ორტევის წმინდა გიორგი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორტევის წმინდა გიორგი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორტევში, სასაფლაოზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია როგორც რიყის, ისე ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. კუთხეებში გამოყენებულია კარგად თლილი ქვა. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია კოლოფა აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. მის ორსავე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. სატრიუმფო თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. აბსიდის იატაკის დონე ერთი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკთან შედარებით. ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრული ფორმისაა. კამარის საბრჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. პილასტრების საშუალებით გრძივი კედლები თითქმის ორ ტოლ ნაწილად იყოფა. პილასტრების კაპიტელები მარტივპროფილიანია. კაპიტელებს და აბსიდის მხრებს კედლის თაღები ეყრდნობა. დარბაზი ნათდება აღმოსავლეთის და დასავლეთის თაღოვანი და სამხრეთის სწორკუთხა სარკმლებით. დასავლეთი სარკმელი შიგნიდან გარეთ ვიწროვდება. ინტერიერი შეთეთრებულია, იატაკი დაგებულია ქართული აგურით.

სამხრეთი შესასვლელი თაღოვანია, ტიმპანი სადაა. შესასვლელის ორივე მხარეს კრონშტეინებია. სამხრეთ ფასადის ქვედა ნაწილში ჩაყოლებულია თლილი ქვის დიდი კვადრები, რომლებზეც ტოლმკლავა ჯვრების რელიეფური გამოსახულებაა. დასავლეთის სარკმელს შირიმის ქვა აჩარჩოებს. ეკლესიის ფასადები სადაა. კარნიზი მარტივპროფილიანია. ეკლესია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გადახურულია შიფერით.

ეკლესიაში იატაკი ბევრგან აყრილია. ინტერიერში ნალესობა ჩამოცვენილია. აღმოსავლეთი სარკმელი ძლიერ დაზიანებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 153-154