ოქრომკედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოქრომკედიაბრეშუმის ან ბამბის ძაფთან შეგრეხილი ოქროს ან ვერცხლის ძაფი, რომელსაც ძველთაგანვე ძვირფასი ქსოვილებისა და სამოსელის საქარგავად იყენებდნენ. ადრინდელ ქართულ წერილობით წყაროებში მოხსენიებულ ტერმინს – „ოქრონემსულს“ (ოქროს ძაფით ნაკერი) გვიანდელი ხანის ძეგლებში „ოქრომკედით ნაკერი“ შეესატყვისება. ოქრომკედით ქარგვის ძველი ქართული ტრადიციები (მდიდარი ორნამენტი, მხატვრული სიმბოლიკა, სიუჟეტური კომპოზიცია, შესრულების მანერა) კარგად იყო შემონახული XIX საუკუნის ეთნოგრაფიულ ყოფაში. ქარგავდნენ უმთავრესად ხავერდზე, ატლასზე და სხვა ძვირფას ქსოვილებზე.

ოქრომკედით ნაქარგ სახეებში ხშირად ურთავდნენ მარგალიტს, ფერად მძივებსა და ზოგჯერ პატიოსან თვლებსაც. ოქრომკედით ნაქარგობა ძველთაგანვე საექსპორტო საგანი იყო. XIX საუკუნის ერთ-ერთი რუსული წყაროს მიხედვით ირანსა და ოსმალეთში გატანილი ქართული ოქრომკედით ნაქარგობა საუკეთესო ნახელავად ითვლებოდა მთელს აზიაში და ყველაზე ძვირად ფასობდა. მუზეუმის ფონდებში დაცული ოქრომკედით ნაქარგობის უძველესი ნიმუშები უმთავრესად საეკლესიო ნივთების სახითაა შემონახული (სამღვდელოების ტანსაცმლის და თავსაბურავის ელემენტები, ქართული წარწერით შემკული შესაწირავი ქსოვილები და სხვა). ოქრომკედის ნაქარგობის მთავარი მოტივებია უმთავრესად ნაყოფიერებასთან დაკავშირებული მცენარეული ორნამენტი (ვაზის ფოთლები და მტევნები, ხორბლის თავთავები და სხვა), ანთროპომორფული და ზოომორფული გამოსახულებანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მასალები საქართველოს შინამრეწველობის და წვრილი ხელოსნობის ისტორიისათვის, ტ. 2, ნაწ. 2, თბ., 1982;
  • მესხია შ., საისტორიო ძიებანი, ტ. 1, თბ., 1982;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ოქრომკედი — ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი