ორი განაჩენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ორი განაჩენი
ავტორი მიხეილ ჯავახიშვილი
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ჟანრი მოთხრობა
გამოცემის თარიღი 1925
გვერდი 28

ორი განაჩენიმიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა. პირველად გამოქვეყნდა 1926 წელს. ნაწარმოები ფსიქოლოგიური ხასიათისაა და ადამიანის სულიერ მდგომარეობას აღწერს დანაშაულის ჩადენის დროს. მოთხრობის მთავარ გმირს ლაზარე ჩიჩილაშვილს (ბაჩილას) ტრაგიკული ბედი ეწია: ცხოვრების მღვრიე ტალღებმა გზა-კვალი აუბნია და მძიმე დანაშაული ჩაადენინა. თუმცა სასამართლომ გაამართლა, ბაჩილამ საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა განაჩენი.

მოთხრობის სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაზარე ჩიჩალაშვილი, ახალგაზრდა სოფლელი ბიჭი, რომელიც ურემზე მუშაობდა თავის უფროს ძმა მათესთან ერთად ქალაქში ჩამოვიდა. აქ მისმა ძმამ რუსი გოგო გაიცნო, რომელიც ლაზარესაც მოეწონა, თუმცა გოგონას იგივე დამოკიდებულება არ გამოუვლენია. ამის შემდეგ ის და მათე მუდამ ცდილობდნენ ბაჩილას მოშორებას. ერთხელ კი როცა ძმამ მოატყუა ბაჩილამ ჩხუბი დაიწყო და შემთხვევით შემოაკვდა. ციხეში დიდ ხანს უცადა განაჩენს. თუმცა მოსამართლემ გაამართლა, რადგან ეს შემთხვევითი მკვლელობა იყო. როცა ბაჩილა გამოუშვეს მან დაინახა მშობლები, რომელთაც არც კი დაუცადეს ისე წავიდნენ სოფელში. ბაჩილა, რომელიც თვლიდა, რომ ძმის სიკვდილში დამნაშავე იყო, ჩავიდა სოფელში და იმავე ღამით თავი ჩამოიხრჩო.

მოთხრობის განხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ ჯავახიშვილი ხშირად ძლიერი ექსპრესიით ხატავს ადამიანის მალულ გრძნობებს, ცხოველურ ინსტინქტებს, ადამიანის შინასამყაროში მოქმედ სტიქიურ, გონებით აულაგმავ ძალებს. ასეა ,,ორ განაჩენშიც”. მოთხრობის მთავარი პერსონაჟი პრიმიტიული სულის და გონების ადამიანია (როგორც კაენი ვაჟას პოემაში), ინსტინქტები და უმართავი ემოციური იმპულსები კი ამგვარ ადამიანში უფრო ადვილად მძლავრობენ.

ჯიბრის, შურისძიების, რისხვის ბრმა ძალას, უგუნურ ბოღმას ჯავახიშვილის პერსონაჟი ძმის მკვლელობამდე მიყავს. მას რომ გონების თვალი ახელილი ჰქონდეს, დაინახავდა – მისი ,,სატრფო” ჩვეულებრივი მეძავია და ამით ყველაფერი დასრულდებოდა. მწერალი დაუნდობელი ირონიით წარმოსახავს ბაჩილას ,,მიჯნურობას”, მის უბადრუკ ყოფას ციხეში, იმას, თუ როგორ მოტეხა და დააბეჩავა იგი ჩადენილმა ცოდვამ. ეს ირონია იმითაც არის გამოწვეული, რომ თუმცა ბაჩილა ითრგუნება დანაშაულის გრძნობით (რომელსაც პატიმრების მსახურებით და შრომით იყუჩებს), მაგრამ ნათლად ვერ აცნობიერებს, რა საშინელება ჩაიდინა. ოღონდ როცა იგი შემდგომ, სასამართლოზე მომხდარის ზეგავლენით, თანდათან წვდება თავისი ცოდვის მთელ სიმძიმეს, ირონია ავტორის ღრმა თანაგრძნობით იჩრდილება. მიხეილ ჯავახიშვილი ადამიანის არსების ცხოველური საწყისის ირონიული წარმოჩენით არ კმაყოფილდება. მისი მსოფლაღქმა უფრო რთულია და ის ხედავს იმასაც, რომ ადამიანში ზნეობრივ საწყისსაც ღრმა ძირები აქვს. მას სურს ადამიანში ადამიანურობის პოვნა, ყველაფერზე მეტად აინტერესებს ადამიანში სინდისის გონიერი ხმის აღმოცენების და გაძლიერების პროცესი. ტრაგიკულ ჩიხს ის ქმნის, რომ როდესაც მოთხრობის გმირი ,,გაადამიანდება”, გონების თვალს ახელს, საკუთარი დანაშაულის უშეღავათო შეფასებას შეძლებს, მისი ცხოვრების გაგრძელება სწორედ ამის გამო შეუძლებელი ხდება.[1]

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "ლაზარე ჩიჩალაშვილი" - მთავარი პერსონაჟი(ბაჩილა).
  • "მაშკა" - რუსი გოგონა, რომელიც ბაჩილას შეუყვარდება.
  • "მათე" - ბაჩილას ძმა.
  • "მაშკას დედა" - ბაჩილას გამუდმებით ლანძღავს და უშლის თავის შვილთან შეხვედრას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]