ორლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ორლა“
Le Horla

ქართული გამოცემის გარეკანი, 2012
ავტორი გი დე მოპასანი
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი საშინელებათა
გამოცემის თარიღი 1887
მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი
ქართულად გამოიცა 2012
მედია ბეჭდური
ISBN 978-9941-9283-1-4

ორლა (ფრანგ. Le Horla) 一 ფრანგი მწერლის, გი დე მოპასანის მცირე საშინელებათა ჟანრის მოთხრობა, რომელიც 1887 წელს გამოქვეყნდა, იქამდე კი, მისი პირველი ვარიაცია 1886 წლის 26 ოქტომბერს, გაზეთ Gil Blas-ში გამოჩნდა. ცნობილია, რომ ამ ნოველამ დიდი გავლენა იქონია ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტზე, შეექმნა საკუთარი გამორჩეული ნაწარმოები 一 ქთულჰუს ძახილი.[1] თავად სიტყვა ორლა (ანდაც Horla) სრულებით არაა ჭეშმარიტი ფრანგული წარმომავლობის, არამედ წარმოადგენდა ერთგვარ ნეოლოგიზმს, რომელიც ავტორის სამშობლოში ახალი დამკვიდრებული იყო. როგორც შარლოტა მენდელი, ამერიკელი მთარგმნელი და ლიტერატურათმცოდნე, განმარტავს, აღნიშნული სიტყვა ორი ფრანგული სიტყვის 一 hors ("გარეთ") და ("იქ") 一 ნაერთს წარმოადგენს, ხოლო Le Horla იშიფრება, როგორც „აუთსაიდერი, გარეთ მყოფი“, რაც, თავის მხრივ, სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და ეხმიანება პროტაგონისტის სურვილს გაარკვიოს, რა ხდება მის თავს.[2]

ლავკრაფტის განმარტება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლავკრაფტი ნაწარმოებზე 一 ქთულჰუს ძახილი (1928) 一 მუშაობისას სწორედ ზემოხსენებული ნოველით იყო შთაგონებული. [3] იგი თავის 1927 წლის ესსეში, სახელწოდებით 一 ზებუნებრივი საშინელება ლიტერატურაში 一 გვთავაზობს აღნიშნული მოთხრობის მისეულ ინტერპრეტაციას.[4][5] ის წერს:

„შეიძლება ითქვას, რომ საფანგეთში იმ უხილავი არსებების გამოჩენა, რომელთაც ცხოვრება მხოლოდ რძესა და წყალზე ძალუძთ, სიმბოლიზირებს იმ არამიწიერი ორგანიზმების, უცხოპლანეტელების გამოჩენას, რომელთაც დედამიწელთა დამორჩილება და განადგურება განუზრახავთ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თხრობის ამგვარი სტილი, რომელსაც ფრანგი საშინელებათა დიდოსტატი გვთავაზობს, კონკრეტულად ლიტერატურის ამ განხრაში, უბადლოა“.

რეზიუმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოებში თხრობა უსახელო ნარატორის მიერაა გადმოცემული და დღიურის სტილშია დაწერილი. მაღალი კლასის ინტელექტუალი, ბურჟუაზიული წარმოშობის მამაკაცი, გადმოგვცემს საკუთარი ცხოვრების კონკრეტულ, ფათერაკებით აღსავსე პერიოდს. ყველაფერი კი მაშინ იწყება, როცა ის შენიშნავს პარიზში შემომდგარ ბრაზილიურ სამანძიან გემს. ამ პერიოდიდან, მას ეუფლება შეგრძნება, თითქოს, მის სახლში, და არამხოლოდ, ყველგან, სადაც თავადაა, თან ახლავს გაურკვეველი არსება, რომელსაც მოგვიანებით მოიხსენიებს, როგორც ორლა. ტანჯვა, რომელსაც ორლა იწვევს, ჯერ ფიზიკურად ვლინდება: მთხრობელი ჩივის, რომ მას აწუხებს საშინელი ციებ-ცხელება და უჭირს ძილი. ის, მოულოდნელად, იღვიძებს კოშმარისას იმ გრძნობით, რომ მას, თითქოს, ვიღაც უთვალთვალებს და გულ-მკერდზე აზის.

მთელი მოთხრობის მანძილზე, მთავარი გმირის საღი აზრი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რამდენადაც ორლა თანდათან იმორჩილებს მას. თავდაპირველად, მთხრობელი თვლის, რომ ეს მხოლოდ ჰალუცინაციის ნაყოფია, თუმცა, მას შემდეგ, რაც შენიშნავს, რომ ღამით მაგიდაზე დატოვებული წყლითა და რძით სავსე ბოთლები დილით ჩაცლილი დახვდება, მას უჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მასთან ერთად ვიღაც ცხოვრობს და რომ ეს სრულებით არაა მისი წარმოსახვის ნაყოფი. ორლას ყოფნა ნარატორის გვერდით და მისი არსებობა სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდება გმირისთვის, რადგან, როგორც თავად მთხრობელი ამბობს, „ის მის ხარჯზე ცხოვრობს, უყურებს და მასზე დომინირებს“.

ერთ დღესაც, მთხრობელი სტატიაში აღმოაჩენს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აბსოლუტურად ანალოგიური მოვლენა ხდება ბრაზილიაშიც 一 მოსახლეობა აფორიაქებულია, რადგან უხილავი არსებები იწყებენ მათი საგნების მისაკუთრებას და მათ სახლებში ცხოვრებას. ეს ისტორია მთავარ გმირს აფიქრებინებს, რომ ყველაფერი არა შემთხვევითობის, არამედ იმ პარიზთან მომდგარი სამანძიანი ხომალდის ბრალი იყო. მისი თქმით, ერთმა მსგავსმა „არსებამ“ სწორედ მის ჭერქვეშ ყოფნა გადაწყვიტა. ასეა თუ ისე, რამდენიმე თვის შემდეგ, პროტაგონისტისთვის საიდუმლოს ფარდა ეხდება. მას ერთი მოქმედებაღა დარჩენია 一 რაც შეიძლება მალე მოკლას ორლა. მთხრობელი მას საკუთარ სახლში გამოამწყვდევს და ამ უკანასკნელს ცეცხლს წაუკიდებს, სახლიდან გაქცევის შემდეგ კი მას ახსენდება, რომ ამ ინცინდენტს მისი პირადი მსახურებიც შეეწირებიან. ნაწარმოების ბოლო სტრიქონში ვეცნობით ნარატორის ეჭვს იმასთან დაკავშირებით, ორლა მართლაც მკვდარია თუ არა, შედეგად, მსგავსი დაბნეულობა მთხრობელს ერთადერთი გამოსავლისკენ 一 თვითმკვლელობისკენ 一 უბიძგებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. S. T. Joshi and David E. Schultz, "Call of Cthulhu, The," An H. P. Lovecraft Encyclopedia, p. 28.
  2. de Maupassant, Guy (2005). The Horla, The Art of the Novella. Melville House. ISBN 978-0-9761407-4-0. 
  3. S. T. Joshi and David E. Schultz, "Call of Cthulhu, The", An H. P. Lovecraft Encyclopedia, pp. 28–29.
  4. Wilson, Edmund (1994). „Afterward“. H. P. Lovecraft's Book of Horror.
  5. Hartwell, David G. (1989). The Dark Descent. Tor Books, გვ. 85. ISBN 0-312-93035-6. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ორლა&oldid=4531745“-დან