ორმოცდაათის პროცესი
ორმოცდაათის პროცესი, მოსკოველთა პროცესი ― სასამართლო პროცესი რუსეთის იმპერიაში 1877 წელს. მიმდინარეობდა 21 თებერვლიდან 14 მარტამდე. პროცესი ღია იყო. მასში მონაწილეობდნენ ს. ბარდინა, ი. ჯაბადარი, პ. ალექსეევი, გ. ზდანოვიჩი, ვ. ფიგნერი და სხვა. ბრალდებულთა უმრავლესობა იყო 18-23 წლის. ეს იყო პირველი პოლიტიკური პროცესი რუსეთის იმპერიაში, რომელზეც აქტიურად გამოვიდნენ მუშები. თვით პროცესმა ორმოცდაათის სახელწოდება მიიღო იქიდან, რომ მასში ორმოცდაათი ბრალდებული მონაწილეობდა. საერთოდ 1874 წლის ივლისიდან დაწყებული არა ერთი და ორი პოლიტიკური პროცესი გაიმართა, მაგრამ, მათ შორის, მაინც აღსანიშნავია ეს „50-ისა“ და „193 -ის“ პროცესები. პირველი შედგა 1877 წლის თებერვალ-მარტში, ხოლო მეორე კი -1877 წლის ოქტომბრიდან 1878 წლის იანვრამდე გაგრძელდა. მეფის მთავრობა მიზნად ისახავდა ძირფესვიანად ამოეძირკვა რევოლუციური მოძრაობა. დაპატიმრებულთა რიცხვმა 1873-1874 წლებში 2000 კაცს გადააჭარბა. გამოძიებამ თითქმის 37 გუბერნია მოიცვა. ამ პროცესების გამართვის დროისათვის პატიმართა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ბევრი პატიმარი საშინელი მოპყრობის გამო გასამართლებამდე გარდაიცვალა, ბევრი ფსიქიკურად შეიშალა, მათგან მრავალი ადმინისტრაციული წესით ციმბირში გადაასახლეს. მიუხედავად ამისა, პატიმართა რიცხვი მაინც საგრძნობი იყო. ამიტომ საქმე გაყვეს ორ ნაწილად. პირველ საქმეში გადიოდა 50 ბრალდებული, ხოლო მეორეში-193. ზოგი პატიმარი ერთსა და იმავე დროს ორივე საქმეში გადიოდა ბრალდებულად.
პროცესის მონაწილე ორმოცდახუთი ბრალდებული გადაჭრით უარყოფდა წარდგენილ ბრალდებას. გიორგი ზდანოვიჩმა საერთოდ უარი განაცხადა დამცველის ყოლაზე. პროცესზე ბრალდებულებს თავი ამაყად და უშიშრად ეჭირათ. როგორც აღვნიშნე, მათ, ფაქტობრივად, სასამართლო პროცესი გამოიყენეს ტრიბუნად თავიანთი იდეების პროპაგანდისათვის. ისინი კონკრეტული ფაქტებით ააშკარავებდნენ მეფის ხელისუფლების დესპოტიზმს, მათ მიერ ქვეყნის მართვის უუნარობას, გამოთქვამდნენ ღრმა რწმენას სოციალური რევოლუციის გარდაუვალობის შესახებ. ბრალდებულად გამოდიოდა ხუთი მოწინავე ქართველი სტუდენტი, ხუთივე მგზნებარე როვოლუციონერი და დაუცხრომელი მებრძოლი მეფის თვითმპრობელობის წინააღმდეგ. ესენი არიან :
გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩი , 22 წლის (მეტსახელად „რიჟა“), ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარი, 22 წლის (მეტსახელად „მიხეილი“), ალექსანდრე კონსტანტინეს ძე ციციშვილი, 25 წლის (მეტსახელად “სანჩო“);, ანთიმოზ ევდოვის ძე გამყრელიძე , 23 წლის (მეტსახელსდ „გამკა“), მიხეილ ნიკოლოზის ძე ჭიკოიძე, 24 წლის (მეტსახელსდ „თედორე“). ეს სტუდენტები რუსეთში უმაღლესი განათლების მისაღებად იყვნენ წასულნი და სწავლობდნენ სხვადასხვა პროფილით. ბრალდებულებს ბრალად ედებოდათ არსებული წყობილების დამხობის მცდელობა, რასაც ბრალდებულები უარყოფნენ. 3-დან 10 წლამდე კატორღა მიესაჯა 10, ციმბირში გადასახლება 26, ციხე და იძულებითი მუშაობა 10, ფსიქიატრიული მკურნალობა 1 კაცს.
საზპგადოების მხრიდან განსაკუთრებით თანაგრძნობით სარგებლობდნენ რევოლუციონერი ქალიშვილები ს. ვარდინა, დები ლუბატოვიჩები და სხვები. მათი გამბედაობა და სიმტკიცე, მათი თავგანწირვა ხალხის ბედნიერებისათვის აღელვებასა და განცვიფრებას იწვევდა, როგორც ახალგაზრდობაში, ასევე საზოგადოების ფართო ფენებში, როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთაც. აი, რას წერდნენ მაშინ „50 -ის “ პროცესთან დაკავშირებით: „ამ პროცესამდე სოციალისტებს მხოლოდ ახალგაზრდობა იცნობდა, რაც შეეხება საზოგადოებას, მასებს, მათ არ იცოდნენ და არც სურდათ სცოდნოდათ, ვინ არიან ეს ადამიანები, როგორი იყო მათი მიზნები და მისწრაფებანი. მათ კანტიკუნტად ესმოდათ, რომ ადამიანებს იჭერდნენ, აპატიმრებდნენ, ასახლებდნენ. . . ხანდახან საზოგადოება თანაგრძნობითაც კი ეკიდებოდა მათ, როდესაც გაიგებდა, რომ ვიღაც მოკვდა ან შეიშალა, ანდა გაიგებდა პატიმართა მიმართ ჩადენილი მხეცობის შესახებ, უფრო შორს, მასებში, არ მიდიოდა ამ ადამიანთა თანაგრძნობა. . . და აი, დაიქუხა „50-ის“ პროცესმა. განცვიფრებული საზოგადოება ჰხედავს ქალიშვილთა გაცისკროვნებულ სახეებს, ახალგაზრდები მშვიდი გამოხედვით და ბაგეებზე ბავშვური უწყინარი ღიმილით მიდიოდნენ იქ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან, სადაც იმედისათვის არავითრი ადგილი არ რჩება-მიდიან ცენტრალურ ციხეში, მრავალწლიან კატორღაში. საზოგადოება ისმენს ბარდინას შესანიშნავი სიყვარულითა და რწმენით აღსავსე სიტყვას, ისმენს ზდანოვიჩის უაღრესად მწყობრ გამოსვლას, რომელშიც მოაზროვნის ცივი და მკაცრი განსჯიდან ფანატიკოსის შეურყეველი და შეუპოვარი რწმენა გამოსჭვივის, და ბოლოს, როდესაც განცვიფრებულმა, შეძრწუნებულმა საზოგადოებამ არ იცის, რა თქვას და მოიფიქროს, მას თავს ატყდება გლეხის, უშუალოდ ხალხის წარმომადგენლის, პ. ალექსეევის მძლავრი, მქუხარე სიტყვა, რომელშიც ზუსტად ისმოდა იმ მრავალრიცხოვანი და მრავალეროვანი მასის ხმა, რომელიც თავის წიაღში შეუცნობ, მრისხანე, შესაძლოა სისხლიან მომავალს ატარებს. აღნიშნულ პროცესზე ძალიან გაბედულმა გამოსვლამ მოუხვეჭა სახელი ახალგაზრდა რევოლუციონერებში ქართველ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს გიორგი ზდანოვიჩს. თავად გიორგის მიესაჯა კატორღა ვადით 6 წლითა და 8 თვით. ის სასჯელს იხდიდა ნოვო-ბელგოროდის ციხეში, მცენსკის სატრანზიტო ციხეში და კარიის სასჯელაღსრულების განყოფილებაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 581.