ოღირღილო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოღირღილოსაქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ხალხური საბავშვო თამაში. მონაწილეები „არჩევანი-არადანის“ მიხედვით ორ ჯგუფად გაიყოფიან და 15-20 ნაბიჯის დაშორებით ერთიმეორის პირისპირ გამწკრივდებიან. მოთამაშეებს ხელები მაგრად აქვთ ერთმანეთისთვის ჩაჭიდებული. იწყება თამაში: — ოღირღილო! — დაიძახებს ერთი ჯუფის რომელიმე მოთამაშე; — ოქროს კბილო! — უპასუხებენ მეორე ჯგუფიდან. — ბავშვი გვინდა! — თუ ბიჭი ხარ წაიყვანე! „ოღირღილოს“ დამძახებელი გაიქცევა და დაეჯახება მოწინააღმდეგეთა მწკრივს, რომ „გაიტანოს“, ანუ ხელი გააშვებინოს. თუ გაიტანა, იმ ორი მოთამაშისგან, რომლებსაც ხელს გააშვებინებს, ერთ-ერთს წამოიყვანს და თავის მწკრივში ჩააყენებს, თუ ვერა, მაშინ თვითონ ჩადგება მეტოქეთა მწკრივში. თუ მოთამაშე მოწინააღმდეგეთა მწკრივს განზრახ არ „გაიტანს“, მას თამაშიდან გააგდებენ. ამის შემდეგ მოწინააღმდეგე ჯგუფის მოთამაშეები იწყებენ „ოღირღილოს“ ძახილს და ასე, რიგრიგობით. როდესაც ერთ-ერთი ჯგუფის ყველა მოთამაშე მეორე მხარეს აღმოჩნდება, თამაში დამთავრებულია და მოწინააღმდეგე ჯგუფის წევრები დამარცხებულად ცხადდებიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიშვილი ე., სპორტის ენციკლოპედია, გვ. 363, თბ., 2006