ოცნების რეკვიემი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოცნების რეკვიემი (ფილმი))
„ოცნების რეკვიემი“
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი დარენ არონოფსკი
პროდიუსერი
  • ერიკ უოტსონი
  • პალმერ ვესთი
სცენარის ავტორი
ნაწარმოები „ოცნების რეკვიემი“ჰუბერტ სელბი უმცროსი
როლებში
კომპოზიტორი კლინტ მენსელი
ოპერატორი მეთიუ ლიბატიკი
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 101 წუთი[1]
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 4.5 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 7.4 მილიონი აშშ დოლარი[2]

„ოცნების რეკვიემი“ (ინგლ. Requiem for a Dream) — ამერიკელი რეჟისორის, დარენ არონოფსკის 2000 წლის ფსიქოლოგიური დრამა. მთავარ როლებში მონაწილეობენ ელენ ბიურსტინი, ჯარედ ლეტო და ჯენიფერ კონელი.[3] გადაღებულია 1978 წლის ჰუბერტ სელბი უმცროსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

ფილმში მოთხრობილია ოთხი ნარკოდამოკიდებული ადამიანის ისტორია. დამოკიდებულების გამო ისინი სასოწარკვეთით სავსე ილუზიების სამყაროს ტყვეები ხდებიან. ხოლო ფილმის ბოლოს, როცა პერსონაჟები გამოდიან ილუზიების სამყაროდან და რეალობას თვალს უსწორებენ, მათი პიროვნებები დაცარიელებული და განდგურებულია.[4] ფილმი ასახავს, თუ როგორ გავლენას ახდენს ნარკოტიკების მოხმარება პიროვნების როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ მდგომარეობასა და აზროვნებაზე.

ფილმის პრემიერა შედგა 2000 წლის 14 მაისს კანის 53-ე კინოფესტივალზე[5], ხოლო 13 სექტემბერს — ტორონტოს 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმმა კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. ელენ ბიურსტინი წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სარა გოლდფარბი ბრაიტონ-ბიჩზე მცხოვრები მარტოხელა მოხუცი ქვრივია, რომელიც მთელ დროს ტელევიზორის ყურებაში ატარებს. მისი ერთადერთი ვაჟი, ჰარი, უმუშევარია და ჰეროინზეა დამოკიდებული. ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან ჰარის მეგობარი ტაირონი და შეყვარებული მერიონი. მერიონი ტანსაცმელს კერავს და ჩანახატებს აკეთებს. მას ჰარისთან ერთად ტანსაცმლის მაღაზიის გახსნა სურს, ტაირონი კი ცდილობს გეტოში ცხოვრებას გაექცეს. ჰარი და ტაირონი ნარკოტიკით ვაჭრობას იწყებენ; ყიდულობენ ფუთას, პატარ-პატარა ულუფებად აფასოებენ და ქუჩაში ყიდიან. ამ საქმიანობით მეგობრები დიდ ფულს შოულობენ.

ერთ დღეს სარას ურეკავენ და თავის საყვარელ შოუში მონაწილედ იწვევენ. ბედნიერი სარა ტელევიზიაში გამოსაჩენად ემზადება და თავის გარეგნობაზე ზრუნვას იწყებს: იღებავს თმებს, ირუჯება. იგი მანიაკალურად აიკვიატებს სურვილს მოირგოს წითელი კაბა, რომელიც ჰარის გამოსაშვებ საღამოზე ეცვა. ამ მიზნით მკაცრი დიეტის დაცვას იწყებს. სარა შიმშილით იტანჯება და მალევე მოლანდებები ეწყება. იგი მეგობრის რეკომენდაციით მიდის ექიმთან, რომელიც მას გასახდომ აბებს, ამფეტამინებს გამოუწერს. აბების მიღების შემდეგ სარა ენერგიის მოზღვავებას გრძნობს და მკვეთრად იკლებს წონაში. მეგობრები მისით აღტაცებულები არიან და მუდმივად კომპლიმენტებით ამკობენ. სარასთან სტუმრად მისული ჰარი ხვდება, რომ დედამისი ამფეტამინებს იღებს და ემუდარება შეწყვიტოს ამის კეთება. სარა შვილს გულს გადაუშლის, ეუბნება, რომ მარტოსულია, მოხუცია, არავინ ჰყავს ვისზეც იზრუნებს, ხოლო წითელი კაბით და ოქროსფერი ფეხსაცმელებით ტელევიზიაში გამოჩენა, პატივისცემა და აღფრთოვანება მეგობრების მხრიდან სწორედ ისაა რაც მას ცხოვრების ხალისს და ხვალინდელი დღის იმედს აძლევს.

ტაირონს კონტრაბანდისტებსა და სიცილიელ მაფიოზებს შორის სროლების დროს იჭერენ და მიუხედავად მისი უდანაშაულობისა, აპატიმრებენ. ჰარი მთელ დანაზოგს მეგობრის ციხიდან გამოსასყიდად იხდის. მეგობრების ნარკობიზნესი გაკოტრდა. მათი ნარკოდილერი ფლორიდაში გადავიდა, შესაბამისად გასაყიდ ნარკოტიკს ვეღარ იშოვიან. თუმცა, ფული საკუთარი თავების „გამოსაკვებადაც“ კი არ ჰყოფნით. ჰარის თხოვნით, მერიონი ფულის სანაცვლოთ თავის ფსიქიატრ არნოლდთან დაწვება. შეყვარებულებს შორის ურთიერთობა იძაბება; ისინი მუდმივად ჩხუბობენ.

გასახდომი აბები უკვე უარყოფით ეფექტებს ავლენენ და სარა თავს ცუდად გრძნობს; ეწყება ჰალუცინაციები. იგი ურეკავს ექიმს და სთხოვს აბების შეცვლას. ექიმის უარის შემდეგ თვითნებურად აორმაგებს დოზას. მდგომარეობა უერესდება და სარა ექიმთან მიდის. იგი მას თავისი ჰალუცინაციების შესახებ უყვება, რასაც ექიმი უყურადღებოდ ტოვებს. სასოწარკვეთილი სარა უკვე ერთის მაგივრად ოთხ-ხუთ აბს ერთად იღებს, რის შედეგადაც მას ამფეტამინური ფსიქოზი ემართება. სარა მიდის სატელევიზიო კომპანიაში, საიდანაც შოუში მიიწვიეს. კომპანიაში იძახებენ პოლიციას, რომელსაც სარა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაჰყავს. სარას აწვენენ პალატაში, ხოლო მას შემდეგ რაც მედიკამენტოზური მკურნალობა შედეგს არ იღებს, მას ჩუტარებენ ელექტროშოკურ თერაპიას.

ჰარი და ტაირონი ნარკოტიკების საყიდლად ფლორიდაში მიდიან. თუმცა, ჰარის მკლავზე განგრენის გაუარესების გამო ისინი იძულებულნი არიან გაჩერდნენ საავადმყოფოში. ექიმი ხვდება რომ ნარკომანებთან აქვს საქმე და პოლიციას იძახებს. ორივეს აპატიმრებენ.

ნიუ-იორკში სასოწარკვეთილი მერიონი ჰეროინის მისაღებად კვლავ პროსტიტუციას მიმართავს. ჰარის ხელის ამპუტაციას უკეთებენ. ციხეში მყოფ ტაირონს ფიზიკურ შრომასთან ერთად რასისტი ციხის ზედამხედველების შეურაცხყოფის ატანა უწევს. ჰარი ხვდება, რომ მერიონი დაკარგა. სარას თავისი თავი კვლავ დიდ ეკრანზე წარმოუდგენია: ის გამარჯვებულია. მისი პრიზი კი წარმატებული და დაოჯახებული ჰარია. ქალის ფანტაზიაში სარა და ჰარი მოსიყვარულე დედა-შვილი არიან.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. REQUIEM FOR A DREAM (18). British Board of Film Classification (November 23, 2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 16, 2014. ციტირების თარიღი: January 1, 2013.
  2. Requiem for a Dream (2000). Box Office Mojo. Amazon.com (January 1, 2002). ციტირების თარიღი: January 1, 2013.
  3. Leigh, Danny. Arts: Requiem for a Dream. ციტირების თარიღი: 14 February 2019.
  4. Ebert, Roger. (November 3, 2000) Requiem for a Dream. Ebert Digital LLC. ციტირების თარიღი: May 31, 2018.
  5. Festival de Cannes: Requiem for a Dream. Festival-Cannes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 7, 2014. ციტირების თარიღი: October 17, 2009.