ოქონის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოქონას მონასტერი)
Jump to navigation Jump to search
ოქონას მონასტერი
Oqona.jpg
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°02′44″ ჩ. გ. 42°04′14″ ა. გ. / 42.04556° ჩ. გ. 42.07056° ა. გ. / 42.04556; 42.07056
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია გურიის მხარე
რაიონი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა აცანა
სასულიერო სტატუსი მონასტერი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჯუმათის საეპისკოპოსო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება XVII საუკუნე, 2010
დეტალები

ოქონის მონასტერი — ისტორიული მონასტერი გურიაში, სოფელ აცანაში, ოქონის მთაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმოცემის თანახმად ოქონა დასავლეთ საქართველოს პატრიარქ მალაქია გურიელის დროს აიგო. ის მოხსენიებული იყო მონასტრის კედლებზე. თუმცა არქეოლოგიური კვალი მონასტერში მე-9 საუკუნიდან ჩანს. კედლებზე აგრეთვე ნაპოვნია ჭანუყვაძეების, ბერიძეების და ორატაძეების (ურატაძე) საგვარეულო წარწერები. ცნობილია ისიც, რომ გურიელის შემდგომ მონასტრის მართვა კობალაძეებმა გააგრძელეს.

ოქონის მამათა მონასტერი მოიცავდა მაცხოვრის სახელზე აგებულ ეკლესიასა და გალავანს. გალავანში სათოფურები იყო დატანებული. ეკლესიამდე გალავნიდან გრძელი ქვის კიბე მიდიოდა. ძველი ეკლესიის სიგრძე 6,4, სიგანე კი 3,5 მეტრი იყო. აგებული იყო ნაცრისფერი თლილი კვადრებით. საკურთხევლის მარჯვენა ნიშში იყო წარწერა, რომელიც გვამცნობდა, რომ ტაძრის ძვირფასი ნივთები ქრისტეფორე კობალაძემ მოაჭედინა. ტაძარი შიგნით მოხატული იყო, ორი ფრესკიდან ერთი სწორედ ქრისტეფორე კობალაძისა. როგორც ჩანს, მონასტერი სწორედ სივიწროვის გამო მიუტოვებიათ. 1873 წელს ის უკვე მიტოვებული იყო. ეს იყო ბაზილიკა (პროფესიონალების ვარაუდით მე-17 საუკუნისა), ხოლო 1897 წელს ადგილობრივი მღვდლის, სილიბისტრო ჩხაიძის თაოსნობით წირვა-ლოცვაც აღადგინეს და ძველი შენობა საფუძვლიანად გადააკეთეს, გააგუმბათიანეს, მაგრამ ზოგი ნახატი და წარწერა გაანადგურეს. მაშინ აცანის მამასახლისი იყო ხოსო ჩხაიძე. ამაზე დიდი საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიხატა მაშინდელ პრესაში (მაგ., გაზეთი “კვალი„ 30-ე ნომერი). ამავდროულად ხელახლა ააშენეს დასავლეთის მხარე და შეაკეთეს სხვა კედლები, ხოლო საკურთხევლის მხატვრობა ხელუხლებელი დატოვეს. მსგავსი „რემონტი“ იმავე ხანებში ჩაუტარეს აკეთის დიდ ტაძარს ისე, რომ არანაირი კვალი ქართული კულტურისა შიგ არ დატოვეს. მაშინდელი მოძღვარი დიომიდე ჩხაიძე გაზეთ „კვალში“ გულმოკლული წერდა ამის შესახებ. სულ 35 წელი იარსება 1897 წელს გარემონტებულმა ოქონას ეკლესიამ და იგი 1932 წელს ააფეთქა საბჭოთა ხელისუფლებამ.

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფეთქების შემდეგ ძეგლი უკვე იმდენად იყო დაზიანებული, რომ მხოლოდ ფუნდამენტის დონეზე იკითხებოდა. 2005 წელს დაიწყო ადგილობრივი ძალებით მისი გაწმენდა-გათხრები, აღმოჩნდა ღვთისმშობლის ფრესკა (ახლა ტაძარშია), სახედრის თავის ქანდაკების ფრაგმენტი (ამჟამად ჭიშკრის ბოძზეა), მაგრამ მაშინ საქმე შეჩერდა. 2010 წელს დაიწყო ძველ ნაეკლესიარზე ახალი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის მშენებლობა. ძველი გალავნის მხოლოდ ერთი სვეტია შემორჩენილი. 2016 წლის ზაფხულში აცანელებმა ოფიშტიის ხიდიდან გამოასვენეს ოთხკუთხედი, გათლილი ქვა, რომელზეც ამოკვეთილია: ჯვარი, ორი კედარი-სიცოცხლის ხე, მზის სხივები და სავარაუდოდ მაშინდელი ქტიტორის (ალბათ გურიელ-ცაიშელის) გერბი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • თეა ქართველიშვილი, „გურიის საეპისკოპოსოები", გვ. 80 — „არტანუჯი", თბილისი, 2006 წ, ISBN 99940-11-89-8
  • დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.207-209 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987