პავლოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

პავლოვა (ნამცხვარი) - არის ბეზეს კრემზე დაფუძნებული დესერტი, რომელსაც სახელი რუსი ბალერინა, ანა პავლოვას პატივსაცემად უწოდეს. ეს არის ბეზეს დესერტი, შესაბამისად, გააჩნია ძალიან ხრაშუნა და ფხვნიერი ზედაპირი, შიგნიდან კი ძალიან მსუბუქი, ფაფუკი ტექსტურა. მას, ჩვეულებრივ, ზემოდან ხილით და ათქვეფილი ნაღებით/კრემით რთავენ.[1]

პავლოვა

ითვლება, რომ დესერტი მოცეკვავის საპატივსაცემოდ შეიქმნა ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, ერთ-ერთი გასტროლის პერიოდში ან ოდნავ მოგვიანებით, 1920-იან წლებში. ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა კამათი იმის შესახებ, თუ რა ეროვნების იყო ამ ნამცხვრის შემქმნელი. ავსტრალიულ და ახალ ზელანდიურ ინგლისურში ნამცხვარს შემოკლებით "პავ"-საც უწოდებენ. [2]

პავლოვა ძალიან პოპულარული დესერტი და ეროვნული სამზარეულოს მნიშვნელოვანი ნაწილია ორივე ქვეყანაში. ძალიან მარტივი რეცეპტის გამო, მას ხშირად მიირთმევენ დღესასწაულების აღნიშვნისას. ეს დესერტი ძირითადად ზაფხულში (სამხრეთ ნახევარსფერო) მიირთმევა, განსაკუთრებით შობაზე და ახალ წელზე, მაგრამ ბევრ სახლში ის მთელი წლის განმავლობაში რეგულარულად მზადდება.

წარმოშობა და ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა პავლოვა

პავლოვას ადრეული ისტორია ავსტრალიას უკავშირდება, სადაც ძალიან მსგავსი დესერტის რეცეპტები იქნა აღმოჩენილი 1906 წლიდან, თუმცა ამ კერძს უბრალოდ "კრემის ნამცხვარს" უწოდებდნენ.[3]

ემილი ფუტერის 1922 წელს გამოცემულ წიგნში "Australian home cookery" გვხვდება რეცეპტი სახელწოდებით "ბეზე ხილით".[4] ეს არის პირველი ცნობილი რეცეპტი მსგავსი დესერტისთვის და თითქმის იდენტურია თანამედროვე პავლოვასი, თუმცა ამ სახელით ჯერ არ იყო ცნობილი.

დესერტი, სახელწოდებით "პავლოვა", სიდნეიში, ავსტრალიაში 1926 წელს გამოჩნდა Davis Gelatine კომპანიაში, მაგრამ ეს პავლოვა ბეზესგან კი არა, ჟელეს რამდენიმე ფენისგან შედგებოდა და კრემისა და ხილის გარეშე მზადდებოდა.

ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ პავლოვას წარმოშობა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის გარეთ მოხდა. ახალ ზელანდიელი ენდრიუ პოლ ვუდისა და ავსტრალიელი ანაბელ უტრეხტის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ თანამედროვე პავლოვსა და ავსტრია-უნგრულ დესერტ Spanische windtorte- ს შორის უამრავი მსგავსება აღმოაჩინა. ეს ნამცხვარი მოგვიანებით შეერთებულ შტატებში ჩაიტანეს, სადაც გერმანულენოვანმა ემიგრანტებმა ბეზეს დესერტს დაამატეს ათქვეფილი ნაღები და ხილი და შეარქვეს სახელი schaum torte ("ქაფის ნამცხვარი"). სიმინდის სახამებლის ამერიკულ შეფუთვებს, რომლის ექსპორტიც ახალ ზელანდიაში მოხდა, თან ერთვოდა სწორედ ამ ნამცხვრის რეცეპტი, რამაც მისი გავრცელება ახალ ზელანდიაში განაპირობა.[5]

მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პავლოვას ამზადებენ კვერცხის ცილის (და ზოგჯერ მარილის) ათქვეფით, სანამ მიღებული მასა საკმაოდ არ გამაგრდება. ათქვეფის პროცესში თანდათანობით უმატებენ შაქარს, ძმარს ან ლიმონის წვენს, სიმინდის სახამებელს, ზოგჯერ ვანილის და ძალიან ნელა აცხობენ.[6]

პავლოვა ავსტრალიაში

პავლოვას აქვს ხრაშუნა გარსი და აქვს რბილი, სველი, ზეფირის (მარშმელოუს) მსგავსი შიგთავსი, განსხვავებით ბეზესგან, რომელიც მთლიანად მყარია. სავარაუდოდ, ნამცხვარი ასეთ ტექსტურას სიმინდის სახამებლის დამატების შედეგად იღებს. ეს სირბილე პავლოვას მასას შედარებით უფრო მყიფეს ხდის, ვიდრე ბეზეს.პავლოვას ნამცხვარი ხშირად ეცემა დაბალ ტემპერატურაზე და ჰაეროვნებას კარგავს, ამიტომ, ღუმელის კარებს მხოლოდ მას შემდეგ აღებენ, როცა ნამცხვარი თავისით გაცივდება.[7]

პავლოვას ტრადიციულად ამშვენებს ათქვეფილი ნაღები/კრემი/ნაყინი და ახალი ხილი, როგორიცაა კივი, მარწყვი და ა.შ. ქარხანაში დამზადებული პავლოვების შეძენა შესაძლებელია სუპერმარკეტებში, მორთული ან მოურთავი. ასევე ხელმისაწვდომია პროდუქტი, რომელშიც წინასწარაა შეურეული ყველა საჭირო ინგრედიენტი და მხოლოდ წყლის და შაქრის დამატებას მოითხოვს.

მაცივარში შენახვის შემთხვევაში ნამცხვარი დასველდება და გარეგან ფხვიერებას დაკარგავს. უმჯობესია, პავლოვა ღუმელში ან ჰერმეტულად დაცულ კონტეინერში დარჩეს.

დღევანდელ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პავლოვა პოპულარულია შობის დღეს, როგორც დესერტი სამხრეთ ნახევარსფეროში, განსაკუთრებით ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში.

მსოფლიოს ყველაზე დიდი პავლოვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Te Papa-მ, ახალი ზელანდიის ეროვნულმა მუზეუმმა ველინგტონში, 1999 წელს, მისი დაარსებიდან პირველი დაბადების დღე მსოფლიოში უდიდესი პავლოვას შექმნით აღნიშნა, რომელსაც დაერქვა სახელწოდება "პავძილა" (პავლოვა+გოძილა) და ის ჩამოჭრა მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ჯენი შიპლიმ[8]. ეს რეკორდი მოხსნეს ახალ ზელანდიელმა აღმოსავლეთ ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტებმა 2005 წლის მარტში. მათი შექმნეს "პავკონგი"(პავლოვა+კინგ კონგი), რომლის სიგრძეც 64 მეტრი იყო, Te Papa-ს 45 მეტრიან პავლოვასთან შედარებით გაცილებით დიდი.[9] 2010 წლის აგვისტოში შეფ-მზარეულმა აარონ კემპბელმა გამოაცხო 50 კვადრატული მეტრის პავლოვა, რაგბის დეკორაციით, ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მიერ დაარსებული საქველმოქვედო ორგანიზაციისთვის ფულის დასაგროვებლად.[10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]