ოცინდალეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოცინდალეს წმინდა გიორგის ეკლესია — ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ თაიაში, ზღვის დონიდან 640 მეტრ სიმაღლეზე. ეკლესია XI საუკუნეშია აგებული. ამავე დროით თარიღდება ტაძრის ვაზისაგან დამზადებული მოხარატებული კარი რომელიც ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია დაცული.

XIX საუკუნეში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით აქ ტაძარი თამარ მეფეს განუახლებია. ტაძარზე ამ ფაქტის აღმნიშვნელი წარწერაც ყოფილა დაცული.

ოცინდალეს ეკლესია საუკუნეების განმავლობაში უმიშვნელოვანესი სარწმუნოებრივი ცენტრი იყო, სადაც გიორგობის აღსანიშნავად სამეგრელოს ყველა კუთხიდან მოსახლეობა იკრიბებოდა. XX საუკუნის დასაწყისში ოცინდალეში დედათა მონასტერი ფუნქციონირებდა.

1923 წელს როცა საბჭოთა ხელისუფლება მასობრივად აუქმებდა და ანგრევდა ეკლესია-მონასტრებს, საქართველოს სიძველეთა დაცვის კომიტეტის მიერ შექმნილმა კომისიამ გიორგი ჩუბინიშვილის ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ სიძველისა და ხუროთმოძღვრების მიხედვით ზუგდიდის ბაზაში ხელუხლებლად შეინარჩუნეს 11 ეკლესია-მონასტერი, მათ შორის იყო ოცინდალეს ეკლესიაც.

XX საუკუნეში ოცინდალეს ეკლესიას როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლს სახელმწიფო იცავდა. XX საუკუნის 80-იან წლებში ოცინდალეს ეკლესია და სამრეკლო შეაკეთეს. ამჟამად აქ მამამთა მონასტერია.

ოცინდალეს ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქებურია ს. მემკვიდრეობას გაფრთხილება უნდა, ძეგლის მეგობარი, 84, 1989, გვ. 13-18
  • ბერაძე თ. ოცინდალეს ძეგლი, საბჭოთა ხელოვნება, 1962, N3, გვ. 72-73

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]