით, ბორის პაიჭაძემ საბჭოთა კავშირში პირველმა დაარღვია ინგლისელთა მიერ დადგენილი საფეხბურთო სქემა (ე. წ. „დუბლვე“)[კომ. 12] და ადგილის სისტემური მონაცვლეობით მთელი თავდასხმის მანევრულ თამაშს მისცა დასაბამი: „უკანასკნელ წლებში შემთხვევა მომეცა მენახა დასავლეთ ევროპის ფეხბურთელთა გუნდების უძლიერესი თავდამსხმელების თამაში. ვნახე უნგრელი ჰიდეგკუტი, ავსტრიელი დინსტი, რუმინელი ენე, შვედი ნორდალი, გერმანელი ვალტერი, ინგლისელი კევანი, დაბოლოს, სახელგანთქმული ფრანგი კოპა. მათგან მხოლოდ ერთმა — რაიმონ კოპამ მომაგონა პაიჭაძის თამაში. სანამ იარსებებს ფეხბურთი, თაობიდან თაობას გადაეცემა ლეგენდა „მოხეტიალე ფორვარდის“ — ბორის პაიჭაძის შესახებ.“[26]

ანდრეი სტაროსტინი: „არის სახელები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია საბჭოთა ფეხბურთის კორიფეთა სია. ასეთი სახელების რიგს განეკუთვნება ბორის პაიჭაძე.“[24]

ანდრო ჟორდანია: „ეს იყო ისეთი თანდაყოლილი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი, იმდენი რამის გაკეთება შეეძლო, რომ თითქმის არ სჭირდებოდა ეგრეთ წოდებული საფეხბურთო ეშმაკობანი. მას ყველაფერი ჰქონდა მომადლებული: განსაცვიფრებელი ტექნიკა, ზუსტი და ძლიერი დარტყმა, ფიზიკური ძალა, გემოვნება, პლასტიკა, უმდიდრესი ფანტაზია. ერთი სიტყვით, ეს იყო უდიდესი ფეხბურთელი.[27] ჩვენს დროში იგი არანაკლებ დიდებას მოიმკიდა, ვიდრე დი სტეფანო ან პელე.“[25]

ლევ კასილი: „თუ კაცს ფეხბურთი უყვარს და მწვანე მოედანზე ერთხელ მაინც ჰყავს ნანახი ბორის პაიჭაძე, იგი ვეღარ დაივიწყებს ამ ფეხბურთელს. პაიჭაძე არა მარტო იწყებდა კომბინაციებს, არამედ თვითონაც სწრაფად იცვლიდა ადგილს, ზედმიწევნით ზუსტად ირჩევდა ხელსაყრელ პოზიციას და ყოველთვის იქ აღმოჩნდებოდა ხოლმე, საიდანაც „კვანძის გახსნა“ — მოწინააღმდეგის კარის აღება იყო მოსალოდნელი. დაუცხრომელი ენერგია, ტექნიკურ საშუალებათა მდიდარი არსენალი, ბურთის დამუშავებისა და ტარების უბადლო ოსტატობა, თამაშის ღრმად თავისებური სტილი და საკუთარი მოქმედების მკაცრად დაქვემდებარება, ორიგინალურად შერწყმა გუნდის მთელ თამაშთან, რომლის ჩანაფიქრსაც ხშირად თვითონვე ახორციელებდა მოედანზე — აი, თვისებები, რომელთაც მწვანე მინდორზე საყოველთაო აღიარება და ერთსულოვანი სიმპათია მოუპოვეს ამ საუცხოო ფეხბურთელს. ბორის პაიჭაძეები არ მეორდებიან. მათი ყოველი ნაბიჯი ისტორიის კუთვნილებაა.“[28][25]

გულბათ ტორაძე: „ჩემთვის, ბორის პაიჭაძე ქართველი ფეხბურთელების თანავარსკვლავედში უცილობელ ლიდერს, ფლაგმანსა და სიმბოლოს წარმოადგენს. მეტსაც ვიტყვი — იგი ქართული ფეხბურთის გენერალისიმუსია. მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ბორის პაიჭაძემ ქართველ ხალხს უდიდესი სპორტული, ფსიქოლოგიური და ესთეტიკური სიხარული მიანიჭა. თაობათა გმირი იყო, სათაყვანებელი კერპი, — აღტაცებულ სტრიქონებს არა მხოლოდ სპორტული ჟურნალისტები, პოეტებიც რომ უძღვნიდნენ. დღეს, როცა საშუალება გვაქვს დამშვიდებით გავაანალიზოთ ჩვენი დაკვირვებები და შთაბეჭდილებები, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ბორის პაიჭაძე არაფრით ჩამოუვარდებოდა ტყავის ბურთის აღიარებულ დიდოსტატებს და ბევრ მათგანზე მაღლაც კი იდგა თავისი ხალასი სპორტული ინდივიდუალობით.“[25][29]

ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელი, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1960 წლის ევროპის თასის მფლობელი, ამასთან ფინალში გამარჯვების მომტანი „ოქროს გოლის“ ავტორი ვიქტორ პონედელნიკი მიიჩნევდა, რომ სწორედ ბორის პაიჭაძემ განსაზღვრა ქართული ფეხბურთის სტილი: „პაიჭაძე ჩემთვის გამორჩეული, დიდი ფეხბურთელის ეტალონად იქცა. რა გვიზიდავდა მის თამაშში, — უპირველესად ის, რომ იგი იყო ორგანიზატორი, მიუძღვოდა მთელ გუნდს როგორც კაპიტანი, და ასეთად დარჩა მეხსიერებაში — ელვარე ნიჭისა და დაუოკებელი ენერგიის მქონე ფეხბურთელად, რომელიც უმაღლეს საფეხბურთო ტექნიკას ფლობდა.“

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სსრ–ის დროშა დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1936, 1937, 1946 [30]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1937[კომ. 13]
  • გრიგორი ფედოტოვის სახელობის „ასიანთა კლუბის“ წევრი: 136 გოლი [31][32]
  • საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1998 [33]

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორის პაიჭაძე № 253
ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი  — 1957 წითელი ვარსკვლავის ორდენი  — 1946 საპატიო ნიშნის ორდენი  — 1941

1937 წლის 24 ივლისს მონაწილეობა მიიღო თბილისის „დინამოს“ პირველ საერთაშორისო შეხვედრაში ბასკეთის საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ.[34]

1941 წლის 24 თებერვალს დაჯილდოვდა საპატიო ნიშნის ორდენით.

1944 წლის 14 ივლისს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.

„ფეხბურთის კარუზო“ — ბორის პაიჭაძეს ეს სახელი რუმინეთში, 1945 წლის დეკემბერში თბილისის „დინამოს“ საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ფარგლებში გამართული ტურნეს დროს ადგილობრივმა პრესამ უწოდა.[35][36]

1947 წლის 2 მაისს საკავშირო პირველობის პირველი ტურის მატჩში მოსკოვის „კრილია სოვეტოვის“ წინააღმდეგ თბილისის „დინამოს“ სტადიონზე სტუმართა კარში დინამოელთა ისტორიაში[კომ. 14]მესამასე საიუბილეო გოლი გაიტანა.[37][38]

1950 წლის 18 ივნისს საკავშირო პირველობის მე-15 ტურის მატჩში თბილისის „დინამო“ თბილისის „სპარტაკს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით 3–1 დამთავრდა. ოთხივე ბურთი ძმებმა პაიჭაძეებმა გაიტანეს — დინამოელთაგან სამივე ბორისმა შეაგდო, ხოლო სპარტაკელთაგან — ავთო პაიჭაძემ.[39][25]

ამ დრომდე არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით სათამაშო კარიერის განმავლობაში ჩატარებულ ოფიციალურ შეხვედრებში ბორის პაიჭაძეს მსაჯთაგან არცერთი გაფრთხილება არ მიუღია.[40][41][25]

ბორის პაიჭაძემ სათამაშო კარიერის განმავლობაში სულ 8 ჰეთ-თრიკი შეასრულა და საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში ამ მაჩვენებლით, უკრაინელ ოლეგ პროტასოვთან ერთად, მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს. მას მხოლოდ გრიგორი ფედოტოვი (12 ჰეთ-თრიქი), ალექსანდრე პონომარიოვი (10) და ნიკიტა სიმონიანი (9) უსწრებენ.[42]

1956 წლის დეკემბერში ფოთის „ვოდნიკის“ სტადიონზე გაიმართა მატჩი ადგილობრივ ნაკრებ გუნდსა და ქალაქის ვეტერან ფეხბურთელებს შორის, რომლებიც წინათ რესპუბლიკის წამყვან გუნდებში თამაშობდნენ. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოწვია. გულშემატკივართა შორის იყვნენ ძველი ფეხბურთელები, რომლებიც თავის დროზე ფოთის სპორტულ პრესტიჟს იცავდნენ ინგლისელ მეზღვაურებთან შეხვედრებში.[კომ. 15]მატჩის სანახავად მოვიდა ფეხბურთის გულშემატკივარი 1908 წლიდან ლ. განგია. ვეტერანთა შემადგენლობაში იყვნენ ვლადიმერ ჯორბენაძე, ვ. კინწურაშვილი, ოთარ კინწურეიშვილი, ლუარსაბ ლოლაძე, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ პაიჭაძე, აკაკი ყალიჩავა, გიორგი ანთაძე და სხვები.[კომ. 16] თამაში დამთავრდა ანგარიშით 5–2 ვეტერანთა სასარგებლოდ.[43][44]

1957 წელს დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით.

1963–1985 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ სტადიონის დირექტორი.

1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე ბორის პაიჭაძე 765 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[45][46]

1974 წელს მიენიჭა საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება.

1975 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ნაწარმოები, რეჟისორ ნანა მჭედლიძის კომედიური ჟანრის მხატვრული ფილმი „პირველი მერცხალი“, რომელიც საქართველოში ფეხბურთის პირველ ენთუზიასტებზე მოგვითხრობს. ფილმში ერთ-ერთ ეპიზოდურ როლს ვასილ ჩხაიძესთან (ელიზბარი) ერთად ბორის პაიჭაძე (ბორისი) ასრულებს.[47][კომ. 17][48]

1988 წელს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის ბორის პაიჭაძეს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.[კომ. 18][49][50]

1995 წლის 29 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნა ლეგენდარული ფეხბურთელის ძეგლი.[25]

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა[კომ. 19] საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად ბორის პაიჭაძე საქართველოს XX საუკუნის მეორე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.[51][52]

მის სახელს ატარებს მთავარი და ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი საქართველოში, რომელიც თბილისის „დინამოს“ საშინაო მოედანია.[53][კომ. 20]

2001 წლის 26 მარტს სპეციალურმა კომისიამ ბორის პაიჭაძე XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.[54][კომ. 21][55]

2015 წლის 3 თებერვალს რუსთავში, ბორის პაიჭაძის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემიაში ბორის პაიჭაძის მემორიალური დაფა გაიხსნა, ხოლო აკადემიას ბორის პაიჭაძის სახელი მიენიჭა.[კომ. 22] იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ გაგრძელდა, სადაც დემიკო ლოლაძისა და ოთარ გაგუას ავტორობით შექმნილი წიგნის — „ბორის პაიჭაძე“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ ბორის პაიჭაძის ოჯახის წევრები, სფფ-ის ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები და გულშემატკივრები, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.[54]

2015 წლის 3 თებერვალს თბილისში, შოთა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, ბორის პაიჭაძის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. საიუბილეო საღამოს ბორის პაიჭაძის ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები, ოფიციალური პირები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, თბილისის და ფოთის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.[56][57][58]

2015 წლის 3 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაწესდა ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისათვის.[59][კომ. 23][60][კომ. 24][კომ. 25]

2015 წელს ბორის პაიჭაძის ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ, საგამომცემლო პროექტის — „ქართული სპორტის დიდი სახელები“ — ფარგლებში (პროექტის ავტ. და რედ. გიორგი გორგოძე) გამოსცა წიგნი სახელწოდებით — „ბორის პაიჭაძე 100“. წიგნზე მუშაობდნენ: ზაზა ასანიშვილი, ილია ბაბუნაშვილი, თამაზ მიგრიაული. წიგნში გამოყენებულია ბორის პაიჭაძის საარქივო ფოტოები.[61]

„ქართული ფეხბურთის ბერმუხა“ — ანდრო ჟორდანიას მსგავსად, ამ სახელით დარჩა ქართული სპორტის ისტორიაში ბორის პაიჭაძეც. ათეულობით წლების განმავლობაში ფეხბურთის, თბილისის „დინამოსა“ თუ ბორის პაიჭაძისადმი მიძღვნილ მრავალრიცხოვან სტატიებში, ნარკვევებსა თუ წიგნებში, მისი თანამედროვე თუ მომდევნო თაობების ჟურნალისტები, პუბლიცისტები და ფეხბურთის მკვლევარები მას ყველა დროის უპირველეს ქართველ ფეხბურთელად მიიჩნევენ და ერთსულოვნად აღნიშნავენ მის განსაკუთრებულ დამსახურებას ქართული ფეხბურთის წინაშე.[კომ. 26][35]

საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად.[6][62][63][კომ. 27][64][კომ. 28][65][კომ. 29]

დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის — მარგარიტა გვეტაძის და შვილების — ოთარ (1941–1967) და რამაზ (1939–2012) პაიჭაძეების გვერდით.[66]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერიოდიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
თემატური საიტები
Bombarder.narod.ru · dinamo-tbilisi.ru · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · Footballplayers.ru · WorldFootball.net
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ქართველი სპორტსმენები · უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია
გენეალოგია და ნეკროპოლისტიკა
geonecropol.com · Спортивный некрополь · Find a Grave
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ელექტრონული რესურსების პორტალი
ვიდეო
ბორის პაიჭაძე 100 · Film Archive of Georgia · ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილე
მედია
„თბილისელები“ · კვირის პალიტრა · Lelo.ge · Sport Express · Sputnik საქართველო

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სოლომონ პაიჭაძეს და ოლღა ტუღუშს 6 შვილი ჰყავდათ — ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი. ბორისი 5 წლის იყო, მისი ოჯახი ფოთში რომ დასახლდა. სოლომონი პორტში მტვირთავთა ბრიგადირად მუშაობდა.
  2. თბილისის „დინამოს“ პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი ბორის სოლომონის ძე პაიჭაძე დაიბადა 1915 წლის 3 თებერვალს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ონჭიკეთში და არა, როგორც ამბობენ, ფოთში (ინფორმაციას ამის შესახებ სპორტული ჟურნალისტი ოთარ გაგუა ავრცელებს). მომავალი ფეხბურთელი ქალაქ ფოთში 5 წლის ასაკში ექვს და-ძმასთან ერთად გადასახლდა.
  3. ქალაქის პირველ ნაკრებში თამაშობდნენ: მეკარე შალვა დარჩია, რუბენ ალხაზოვი, გიორგი ღოღობერიძე, შალიკო პაიჭაძე, ვანია მიქაძე, ჯორჯი ნიკოლაიშვილი, ძმები გოგი და კოლია გოგინავები, ეფრემ ლაითაძე, იონა ყურუა, გრიშა ხორავა და სხვები. მეორე ნაკრების შემადგენლობაში იყვნენ: დუშა ვეკუა, მიტრო ასათიანი (მაკტარელას განთქმული ოსტატი), პანაი კურჩიდი, კაკო აფხაზავა, კოტე გუნია, ფედია სეროპინასი, ფანტი კვანტალიანი, მაყა ხორავა და სხვები. „ურანის“ გუნდში თამაშობდნენ: ედვარდ ნიკოლაიშვილი, ცაგუ ჭითანავა, მიშა ანთაძე, აკაკი ჟღენტი, ვალოდია შუბლაძე, მიშა ზიმლიცკი, ვასიკო შუბლაძე, საშა ალიმონაკი, გიგა ლეჟავა, გრიშა იმნაძე, ანდრო გაბუნია, ვალია პაიჭაძე და სხვები.
  4. ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი (რუს. Закавказский индустриальный институт).
  5. თბილისის ზიი (რუს. ЗИИ Тбилиси).
  6. დგანან (მარცხნიდან მარჯვნივ): ნ. ლარიონოვი (არბიტრი), მიხეილ მინაევი, აკაკი ყალიჩავა, გიორგი ჭუმბურიძე, იური კასრაძე, ვალენტინ (ვალია) კოძისი, გერმან კირილოვი, ბორის პაიჭაძე, ვახტანგ რამიშვილი, სერგო სიხარულიძე, მიხეილ ბოლოტინი, ვლადიმერ ჯორბენაძე, არჩილ კიკნაძე, ვალიკო არსენიშვილი, ა. ქოიავა.
  7. სხვა წყაროების მიხედვით შეხვედრას 15 ათასი მაყურებელი დაესწრო. ციტატა: „...შეხვედრამ დიდი სპორტული ინტერესი გამოიწვია. სტადიონზე თავი მოიყარა 15 000 მაყურებელმა.“ იხ. სტატია „ორი „დინამოს“ ფეხბურთელების შეხვედრა“ // „კომუნისტი“, 08.06.1936, № 131 (4590), გვ. 4.
  8. პაიჭაძის გარდა გოლი 57' ბურთები გაიტანეს მიხეილ ასლამაზოვმა გოლი 48', ვლადიმერ ბერძენიშვილმა გოლი 78' და მიხეილ ბერძენიშვილმა გოლი 75', გოლი 81'.
  9. შეხვედრის მეოთხე წუთზე შოთა შავგულიძე ედუარდ ნიკოლაიშვილმა შეცვალა.
  10. სხვა წყაროების მიხედვით პენალტი თბილისელთა კარში გაიტანა არა ვლადიმერ გრებერმა, არამედ კონსტანტინე შჩეგოცკიმ. იხ. გაზ. „ფიზკულტურელი“, 07.09.1936 // ციტატა:„... За три минуты до конца игры судья тов. Васильев назначает штрафной удар пенальти в ворота Тбилиси, успешно реализованный Щегодским. Счет 2–2 не меняется до конца игры. Таким образом, свой первый матч по группе «А» тбилисцы закончили вничью получив 2 очка из 3 возможных.“.
  11. მატჩის მსვლელობისას ბორის პაიჭაძე იური ვარდიმიადიმ შეცვალა.
  12. იმ პერიოდში ინგლისელების მიერ დამკვიდრებული „დუბლვეს“ სისტემა მკაცრად განსაზღვრავდა მოედანზე თავდამსხმელთა სათამაშო პოზიციას და მაგალითად, ცენტრფორვარდს გარემარბის ადგილზე თამაშს უკრძალავდა და პირიქით.
  13. ვასილი სმირნოვთან („დინამო“ მოსკოვი) და ლეონიდ რუმიანცევთან („სპარტაკი“ მოსკოვი) ერთად.
  14. იგულისხმება საკავშირო ჩემპიონატების უმაღლესი ლიგის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებში გატანილი გოლები.
  15. ი. ყურუა, ძმები გოგინავები, ა. თურქიანი, გ. ხორავა, მ. გვალია და სხვ.
  16. სხვადასხვა მიზეზების გამო თამაშზე ვერ ჩამოვიდნენ ცნობილი ფოთელი ფეხბურთელები — გრიგოლ გაგუა, ასლან ხარბედია, აკაკი ელიავა, ვლადიმერ ბერძენიშვილი, ჯანსუღ კინწურეიშვილი და ტიტე ჯორჯიკია.
  17. ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა ბორის პაიჭაძემ ერთ-ერთი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა მხატვრულ ფილმში „პირველი მერცხალი“. მის შესახებ მსახიობი დიმა ჯაიანი შემდეგს იხსენებდა: „ბორის პაიჭაძე ძალიან არტისტული ადამიანი იყო. მთელი ევროპა „კარუზოს“ ეძახდა. მის თამაშს სამწუხაროდ ვერ მოვესწარი. აბა, მოუყევი ბიჭებს რამეო — ეტყოდა დოდო აბაშიძე და ისიც გვიამბობდა საინტერესო ეპიზოდებს. ჩვენც გატრუნულნი ვუსმენდით. მაშინ ამბობდნენ, ბორის პაიჭაძეს მარჯვენა ფეხი „დალუქული“ ჰქონდა, ამ ფეხით ვერ დაარტყამდა კარშიო. ნეტავ ვინ იგონებს ამგვარ ამბებსო, — იცინოდა. — ერთადერთი, რუმინეთში იყო, ბურთს დავარტყი და კარის ძელი გავტეხეო. ეს მომენტი ფილმში შეიტანა ქალბატონმა ნანამ. როცა ტელევიზიით ფეხბურთს ვუყურებდით, ხმას ჩაუწევდა ხოლმე. კომენტატორი ან ეროსი უნდა ყოფილიყო, ან კოტე მახარაძე, რომ ხმა არ ჩაეწია. სულით და გულით გვავარჯიშებდა ფეხბურთში. ყველას ჰგონია, ფილმში ჩვენი ფეხები არ არის და პროფესიონალი ფეხბურთელებია გადაღებული. ასე არ არის, ჩვენ ვართ. ამის მისაღწევად არაადამიანურად გვაშრომებდა ბატონი ბორისი. დილის რვა საათზე გვაღვიძებდა და რამდენიმე საათის განმავლობაში მინდორზე გვარბენინებდა. ყველაზე მონდომებული ბატონი დოდო აბაშიძე იყო, გვჯობდა კიდეც სირბილში“.
  18. მასთან ერთად ამავე წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: ვიქტორ გოცირიძეს, ალექსანდრე დათაშვილს, მარიამ ლორთქიფანიძეს, მელორ სტურუას და მედეა ჯაფარიძეს.
  19. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა.
  20. არქიტექტორები: გია ქურდიანი, არჩილ ქურდიანი; ტევადობა: 54 139; საფარი: ბუნებრივსაფარიანი მოედანი; ფაქტები: გახსნა — 1936, რეკონსტრუქცია — 1976, რეკონსტრუქცია — 2006, რეკონსტრუქცია — 2015. 2011 წლიდან მოიხსენიება როგორც ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა.
  21. 2001 წლის 26 მარტს, სპეციალურმა კომისიამ (ფეხბურთის სპეციალისტები, ჟურნალისტები, ვეტერანები) თბილისის ფილარმონიაში გამართულ საზეიმო გალა-დაჯილდოებაზე ბორის პაიჭაძე საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა.
  22. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, აკადემიას ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. ფედერაციის პრეზიდენტმა და რუსთავის მერმა მემორიალური დაფა გახსნეს, რომელიც ამიერიდან ყველას აუწყებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია ლეგენდარული ბორის პაიჭაძის სახელს ატარებს. ღონისძებას ესწრებოდნენ: სფფ-ის ხელმძღვანელები, აკადემიის კურატორი უეფადან – ჟან-ფრანსუა დომერგი, ქალაქ რუსთავის მერი – დავით ჯიქია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – კახა ცხადაძე, ვეტერანი ფეხბურთელები, სფფ-ის საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელები და მათი მწვრთნელები, ბორის პაიჭაძის ოჯახის წევრები.
  23. გასული საუკუნის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის სახელი დღეიდან ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას ოფიციალურად მიენიჭა. მაისში კი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს ბორის პაიჭაძის სახელობის სპეციალური პრიზი გადაეცემა.
  24. მიმდინარე სეზონიდან (2015) საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირს ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი გადაეცემა.
  25. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაინერგება – ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი. ამიერიდან, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირს, ყველა სეზონის ბოლოს, ფეხბურთის ფედერაციისგან გადაეცემა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის სახელობის პრიზი.
  26. ციტატა: „...მართალი გითხრათ, ჯერ არ შემხვედრია ფეხბურთის პატივისმცემელი და გათვითცნობიერებული კაცი, რომელსაც პაიჭაძის პირველობაში ეჭვი შეჰპარვოდეს. პირველი ადგილი ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ყველა თაობამ მას მიაკუთვნა. ასეთივეა თვით ფეხბურთელების, სპეციალისტების აზრიც.“ იხ. გოგელია, არჩილ., ასეთია სპორტული ცხოვრება // 1986. — გვ. 134.
  27. ჩვენი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ბორის პაიჭაძეს, რომლის დაბადებიდან 3 თებერვალს 100 წელი შესრულდა, სამართლიანად უწოდეს „ქართული ფეხბურთის ბერმუხა“. დაარქივებულია ორიგინალიდან.
  28. ბორის პაიჭაძე პირველია, ვისი სახელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში. დაარქივებულია ორიგინალიდან.
  29. ბევრი სპეციალისტის აზრით, საქართველოში ფეხბურთი მასზე უკეთ არავის უთამაშია. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ევროპაში მისი თამაში პირველად რომ ნახეს, „ფეხბურთის კარუზო“ შეარქვეს.
  30. ბორის პაიჭაძე. საიუბილეო მარკა. 2015 წელი ავტ. გ. ქართველიშვილი.
  31. ბორის პაიჭაძის ქანდაკება მისივე სახელობის სტადიონის შესასვლელთან.
  32. მარცხნიდან: მიხეილ იაკუშინი, ბორის პაიჭაძე, დავით ცომაია, ანატოლი აკიმოვი, ვახტანგ რამიშვილი და სერგო სიხარულიძე, 1966 წელს ინგლისში.
  33. ბორის პაიჭაძის ბიუსტი მისივე სახელობის სტადიონის ეზოში.
  34. საიუბილეო მარკა, ბორის პაიჭაძე. ფიფა-ს 100 წელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კაცი, რომელიც გულმა დაინახა // mygoals.ge
  2. Всё о футболе. - М.: «Физкультура и спорт», 1972. — გვ. 334.
  3. Винокуров В. И., 1972, გვ. 334
  4. Соскин А. М., 1972, გვ. 334.
  5. ბერიშვილი, ე., 2013, გვ. 186.
  6. 6.0 6.1 ტორაძე, გ., 1987, გვ. 4–19.
  7. გაგუა, ო., 1975, გვ. 13–14.
  8. ბესო გვაზავა (16 ოქტომბერი, 2013). ბორის პაიჭაძე — ფეხბურთის კარუზო
  9. გაგუა, ო., 1975, გვ. 15–16.
  10. გაგუა, ო., 1975, გვ. 17–20.
  11. ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის საფეხბურთო გუნდი (ЗИИ)
  12. გაგუა, ო., 1975, გვ. 38.
  13. გაგუა, ო., 1975, გვ. 39.
  14. «Динамо» Тифлис 5–0 «Динамо» Днепропетровск // Группа «Б». 06.06.1936.
  15. «Динамо» Тифлис 5–0 «Динамо» Днепропетровск // fc-dynamo.ru
  16. ორი „დინამოს“ ფეხბურთელების შეხვედრა // „კომ.“, 08.06.1936, № 131, გვ. 4.
  17. Протоколы чемпионата 1936в Динамо (Тбилиси) // fc-dynamo.ru
  18. მამულაშვილი, ვ., 1957, გვ. 16–18.
  19. ზუსტად 60 წლის წინ // „ლელო“, 7 სექტემბერი, 1996, № 54 (11014), გვ. 1, 4.
  20. «Динамо» Тбилиси 2–2 «Динамо» Киев // Чемпионат СССР 1936 (о). Группа «А»
  21. Динамо (Тбилиси) 2–2 Динамо (Киев). fc-dynamo.ru. ციტირების თარიღი: 29 აპრილი, 2022
  22. Динамо (Тбилиси) 2–2 Динамо (Киев) // 07.09.1936. Тбилиси. Стадион «Динамо»
  23. «Спартак» Москва 4–2 «Динамо» Тбилиси // 26-й тур. 31.08.1951. Москва
  24. 24.0 24.1 ტორაძე, გ., 1987, გვ. 5.
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 25.4 25.5 25.6 „ლელო“, 3 თებერვალი, 2010, № 26 (13014), გვ. 5.
  26. ბორის პაიჭაძე // საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
  27. გოგელია, არჩილ., 1986, გვ. 136–137.
  28. გაგუა, ო., 1975, გვ. 3–4.
  29. ტორაძე, გ., 1987, გვ. 4.
  30. «Спартак» Москва 3–2 «Динамо» Тбилиси // Кубок СССР 1946. Финал. 20.10.1946
  31. Черневич Г. Л.; Школьников Е. А., 2003, გვ. 335
  32. Борис Пайчадзе – Клуб Григория Федотова // klubfedotova.ru
  33. საქართველოს XX საუკუნის ნაკრები // msy.gov.ge
  34. თბილისის „დინამოს“ პირველი საერთაშორისო მატჩი // madatovi.com.ge
  35. 35.0 35.1 გოგელია, არჩილ., 1986, გვ. 134.
  36. Турне в Румынию в 1945 году // dinamo-tbilisi.ru
  37. „დინამოს“ საიუბილეო გოლები // „სარბიელი“, 07.12.1996, № 130 (355), გვ. 6.
  38. «Динамо» (Тбилиси) 2–1 «Крылья Советов» (Москва) // dinamo-tbilisi.ru
  39. «Спартак» Тбилиси 3–1 «Динамо» Тбилиси // Класс «А». 15-й тур. 18.06.1950
  40. Пайчадзе Борис Соломонович. Игры // footballfacts.ru
  41. ტორაძე, გ., 1987, გვ. 10.
  42. რატომ ითამაშა ბორის პაიჭაძემ თურქეთის ნაკრებში?
  43. თამაშობენ „მოხუცები“ // „ლელო“, 16 დეკემბერი, 1956, № 101 (1011), გვ. 4.
  44. თამაშობენ „მოხუცები“ // „ლელო“, 16 დეკემბერი, 1956, № 101 (1011), გვ. 4.
  45. პაიჭაძე და ძმანი მისნი... // „ლელო“, 16 მაისი, 1968, № 95 (3579), გვ. 2–3.
  46. 1921–1968: საქართველოს ნაკრები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-01. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
  47. პირველი მერცხალი (1975) // georgian-cinema.ge
  48. პირველი მერცხალი: ერის ისტორიული ცხოვრების ალეგორია // fortuna.ge
  49. თბილისის საპატიო მოქალაქეები. 1988 წელი // tbilisi.gov.ge.
  50. საპატიო თბილისელები // ეროვნული ფოტომატიანე
  51. XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 2 მაისი, 2022
  52. საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
  53. ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა — ისტორია // fcdinamo.ge
  54. 54.0 54.1 სფფ-ის საფეხბურთო აკადემიას ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა // gff.ge
  55. „ფეხბურთის კარუზო“ — ბორის პაიჭაძე 9 ოქტომბერს გარდაიცვალა // reportiori.ge
  56. დღეს ბორის პაიჭაძის 100 წლის იუბილე აღინიშნება // old.newposts.ge
  57. В Тбилиси отметят юбилей легендарного грузинского футболиста Б. Пайчадзе. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-27. ციტირების თარიღი: 2022-04-27.
  58. ბორის პაიჭაძე — 100: იუბილე რუსთაველის თეატრში // mygoals.ge
  59. გაბელია, ნინო. ბორის პაიჭაძის საიუბილეო ღონისძიებები თბილისსა და რუსთავში
  60. თაბაგარი, ლაშა. საუკეთესო ბომბარდირისთვის პაიჭაძის სახ. პრიზი დაწესდა
  61. ბორის პაიჭაძე 100 // საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფია
  62. ტოპ 20 ყველა დროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი // goal.ge
  63. ბორის პაიჭაძე — „ბერმუხა“, „კარუზო“, „რაინდი“, „მოხეტიალე ფორვარდი“
  64. გოდუაძე, ლაშა. კარიერა ფრაზებში: ბორის პაიჭაძე // 03.02.2015, msy.gov.ge
  65. ჩიქვანაია, თ. ბ. პაიჭაძე — ქართული ფეხბურთის პატრიარქი „დიდი ურუგვაელი“
  66. ბორის პაიჭაძე (1915–1990) დაარქივებული 2022-07-05 საიტზე Wayback Machine. სპორტსმენები // geonecropol.com
  67. Stamp. Boris Paichadze 20 Georgian tetri. Stamp Number GE 344 // colnect.com