შინაარსზე გადასვლა

ორიონი (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორიონი.
ორიონი (მითოლოგია)


მითოლოგია: ძველი საბერძნეთის რელიგია
სქესი: მამრობითი
მამა: ჰირევსი[1]
და-ძმა: Candiope
მეუღლე: სიდე
შვილები: მენიპე და მეტიოხე
გამოსახულებები

ორიონი (ძვ. ბერძნ. Ὠρίων) — მშვენიერი და ძალუმი ბეოტიელი ბუმბერაზი, გეას ვაჟი, მიწისშობილი, ან პოსეიდონის და ევრიალეს, ან ბეოტიის მეფის — ჰირიელ ჰირევსის ძე, გამოჩენილი მონადირე. ბეოტიაში კანდაონიც უწოდეს, მის მეუღლეს კი სიდე ერქვა, ასულებს — მენიპე და მეტიოხე. სიდეც ქმარივით ზვიადი იყო. ჰაერზე ლამაზი ვარო, ამბობდა, რისთვისაც ზევსის ცოლმა ტარტაროზში ჩააგდო. აპოლოდორეს მოთხრობა ორიონზე ბუნდოვანი და ფრაგმენტულია. სხვა წყაროებით, მოხუცმა პირიევსმა კარგი მასპინძლობა გაუწია ზევსს, ჰერმესს, პოსეიდონს (ან არესს). წყალობის ნიშნად ღმერთებმა ჰკითხეს, რას ისურვებო. ბერიკაცმა შვილი ითხოვა. ზევსმა უბრძანა: ხარის ტყავი შარდით აავსე, შეკარი, მიწაში ჩამარხე და ცხრა თვის თავზე ამოთხარეო (ან ხარის ტყავი ღმერთებმა შარდით აავსეს[2]).

ცხრა თუ ათი თვის შემდეგ მოხუცმა მიწაში ნახა ვაჟი, რომესაც უწოდა ორიონი (ზმნიდან ოურეინ-ურეინ-ორეიოს, „მთაში შობილი“, ან „ლაღი, ველური“). ბუმბერაზი მთა-კაცი რომ ზღვაში გადიოდა, ზღვა მხრებამდე სწვდებოდა. კ. ქიოსზე დასახლებულ ოინოპიონს (უნოპიონს), დიონისეს ძეს ესტუმრა, მისი ასული მეროპე მოეწონა, მამამისის საამებლად კუნძულზე მხეცები გაწყვიტა,[3] მაგრამ მასპინძელს ასეთი მთა-კაცი სიძედ მაინც არ უნდოდა, თვალს უხვევდა, ქორწილს უჭიანურებდა. ორიონი დათვრა, კარები შელეწა და ქალიშვილი გააუპატიურა, შემდეგ დაწვა და დაიძინა. ოინოპიონმა ბუმბერაზს თვალები დასთხარა. ორიონს თვალები მზის სხივებმა აუხილეს, ან სხვაგვარად: პოსეიდონმა მისცა უნარი, რომ ტალღებზე ფეხით გაევლო და კუნძულ ლემნოსზე გადასულიყო. იქ ჰელიოსს შეეცოდა და თვალები აუხილა. სამაგიეროდ ჰელიოსის და — ეოსი შეიყვარა, რითაც ოლიმპოს ღმერთები აღაშფოთა. თვალახელილმა ორიონმა ოინოპიონის დასჯა განიზრახა, მაგრამ ვერ მოიხელთა — ჭაში დამალეს. ველურმა ბუმბერაზმა აღსასრული ჰპოვა კრეტაზე, დელოსზე ან ქიოსზე, სადაც გაუპატიურება მოუნდომა თვით არტემიდეს, ან ჰიპერბორეელ ქალს უპისს (ოპიდას). ამისთვის ან ისევ არტემიდემ განგმირა ისრით, ან ბუმბერაზმა ღრიანკალმა დაგესლა. ეს მორიელი მიწის ნაპრალიდან ამოუგზავნა ქალღმერთმა გეამ, რადგან გმირმა დაიტრაბახა: ვერა ნადირი ვერ მომერევაო! ლამაზ ქალებზე გადარეული მიწის შობილი მთაკაცი 5 წელი დასდევდა ქალწულ პლეადებს, ან მათს დედას პლეიონეს, ვიდრე ზევსმა ხომლად არ აქცია.[4][5] იქვე თვითონ ვარსკვლავთა ხომლად იქცა და პლეადების მეზობლად ნახასამუდამო სამყოფელი.[6][7] ერატოსთენის ცნობით, ოინოპიონის უშედეგო ძებნით გულმოსული ორიონი კრეტაზე გადავიდა, ძაღლებით დასდევდა ნადირს და თანაც იქადნებოდა, მხეცის ხსენებას გავწყვეტ დედამიწაზეო. განრისხებულმა გეამ მიწიდან უზარმაზარი ღრიანკელი ამოუგზავნა. მორიელმა ორიონი დაგესლა და მოკლა. ამ საზარელი აღსასრულის მოსაგონებლად ღრიანკელიც ხომლად აქციეს. ერთი თქმულებით, არტემიდემ მოკლა იმისათვის, რომ გმირმა ბადროს ტყორცნაში გამოიწვია, ან მოულოდნელად წაადგა თავს გარგაფიას გამოქვაბულში მობანავე ქალწულ ქალღმერთს: ანკარა ტბის წყალი მიასხურა, ირმად აქცია და საკუთარ ძაღლებს დააგლეჯინა.

ერთი ვერსიით, კრეტაზე თუ კიოსზე ღრიანკელის დაგესლილი ორიონი ესკულაპმა გააცოცხლა, რისთვისაც ზევსმა ესკულაპი მეხით განგმირა. შემდეგ ცაზე ცალ მხარეს ესკულაპის ხომლი მოაქცია, მეორე მხარეს ორიონი, რომ კვლავ არ გაეცოცხლებინა: როცა ესკულაპი და ღრიანკალი გამოჩნდებიან, ორიონი არ ჩანს და პირიქით. ერთი ვერსიით, ზევსმა ასკლეპიოსს არ დააცალა, უმალ მეხით შემუსრა, შემდეგ კი ხომლად აქცია ორივე.

მითური ტრადიციით, ღმერთებმა ორიონი ქედმაღლობის, ძალადობის, თავგასულობისა და სატრფიალო თავგადასავლებისათვის დასაჯეს. მითში აისახა მზის სამკურნალო თვისების ძალაც.[8][9]

ცნობილი ტრადიციით, ორიონი თვით ეოსმა შეიყვარა. ამაზე გაწყრნენღმერთები, მაგრამ განთიადის ქალღმერთმა ქედმაღალი ბუმბერაზი არ დათმო, ვიდრე არტემიდემ მისი სატრფო ნაზი ისრით არ განგმირა.[10] ამისთვის ნიმფა კალიფსოც საყვედურობს ღმერთებს: მოკვდავთა სიყვარულის ნებას არ გვაძლევთო უკვდავებს. ბუმბერაზის დაღუპვის მიზეზი აქაც ქალღმერთია.

სხვა, გვიანდელი ვერსიით, ორიონის ლანდი მაინც ქვესკნელში ნადირობს. ოდისევსმა ნახა მისი უზარმაზარი ლანდი, თავისივე მრისხანე კომბლით სააქაოს მოკლულ ნადირთა აჩრდილებს რომ დასდევდა.[11] ცაზე კი მის გვერდით მისი ძაღლის — სირიოსის ხომლია, ერთ-ერთი უნათლესი ვარსკვლავთკრებული. ბეოტიაში მისი ამოსვლა ნადირობის დაწყების ყავლად მიაჩნდათ.

ორიონის ასულებს — მენიპეს და მეტიოქეს — არტემიდემ სილამაზე აჩუქა, ათენამ — ქსოვის ხელოვნება. მათ თავი გასწირეს და ბეოტია ჭირისაგან იხსნეს. პატივის ნიშნად ღმერთებმა კომეტებად აქციეს.[12]

  • გელოვანი ალ., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983, გვ. 377-378
  1. 1.0 1.1 (not translated to grc) 20 // Περὶ ἐρωτικῶν παθημάτων
  2. ოვ. ფასტ. 530
  3. ოდ. 11, 572
  4. ჰომ. ოდ. 3, 4, 72
  5. ოვ. ფასტ. 5, 493
  6. ილ. 18, 496
  7. ოდ. 5, 274
  8. ჰიგ. ასტრ. 2, 34
  9. ვერგ. ენ. 10, 763
  10. ოდ. 5, 121
  11. ოდ. 11, 572
  12. აპოლოდ. 1, 4, 3-5