ორმეფობა ქართლში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ორმეფობა ქართლში, ძველ ქართულ საისტორიო წყაროებში დამოწმებული ვითარება, როდესაც ქართლის (იბერიის) სამეფო თითქოს ორად იყო გაყოფილი, მტკვარგაღმა და მტკვარგამოღმა მხარეებად, რომელთაც საკუთარი მეფეები ჰყავდათ (ერთი იჯდა მცხეთაში, მეორე — არმაზში).

„მეფეთა ცხოვრების“ თანახმად, ქართლის (იბერიის) მეფე ადერკი თავის ორ ძეს – ბარტომს და ქართამს ორად გაუყო სამეფო: ბარტომს მისცა ქალაქი მცხეთა, მტკვრის პირას შიდა ქართლი, მუხნარის მხარეს ქალაქი და მთელი ქვეყანა მტკვრის ჩრდილოეთით, ჰერეთიდან ქართლის და ეგრისის ბოლომდე; ხოლო ქართამს მისცა არმაზის მხარის ქალაქი, მტკვრის სამხრეთით ქართლი, ხუნანიდან მტკვრის სათავემდე და კლარჯეთი.[1]

ამგვარად, „მეფეთა ცხოვრების“ ქართლის მეფეთა სიაში ადერკის შემდეგ მოხსენიებულია 5 წყვილი, რომლებიც თითქოს ერთდროულად მართავდნენ ქვეყანას. ესენია ბარტომი და ქართამი, ფარსმანი და კაოსი, აზორკი და არმაზელი, ამაზასპი და დეროკი, ფარსმან ქველი და მირდატი.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ორმეფობა ქართლში ახ. წ. 57 დაიწყო; „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობით, მეფეთა პირველი წყვილი ძვ. წ. II საუკუნის 60-იან წლებში განაგებდა ქართლს (მათი მმართველობის დროს, ძვ. წ. 169, ამ ძეგლის მიხედვით, მცხეთაში ებრაული კოლონია გაჩენილა). ამ მოსაზრების სასარგებლოდ ლაპარაკობს ისიც, რომ მეფეთა პირველ წყვილში შემავალი ქართამი, „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, ქართლის სამეფოს ფუძემდებლის ფარნავაზის (ძვ. წ. IV — ძვ. წ. III სს. მიჯნა) თანამედროვე ეგრისის მმართველის ქუჯის შვილიშვილის შვილიშვილი იყო (მაშასადამე, ფარნავაზის შემდეგ უნდა ეცხოვრა).

ზოგიერთი სპეციალისტი ორმეფობას ქართლში სამეფოს ნამდვილად ორად გაყოფად და ამ პერიოდში მეზობლების მოძალებით სამეფოს დასუსტების დამადასტურებლად მიიჩნიეს. სხვა მკვლევართა მოსაზრებით, ორმეფობაში ნამდვილი მეფეების გვერდით „მეფის შემდგომ მეორე პირთა“ — მთავარსარდლების (სპასპეტები) დასახელებას გულისხმობენ. ჩამოთვლილი წყვილებიდან ნამდვილი მეფეები უნდა იყვნენ ქართამი, ფარსმანი, აზორკი, ამაზასპი და ფარსმანი, დანარჩენები კი — სპასპეტები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ინგოროყვა პ., ძველ-ქართული მატიანე "მოქცევაჲ ქართლისაჲ" და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია, თხზულებათა კრებული, ტ., 4, თბ., 1976;
  • მელიქიშვილი გ., ქართლის (იბერიის) მეფეთა სიებში არსებული ხარვეზების შესახებ, «მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1978, № 3
  • მელიქიშვილი გ., ქსე, ტ. 7, ვ. 581, თბ., 1984

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1955, გვ. 43