პავლე იაბლოჩკოვი
პავლე იაბლოჩკოვი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 2 (14) სექტემბერი, 1847[1] |
დაბ. ადგილი | Serdobsk |
გარდ. თარიღი | 19 (31) მარტი, 1894[1] (46 წლის) |
გარდ. ადგილი | სარატოვი[2] [1] |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია[3] |
საქმიანობა | გამომგონებელი[4] [3] და ინჟინერი |
ალმა-მატერი | ნიკოლაევის საინჟინრო სასწავლებელი |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი |
პავლე იაბლოჩკოვი (რუს. Па́вел Я́блочков; დ. 14 სექტემბერი, 1847, სარატოვი — გ. 31 მარტი, 1894, სარატოვი) — რუსი ინჟინერი, სწავლული ელექტრომექანიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტექნიკის მსოფლიო მნიშვნელობის მოღვაწე, ინჟინერი, სწავლული ელექტრომექანიკოსი პავლე იაბლოჩკოვი დაიბადა 1847 წლის 14 სექტემბერს სარატოვის გუბერნიის სერდობის მაზრაში. მისი მშობლები, გაღატაკებული მიწათმფლობელები, ცდილობდნენ შვილისათვის კარგი განათლება მიეცათ. 1859 წელს დედ-მამამ 12 წლის იაბლოჩკოვი გიმნაზიის მეორე კლასში შეიყვანეს. 1863-1866 წლებში იაბლოჩკოვი სწავლობდა საინჟინრო სასწავლებელში, სადაც მას ასწავლიდნენ ცნობილი რუსი მეცნიერები: ი. ვიშნეგრადსკი, გ, პაუკერი, ფ. ლასკოვსკი, ც. კიუი და სხვა. 1866 წელს, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, პ. იაბლოჩკოვი პოდპორუჩიკის ჩინით ჩაირიცხა მეხუთე მესანგრეთა ბატალიონში; შემდეგ იგი ოფიცრად მსახურობდა კიევის ციხის გარნიზონში.
პავლე იაბლოჩკოვის შრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საინჟინრო სასწავლებელში მიღებულმა განათლებამ პ. იაბლოჩკოვს გამომგონებლობისადმი ინტერესი გაუღვიძა. მას მრავალი საკითხი იტაცებდა, განსაკუთრებით ელექტროტექნიკაში. ამ პერიოდში რუსეთში ჩნდება პირველი გენერატორები თვითაღმძვრელით, რომლებიც სრულყოფილ წყაროებს წარმოადგენდნენ, კიევის ციხის ოფიცერი იაბლოჩკოვი ამ სფეროში მუშაობის საშუალებებს მოკლებული იყო, რის გამოც სამსახურიდან გადადგა.
იაბლოჩკოვის ოცნება იყო ცდების ჩატარება ელექტროტექნიკაში, რაც არც ისე ადვილი გამოდგა, რადგან მისი თეორიული მომზადება ამ მიმართულებით საკმარისი აღმოჩნდა. საჭირო იყო ცოდნის გაღრმავება, რის გამოც იაბლოჩკოვი ძველ სამსახურს უბრუნდება და ერთდროულად შედის იმ დროს რუსეთში ერთადერთ გალვანურ-ტექნიკურ სასწავლებელში. ამ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იაბლოჩკოვი მალე სამუდამოდ ანებებს თავს სამხედრო სამსახურს. ამ პერიოდიდან იწყება მისი მრავალმხრივი და ნაყოფიერი მოღვაწეობა ელექტროტექნიკაში, რასაც მთელი სიცოცხლე შეალია.
XIX საუკუნის 70-იან წლებში ელექტრობა ყველაზე მეტ გამოყენებას ტელეგრაფში პოულობდა. ამიტომ იაბლოჩკოვი გადავიდა მოსკოვ-კურსკის რკინიგზის ტელეგრაფის უფროსის თანამდებობზე. მოსკოვში მისი მოღვაწეობა ნაყოფიერი აღმოჩნდა: იგი მონაწილეობას ღებულობდა მოსკოვის პოლიტექნიკური გამოფენის მოწყობაში, ხშირად ესაუბრებოდა ადგილობრივ ფიზიკოსებს, გაეცნო ლოდოგონის ვარვარების ნათურას. ყოველივე ამის შემდეგ იაბლოჩკოვმა ორთქმავალზე გააკეთა ელექტრომანათობელი მოწყობილობა. მან მიზნად დაისახა ელექტრული რკალის ნათურების გაუმჯობესება, რასაც დრო სჭირდებოდა. ტელეგრაფში სამსახური კი ძალიან დიდ დროს ართმევდა მას. ამოტომ იაბლოჩკოვმა მის თანამოაზრე ნ. გლუხოვთან ერთად 1874 წელს მოსკოვში გახსნა ელექტრული ხელსაწყოების სახელოსნო, სადაც ორივე გამომგონებელს შეეძლო განეხორციელებია საკუთარი ჩანაფიქრი.ამ სახელოსნოში იქმნებოდა დინამომანქანები, უმჯობესდებოდა პლანტეს აკუმულატორები, ტარდებოდა ცდები პროჟექტორებით და სხვა.
1875 წელს სახელოსნოში მუშაობისას იაბლოჩკოვმა შექმნა შემდგომში „ელექტრულ სანთლად" წოდებული სინათლის წყარო ამ წელს იგი მუშობდა ელექტროლიზის გზით ქსოვილების მათეთრებლის მიღებაზე. ამას სუფრის მარილის ელექტროლიზის დროს ნახშირის ელექტროდები პარალელურად ჰქონდა ჩართული. მიახლოებისას ისინი ერთმანეთს ბოლოებით შეეხსნენ. რადგან ხსნარში მაღალი ძაბვის დენი გადიოდა, ელექტროდებს შორის გაჩნდა ელექტრული რკალი. ამ მოვლენის შემდეგ გადაწყვიტა მან შეექმნა ელექტრული სანთელი. ამავე წლის შემოდგომაზე სახელოსნოს ფინანსური მდგომარეობა შეიქმნა. იაბლოჩკოვს არც იმის იმედი ჰქონდა, რომ მეფის რუსეთი მის გამოგონებას გამოიყენებდა, რადგან იმდროინდელი რუსეთის ტექნიკა მეტად ჩამორჩენილი იყო. ამიტომ მან პარიზში წასვლა გადაწყვიტა. პარიზში იაბლოჩკოვმა გაიცნო ტელეგრაფის ცნობილი სპეციალისტი ფრანგი აკადემიკოსი ა. ბრეგე, რომელმაც იგი თავის სახელოსნოში სამუშაოდ მიიწვია. აქ თავისუფალ დროს იაბლოჩკოვი საკუთარ გამოგონებაზე მუშაობდა.
1876 წელს იაბლოჩკოვმა მიიღო პატენტი ელექტრული რკალით შექმნილ ნათურაზე - „ელექტრულ სანთელზე“. ელექტრული სანთელი გამოირჩეოდა კონსტრუქციის სიმარტივითა და მუშაობდა რეგულატორის გარეშე. ამავე წელს ლონდონში ფიზიკური ხელსაწყოების გამოფენაზე ელექტრულმა სანთელმა სპეციალისტებისა და ჟურნალისტების დიდი ყურადღება მიიქცია. მსოფლიო პრესა აღნიშნავდა ამ აღმოჩენას. საყოველთაოდ ნათელი გახდა, რომ იაბლოჩკოვის ელექტრული სანთელი ყველაზე მარტივი და გამოსადეგი სინათლის წყარო იყო, ამიტომ მან ფართო გამოყენება ჰპოვა. იაბლოჩკოვს უნდა გადაეწყვიტა მრავალი ტექნიკური პრობლემა, რაც მან მოახდინა კიდეც. სამართლიანობა მოითხოვს, რომ იგი მარტო ელექტრული განათების ტექნიკის ფუძებდებლად კი არ ვაღიაროთ, არამედ რუსეთში პრაქტიკული ელექტროტექნიკის ერთ-ერთ ფუძემდებლად მივიჩნიოთ.
ამ პერიოდში იაბლოჩკოვმა მთელი რიგი ელექტრომექანიზმები ააგო, მუშაობდა ელექტრული მანათებელი დანადგარების მოწყობაზე. სასტუმროები, სადგურები. თვით იაბლოჩკოვი წერდა: „პარიზიდან ელექტრული განათება გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ამან შეაღწია სპარსეთის შაჰისა და კამბოჯის მეფის სასახლეებში“. ელექტროტექნიკაში დიდი დამსახურებისთვის იაბლოჩკოვი რუსულმა ტექნიკურმა საზოგადოებამ ოქროს მედლით დააჯილდოვა. 1889 წელს იაბლოჩკოვი დაუძლურდა და მუშაობა ვეღარ შეძლო, იგი 1893 წელს სარატოვში დაბრუნდა.
პავლე იაბლოჩკოვი 1894 წლის 31 მარტს გარდაიცვალა 47 წლის ასაკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პარკაძე ვ., პარკაძე მ., მსოფლიოს ფიზიკოსები, ტ. II, თბ., 1973, გვ., 298-303
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Яблочков П. Н. в проекте «Федор Михайлович Достоевский. Антология жизни и творчества»
- Выставка «Русский свет Павла Яблочкова»[მკვდარი ბმული] в Саратове
- Иванов А. Электрификация Гатчины до 1881 г. // Исторический журнал «Гатчина сквозь столетия»
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Большая российская энциклопедия — Москва: Большая российская энциклопедия, 2004.
- ↑ Яблочков Павел Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 3.0 3.1 Яблочков, Павел Николаевич // Малая советская энциклопедия / под ред. Н. Л. Мещеряков — 2 — Советская энциклопедия, 1936.
- ↑ http://www.megedoudeau.jmbertho.odns.fr/index.php/eclairage-public/histoire/la-bougie-de-jabblokoff