ოქტაი სადიგზადე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქტაი სადიგზადე
მშობლიური სახელი აზერ. Oqtay Seyid Hüseyn oğlu Sadıqzadə
დაბადების თარიღი 21 თებერვალი, 1921
ხიზი, ყუბის მაზრა
გარდაცვალების თარიღი 20 დეკემბერი, 2014 (93 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანი
ეროვნება აზერბაიჯანელი
საქმიანობა მხატვარი, გრაფიკოსი
მეუღლე(ები) ელმირა შახტახტინსკაია
შვილ(ებ)ი ალთაი სადიგზადე
მშობლები მამა: სეიდ ჰუსიენი
დედა: უმუგულსუმი

ოქტაი სეიდ ოღლუ სადიგზადე (აზერ. Oqtay Seyid Hüseyn oğlu Sadıqzadə; დ. 21 თებერვალი, 1921, ხიზი, ყუბის მაზრა — გ. 20 დეკემბერი, 2014, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი მხატვარი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო მხატვარი, აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (2014).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქტაი სადიგზადე დაიბადა 1921 წლის 21 თებერვალს ხიზიში, აზერბაიჯანული ლიტერატურის ცნობილი წარმომადგენლების - მწერლის სეიდ ჰუსეინისა და პოეტი უმუგულსუმის ოჯახში. ბავშვობიდან შემოქმედებით გარემოში აღზრდამ განაპირობა მისი მომავალი შემოქმედებითი ბედი.

1935-1939 წლებში სწავლობდა ბაქოს ხელოვნების ტექნიკურ კოლეჯში და პირველი ნამუშევრებით მიიპყრო ხელოვნებათმცოდნეების ყურადღება. 1941 წელს, როგორც რეპრესირებულთა ოჯახის წარმომადგენელი, სადიგზადე გადაასახლეს. მაგრამ მან მიუხედავად მძიმე პირობებისა განაგრძო თავისი შემოქმედება.

1946 წელს ბაქოში დაბრუნების შემდეგ წიგნის გრაფიკით დაკავდა. ამ სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. სწავლის გასაგრძელებლად ჩაირიცხა მოსკოვის სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1956 წელს გრაფიკის სპეციალობით.

სწავლის დასრულების შემდეგ, ოქტაი სადიგზადემ დაიწყო მუშაობა ბაქოში გამომცემლობა „აზერნაშრში“ სამხატვრო რედაქტორად. წიგნის გრაფიკის სამყაროში შეაბიჯა აზერბაიჯანისა და მსოფლიო ლიტერატურის ცნობილი წარმომადგენლების ნაწარმოებებისთვის დახატული ილუსტრაციებით.

მან დააპროექტა ნიზამი განჯევის სახელობის აზერბაიჯანული ლიტერატურის მუზეუმი, აზერბაიჯანის ეროვნული ისტორიის მუზეუმი, უზეირ ჰაჯიბეილის, ჰუსეინ ჯავიდის, სამედ ვურღუნისა და ბულბულის სახლ-მუზეუმები.

სადიგზადემ შექმნა აზერბაიჯანელი ხალხის გამოჩენილი წარმომადგენლების პორტრეტების გალერეა: მონუმენტური ნამუშევრების სერია „ნიზამი განჯევი და მსოფლიო კულტურა“, გატრან ტაბრიზისა და ხურშიდბანუ ნათავანის პორტრეტები, ცხრილი „1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი, ტრიპტიქი „ჰუსეინ ჯავიდი“.

მხატვრის ნამუშევრები გამოფენილია აზერბაიჯანის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ასევე პრესტიჟულ კულტურულ ცენტრებში, როგორიცაა ტრეტიაკოვის გალერეა, ინახება კერძო კოლექციებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, კანადაში, ისრაელსა და სხვა ქვეყნებში.

ოქტაი სადიგზადეს დიდი წვლილი მიუძღვის აზერბაიჯანში თანამედროვე ხელოვნების სკოლის ორგანიზებასა და განვითარებაში.

ოქტაი სადიგზადეს შემოქმედება ყოველთვის იყო ხელოვნების მოყვარულთა ყურადღების ცენტრში და უაღრესად დაფასებული სახელმწიფოს მხრიდან. ხელოვანი დაჯილდოებულია აზერბაიჯანის უმაღლესი ორდენებით „ღირსებისა“ და „დიდების“. 2014 წელს დაჯილდოვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიით სახვითი ხელოვნების განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის[1].

დაქორწინებული იყო აზერბაიჯანელ მხატვრასა და გრაფიკოსზე ელმირა შახტახტინსკაიაზე. ამ ქორწინებიდან მათ ერთი ვაჟი შეეძინათ, რომლსაც ალთაი დაარქვეს. ალთაი სადიგზადე თავისი მშობლების კვალს გაჰყვა და მხატვარი გახდა.

სადიგზადე 2014 წლის 20 დეკემბერს 93 წლის ასაკში ბაქოში გარდაიცვალა[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Oqtay Seyid Hüseyn oğlu Sadıqzadə
  2. Xalq rəssamı Oqtay Sadıqzadə vəfat edib, 525-ci qəzet, №234 (4251). 23 dekabr 2014-cü il. səh.3.