შინაარსზე გადასვლა

ოქტავიას პორტიკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქტავიას პორტიკი
Portico di Ottavia

ოქტავიას პორტიკი თანამედროვე დროში.
მდებარეობა იტალია, რომი
ტიპი პორტიკი

ოქტავიას პორტიკი (იტალ. Portico di Ottavia) — ძველი რომის ძველი ნაგებობა. პორტიკის კოლონადები მოიცავდა იუნონა რეგინას და იუპიტერ სტატორის ტაძრებს, ასევე ბიბლიოთეკას. შუა საუკუნეებიდან XIX საუკუნის ბოლომდე ეს ნაგებობა თევზის ბაზრად გამოიყენებოდა.

ძვ. წ. 146 წელს, კვინტუს ცეცილიუს მეტელუსმა, რომაელმა გენერალმა აქაიურ ომში გაიმარჯვა. ამ გამარჯვების პატივსაცემად რომში ტრიუმფი ჩაატარა, შემდეგ კი იუნონა რეგინას ტაძარს, რომელიც მანამდე მარკუს ემილიუს ლეპიდუსმა ააგო პორტიკი შემოაშენა, მის გვერდით კი ახალი ტაძარი ააგო — რომაული ღმერთის, იუპიტერ სტატორის სახელზე. ეს ყველაფერი მდებარეობდა ცირკუს ფლამინიუსთან, მარსის ველის სამხრეთ ნაწილში.

მთავარი შესასვლელი.
ოქტავიას პორტიკი, რომელიც მარცელუსის თეატრის უკან მდებარეობს.

ავგუსტუსმა მეტელუსის პორტიკი და მისი ტაძრები განაახლა და ძვ. წ. 27 წლის შემდეგ მის დას ოქტავია უმცროსის პატივსაცემად მიუძღვნა. თუმცა, ისტორიკოსი კასიუს დიონი ძვ. წ. 33 წელს ამ მოვლენას ასახელებს და ამბობს, რომ ეს დალმატიის ომიდან მოპოვებული ნადავლის ხარჯზე გაკეთდა. მაგრამ, სავარაუდოდ, იგი შეცდომით აურია ამ პორტიკის მეზობელ ოქტავიუსის პორტიკთან, რომელიც ასევე ავგუსტუსმა და მისმა ნახევარძმამ ლუციუს მარციუს ფილიპუსმა განაახლეს და მიუძღვნეს. ოქტავიას პორტიკის კომპლექსი, რომელიც ტაძრების გარდა მოიცავდა ბერძნულ და ლათინურ ბიბლიოთეკებსაც, აგებული იყო ოქტავია უმცროსის მიერ მისი გარდაცვლილი ვაჟის მარკუს კლავდიუს მარცელუსის პატივისცემის ნიშნად. აქვე მდებარეობდა სხდომების დარბაზი და ლექციათა დარბაზები. რომის სენატი ამ კურიაში იკრიბებოდა.[1] პლინიუს უფროსი მთელ ამ კომპლექსს „ოქტავიას ნაგებობებს“ უწოდებს.[2]

პორტიკი და მასთან დაკავშირებული ნაგებობები ძვ. წ. 80 წელს ხანძრის შედეგად დაინგრა და სავარაუდოდ დომიციანეს მიერ იქნა აღდგენილი. 203 წელს მეორე ხანძრის შემდეგ, მათ სეპტიმიუს სევერუსმა და კარაკალამ კვლავ აღადგინეს. კომპლექსი გაფორმებული იყო უცხოური მარმარილოთი და შეიცავდა მრავალ ცნობილ ხელოვნების ნიმუშს, რომლებიც პლინიუს უფროსის „ბუნების ისტორიაში“ არის აღწერილი.[3] 442 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ნაგებობას ზიანი მიაყენა, რის შედეგადაც დანგრეული ორი სვეტი თაღოვანი კონსტრუქციით ჩაანაცვლეს - ეს თაღი დღემდე შემორჩენილია. დაახლოებით 770 წელს მის ნანგრევებზე ააგეს სანტ'ანჯელო ინ პესქერიას ეკლესია, რომლის სახელწოდებაც ასახავს პორტიკის შუა საუკუნეებსა და ახალ დროში თევზის ბაზრის ფუნქციას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Cassius Dio LV.8; Josephus, Jewish Wars. VII.5.4
  2. Gaius Plinius Secundus, Dubius Sermo 36.15.1. ციტირების თარიღი: Mar 18, 2023.
  3. Pliny, xxxiv.31; xxxv.114, 139; xxxvi.15, 22, 24, 28, 29, 34, 35.