შინაარსზე გადასვლა

ოსმან ნური-ფაშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოსმან ნური-ფაშა
თურქ. Osman Nuri-paşa
დაბადების თარიღი 1832[1] [2]
დაბადების ადგილი თოქათი, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 5 აპრილი, 1900(1900-04-05)[2]
გარდაცვალების ადგილი კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია ან სტამბოლი
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
განათლება Ottoman Military Academy და Kuleli Military High School
შვილ(ებ)ი Mustafa Khulqi, Mehmed Kemaleddin Pasha და Ali Nureddin Paşa
ჯილდოები მეჯიდიეს ორდენი, Order of Osmanieh, Imtiyaz Medal, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Knight Grand Cross of the Order of Saints Maurice and Lazarus, დანებროგის ორდენის დიდი ჯვრის კავალერი და წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი

ოსმან ნური-ფაშა (თურქ. Osman Nuri-paşa, დ. 1832, თოქათი, ოსმალეთის იმპერია — გ. 5 მაისი, 1900, სტამბოლი) – თურქი მარშალი და სამხედრო მინისტრი. სამხედრო წარმატებებისთვის მას მიენიჭა საპატიო ზედმეტსახელები: „ღაზი“ (გამარჯვებული, ბრძოლის გმირი) და „ფლევნის ლომი“.

ოსმან ნური-ფაშა დაიბადა 1832 წელს ქალაქ თოქათში, ცნობილ იაგჯი-ოღლის ოჯახში. მამამისი სამოქალაქო მოხელე იყო. მალევე, მისი დაბადებიდან, ის მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, რის გამოც ოჯახი კონსტანტინოპოლში (ახლანდელი სტამბოლი) გადავიდა საცხოვრებლად. 1845-1849 წლებში ის სწავლობდა ქულელის სამხედრო მოსამზადებელ სკოლაში. 1852 წელს ოსმან ნურიმ დაამთავრა ოსმალეთის გენერალური შტაბის აკადემია და ყირიმის ომის დასაწყისში ჩაირიცხა კავალერიის (ცხენოსანთა ჯარის) შემადგენლობაში.

ოსმან ნურიმ პირველი საბრძოლო გამოცდილება ყირიმის ომის დროს მიიღო. ის ომერ ლიუთფი-ფაშას კორპუსში მსახურობდა. მონაწილეობდა ევპატორიას ბრძოლაში 1855 წლის თებერვალში, შემდეგ კი აფხაზეთსა და სამეგრელოში ლაშქრობაში.

1860 წელს მონაწილეობდა სირიაში დრუზების დამორჩილებაში, ხოლო 1867 წელს — კრეტაზე კანდიოტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რისთვისაც მეჯიდიეს ორდენი (III ხარისხის) მიიღო. 1868-1871 წლებში მსახურობდა იემენში, საიდანაც ფაშას ტიტულით დაბრუნდა. შემდეგ დაინიშნა ბოსნიაში რეგიონის სამხედრო კომენდანტად. თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა ოფიცერმა და პოლკოვნიკის ჩინით გენერალურ შტაბში გადაიყვანეს.

1874 წელს მას ბრიგადის გენერლის წოდება მიენიჭა, ხოლო 1875 წელს — დივიზიის გენერლის წოდება. 1876 წელს დაინიშნა ვიდინის რაიონში მოქმედი კორპუსის მეთაურად, რომელიც სერბების წინააღმდეგ იბრძოდა. იმავე წელს წარმატებით მეთაურობდა თურქულ ჯარებს სერბებთან ბრძოლებში „ველიკი იზვორთან“ და ალექსინაცთან, თუმცა დამარცხდა ჩერნოგორიელებთან ბრძოლაში ვიჩი დოლთან. მას მუშირის (ფელდმარშალის ექვივალენტი) წოდება მიენიჭა.

1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს ოსმან ნური-ფაშა ფლევნის ოსტატური და დაჟინებული დაცვით გახდა ცნობილი. 8 (20) ივლისისა და 18 (30) ივლისის ბრძოლებისთვის სულთანმა მას საპატიო ზედმეტსახელი „ღაზი“ (გამარჯვებული) უბოძა. ის დაჯილდოვდა ოსმანიეს ორდენით, მიიღო საპატიო ძვირფასი ხმალი, სულთნის მადლობის წერილი და სტამბოლის მაცხოვრებლებისგან ოქროს საპატიო დაფა. 26 ნოემბერს (10 დეკემბერს), ალყაშემორტყმული ფლევნიდან დოლნა-მიტროპოლიასთან გარღვევის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ბრძოლაში დაჭრილი ოსმან ნური-ფაშა იძულებული გახდა დანებებულიყო (კაპიტულაცია გამოეცხადებინა). რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ, მისი სიმამაცისა და ღირსების აღსანიშნავად, ხმალი უკან დაუბრუნა.

1877 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს ტყვედ ჩავარდნის შემდეგ, ის გარკვეული დროის განმავლობაში კიშინიოვში იმყოფებოდა, შემდეგ კი, 1878 წელს — ხარკოვში.[3] 1877 წლის დეკემბერში, სკობელევის დაჟინებული მოთხოვნით, ოსმან ნური-ფაშამ ოსმალეთის იმპერიის სამხედრო მინისტრს, მეჰმედ რაუფ-ფაშას, წერილი გაუგზავნა, სადაც ითხოვდა, რომ არ დაეშვათ რუსი სამხედრო ტყვეების მიმართ სასტიკი მოპყრობა.[4]

1878 წელს, 13 ივლისს ბერლინის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, რომელმაც ოსმალეთის იმპერიისგან ცნო ბულგარეთის სამთავროს ავტონომია და რუმინეთის, სერბეთისა და ჩერნოგორიის სამთავროების დამოუკიდებლობა, ის რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდა და კონსტანტინოპოლში გმირის პატივით შეხვდნენ. სიმამაცისთვის მას მიენიჭა ტიტული ღაზი („მებრძოლი“, „ვეტერანი“ ან „გამარჯვებული“) და ფელდმარშლის (მუშირის) წოდება. ადიუტანტის წოდების გარდა, იმპერიის წინაშე გაწეული სამსახურისთვის ოსმანმა მიიღო მეჯიდიეს ორდენი, პირველი კლასის ორდენი (ოქრო) და იმთიაზის მედალი ოქროში. სულთანმა ის სასახლის მარშლად დანიშნა, ხოლო მის პატივსაცემად ფლევნაში მიღწეული წარმატებებისთვის შეიქმნა „ფლევნის მარში“ (Plevna March), რომელიც დღესაც გამოიყენება თურქეთის სამხედრო ჰიმნად. ის ოთხჯერ მსახურობდა სამხედრო მინისტრის თანამდებობაზე, კერძოდ: 1878-1880, 1880-1881, 1881-1885 და 1891 წლებში ის სამხედრო მინისტრი იყო. 1897 წლის საბერძნეთ-თურქეთის ომის დროს, სულთნის ბრძანებით, მოქმედი არმიის მთავარსარდლად დაინიშნა.

ღაზი ოსმან-ფაშას ვაჟი, ქემალედინ-ფაშა, სულთან აბდულ-ჰამიდ II-ის ქალიშვილზე, ნაიმე-სულთანზე, იყო დაქორწინებული, თუმცა მისი ბიძაშვილის, ჰატიჯე-სულთნის, საყვარელი გახლდათ, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია.

ოსმან ნური-ფაშა 1900 წლის 4-დან 5 აპრილის ღამეს გარდაიცვალა კონსტანტინოპოლში (სტამბოლში). მისი თხოვნის შესაბამისად, ის ფატიჰ სულთან მეჰმედის მეჩეთის გვერდით დაკრძალეს. მისი აკლდამა პირადად აბდულჰამიდ II-მ შეუკვეთა, რომელიც მას თავის ერთ-ერთ უდიდეს გენერლად მიიჩნევდა. ის დღესაც პატივსაცემი პიროვნებაა თურქეთში, როგორც ტრაგიკული გმირი, რომელმაც უიმედო ვითარებაში გმირული სიმტკიცე გამოიჩინა, და მის საფლავზე ხშირად შეიმჩნევა გადაფარებული თურქეთის დროშა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Осман-паша // Иллюстрированная хроника войны. Приложение к «Всемирной иллюстрации». — 1878. — № 53. — С. 28—29.
  1. Encyclopædia Britannica
  2. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  3. Щелков К. П. Историческая хронология Харьковской губернии. — репринтное издание. — Харьков: САГА, 2007. — (Харьковская историческая библиотека). — С. 297—298. — ISBN 978-966-2918-31-1
  4. Крестовский В., Взятие Плевны, 1878, № 80, გვ. 233—235, დაარქივებულია ორიგინალიდან (19 მაისი, 2015)