ორმოცნის საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორმოცნის საყდარი — არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს ართანაში, „მამუკაანთ“ უბანში, ყოფილ სასაფლაოზე (ეკლესიის ირგვლივ შემორჩენილია საფლავის რამდენიმე ქვა.) თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის, ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. გარეთა კედლების წყობაში, გაცილებით მოზრრდილი ქვებია გამოყენებული. ქვები შემთხვევითი ფორმისაა, ისინი ქაოსურადაა განლაგებული, რის გამოც მათ შორის მოზრდილი არეებია შექმნილი, რომლებიც შევსებულია წვრილი, ნატეხი ქვებით და შებათქაშებულია. შიგნიდან სარკმლების თაღოვანი გადახურვა და კამარა კვადრატული (22 x 22 x3.5) აგურისაა. კელდებზე შემორჩენილია გვიანდელი რემონტის კვალი. ამ დროს უნდა განახლებულიყო ლავგარდანიც. გვიანდელი ლავგარდანი მოქცეულია თავდაპირველის ზემოთ. შეცვლილია სახურავის ფერდების დახრილობაც. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთითაა.კ არი გადახურულია ქვიშაქვის ზღუდრით და ორივე მხრიდან თაღოვანი თავი აქვს.

დარბაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიის დარბაზი (ფართობი დაახლოებით 13 კვადრატული მეტრი) შემაღლებული პროპორციებისაა. აღმოსავლეთით მას ერთვის ღრმა, ოდნავ გაბრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდი, რომლის ღერძზე გაჭრილია გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული, ნახევარწრიული თაღით დასრულებული სარკმელი. თითო მსგავსი სარკმელია გაჭრილი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიც. აფსიდში, სარკმლის ორივე მხარეს, თითო მცირე, სწორკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია კუუბური ფორმის ტრაპეზი. მოგვიანებით, ტრაპეზის მსგავსი სტრუქტურა ჩრდილოეთ ნიშის ქვემოთაც მიუდგამთ. სავარაუდოდ მას სამკვეთლოდ იყენებდნენ. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, დარბაზი - ნახევარწრიული კამარით.

ფასადი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფასადები სადაა. დასსავლეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, საფეხურით შეღრმავებული, სწორკუთხა არეა (სიგრძე - 90 სანტიმეტრი, სიმაღლე - 70 სანტიმეტრი), რომელშიც, როგორც ჩანს, წარწერიანი ქვა იყო ჩასმული. ფასადები დასრულებულია ექვსსაფეხურიანი ლავგარდნით (შედგება კუთხით შვერილი და ჩვეულებრივად დაწყობილი აგურის რიგების მონაცვლეობით), შენობა გადახურული იყო კრამიტით.

რემონტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006-2007 წლებში სოფლის მაცხოვრებლებმა ეკლესია გაარემონტეს; შიგნიდან შელესეს, აღადგინეს ლავგარდნის ნაწილები და შენობა ღარისებრი კრამიტით გადახურეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]