ორმაგი ვარსკვლავი

ორმაგი ვარსკვლავი[1][2][3] ან ბინარული ვარსკვლავი (ინგლ. Binary star < Binary — „ორკომპონენტიანი“, „ორმაგი“, „გაორკეცებული“), ორჯერადი ვარსკვლავი[4][5][6] (< რუს. Кратная звезда — „ჯერადი ვარსკვლავი“, თუმცა არ გამოიყენება «двухкратная звезда») — ორი ვარსკვლავისგან შემდგარი ვარსკვლავური სისტემა, რომლის წევრებიც ერთმანეთთან სივრცეში ახლო ყოფნისა და ურთიერთმიზიდულობის გამო აღწერენ ჩაკეტილ ორბიტას მათი მასების საერთო ცენტრის გარშემო. ორმაგი ვარსკვლავი წარმოადგენს „ფიზიკური ვარსკვლავური სისტემის“ კერძო შემთხვევას. აღმოჩენის მეთოდების მიხედვით ორმაგ ვარსკვლავს ყოფენ შემდეგ ჯგუფებად: ვიზუალურად ორმაგი ვარსკვლავი, სპექტრულად ორმაგი ვარსკვლავი, ბნელებადი ორმაგი ვარსკვლავი, ასტრომეტრიულად ორმაგი ვარსკვლავი და ფოტომეტრიულად ორმაგი ვარსკვლავი.
ვიზუალურად ორმაგი ვარსკვლავის კომპონენტები შეიძლება დავინახოთ ცალ-ცალკე ტელესკოპით ვიზუალურად ან ფოტოგრაფირების საშუალებით. მანძილი მათ შორის მათ ზომებთან შედარებით ასეულჯერ უფრო დიდია. ვიზუალურად ორმაგი ვარსკვლავის ყველაზე ფართო სისტემას ქმნიან დიდი დათვის ცნობილი ვარსკვლავები — მიცარი და ალკორი, რომელთა შორის კუთხური დაშორება 12' შეადგენს.
მჭიდრო ორმაგ ვარსკვლავთა შემთხვევაში კომპონენტების ზომები მათ შორის მანძილებს უახლოვდება და შეუძლებელია მათი გაყოფა არსებული ტელესკოპების საშუალებით. ზოგჯერ ასეთ შემთხვევაში კომპონენტების ორბიტული მოძრაობა ვლინდება სპექტრული ხაზების პერიოდული გაორებით. გაორებას იწვევს ხაზების დოპლერისეული წანაცვლება, რაც ორბიტული მოძრაობის შესაბამისად პერიოდული ხასიათისაა. I და III მდებარეობაში 4 და 8 კომპონენტებისათვის ეს გადახრები ურთიერთსაწინააღმდეგოა და გაორება მაქსიმალურია. II და IV მდებარეობაში (კომპონენტების სხივური გადახრები 0-ის ტოლია და ხდება ხაზების შერწყმა. ასეთი სპექტრული ანალიზით აღმოჩენილ წყვილეას უწოდებენ სპექტრულად ორმაგ ვარსკვლავს. როდესაც ვარსკვლავების ორბიტის სიბრტყე მხედველობის სხივთან მცირე კუთხეს შეადგენს, დამკვირვებელი შენიშნავს კომპონენტების პერიოდული ურთიერთდაბნელების მოვლენას. ასეთ ორმაგ ვარსკვლავს უწოდებენ ბნელებად ორმაგ ვარსკვლავს. ასეთ ვარსკვლავთა ბრწყინვალების ცვალებადობის მრუდის ანალიზი საშუალებას იძლევა განისაზღვროს არა მხოლოდ ორბიტის ელემენტები და კომპონენტების შეფარდებითი რადიუსები ორბიტის ზომებთან შედარებით, არამედ ვარსკვლავთა ფორმაც და მათი ზედაპირული სიკაშკაშეც. თუ მიღებულია სხივური სიჩქარის მრუდიც, შეიძლება განისაზღვროს ორბიტის ზომები და ვარსკვლავთა დიამეტრები კმ-ით, ხოლო კომპონენტების მასები და სიმკვრივეები მზის ერთეულებით, ზოგჯერ კი – ვარსკვლავთა ატმოსფეროს აგებულება და შედგენილობა. ასტრომეტრიულად ორმაგ ვარსკვლავს ავლენენ ვარსკვლავის მდებარეობის იმ მცირე პერიოდული გადაადგილების აღმოჩენით, რომელსაც თანამგზავრის მიზიდულობა იწვევს, ხოლო ფოტომეტრიულად ორმაგ ვარსკვლავს გამოსხივების ზუსტი მრავალფეროკანი ელექტროფოტომეტრიით (ეს მეთოდი ეფექტურია მაშინ; როდესაც წყვილის კომპონენტთა ზედაპირული ტემპრები ერთმანეთისაგან განსხვავებულია). ყველა აღწერილი წყვილი ფიზიკური სისტემაა და მათ ფიზიკურ ორმაგ ვარსკვლავს უწოდებენ. მათგან განსხვავებით ე. წ. ოპტიკური ორმაგი ვარსკვლავის კომპონენტები მხედველობის სხივის გასწვრივ დიდად არიან დაშორებული ერთმანეთისაგან და ფიზიკურ სისტემას არ ქმნიან საზოგადოდ, ვარსკვლავთა მასების შესახებ ჩვენი ცოდნა ძირითადად ეყრდნობა ორმაგი ვარსკვლავის შესწავლას. ორმაგ ვარსკვლავს დიდი მნიშვრჩელობა აქვს აგრეთვე ვარსკვლავთა ევოლუციის თეორიის დაკვირვებული ფაქტებით შემოწმებისათვის. ორმაგი ვარსკვლავის ბუნებას კარგად ახასიათებს ე. წ. როშის კრიზისული ზედაპირი. ვარსკვლავმა შეიძლება შეინარჩუნოს მხოლოდ ის ნივთიერება, რომელიც ამ ზედაპირით შემოსაზღვრული მოცულობის შიგნითაა. თუ ეს მოცულობა ვარსკვლავის ნივთიერებით შეივსო, იგი თანდათან გადაედინება მეორე კომპონენტისაკენ. აიროვანი ნაკადების წარმოშობა კომპონენტების ევოლუციაზე ახდენს გავლენას.
გალაქტიკის ვარსკვლავებს შორის ომაგობა, საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. სავარაუდოა, რომ ორმაგი, სამმაგი და ოთხმაგი ვარსკვლავები ჯამში უფრო მეტია, ვიდრე მარტოხელა ვარსკვლავები. ამჟამად ცნობილია ~60000 ვიზუალურად ორმაგი ვარსკვლავი, ~20000 სპექტრულად ორმაგი ვარსკვლავი და სხვ. მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო რენტგენის წყაროების არსებობა ორმაგ ვარსკვლავში. ასეთი სისტემების ერთი კომპონენტი წარმოადგენს ნორმალურ ვარსკვლავს, ხოლო რენტგენული კომპონენტი – ზემკვრივ ობიექტს. ორმაგ ვარსკვლავში არსებული რენტგენული წყაროების გამოკვლევა ხელს უწყობს ევოლუციის ბოლო სტადიაში მყოფი ნეიტრონული ვარსკვლავებისა და შავი ხვრელების ფიზიკური ბუნების შესწავლას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამმაგი ვარსკვლავი (Triple star)
- ოთხმაგი ვარსკვლავი (Quadruple star)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საბაშვილი შ., ლომიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 180.
- ↑ ორმაგი ვარსკვლავი — 1tv.ge
- ↑ ორმაგი ვარსკვლავი — astronet.ge
- ↑ ქუმსიაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 589.
- ↑ ასტრონომიული კალენდარი (წელიწდეული) 2023, თბ., 2022
- ↑ ხარაძე ე., „ასტრონომიის საფუძვლები“ : 2 ტომად : ტომი II, 1991, გვ. 237