ძამის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ორთუბნის ციხე)

ძამის ციხე, ორთუბნის ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, მდ. ძამის ხეობაში (ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ორთუბნის ტერიტორიაზე).

ამ ადგილას მდებარეობდა ისტორიული ქალაქი მძოვრეთი. ძამის ციხე ძამისხევის ადმინისტრაციული და პოლიტიკური ცენტრი იყო. კონტროლს უწევდა თრიალეთ-ზემო ქართლის ერთ-ერთ ძირითად გზას. X საუკუნეში ერთხანს აქ, ძამელ მთავარ ადარნასესთან, თავს აფარებდა დასავლეთ საქართველოს (აფხაზთა სამეფოს) სამეფო ტახტის პრეტენდენტი თეოდოსი (მეფობაში თეოდოს III). XIII საუკუნეში ძამის ციხეს ფლობდა ახალქალაქის (ჯავახეთის) ერისთავთერისთავი თორელი გამრეკელი კახას ძე. XIV საუკუნის დასაწყისში ძამის ციხე დაიკავა ოსების „ბაყათარმა“ (ბელადმა), მაგრამ სამცხის მთავარმა მონღოლების ხელშეწყობით გაათავისუფლა. XVII საუკუნის 40-იან წლებში ძამის ციხეში გამაგრდა ქართლის მეფის როსტომის წინააღმდეგ აჯანყებული ფეოდალი ნოდარ ციციშვილი. მეფემ ციხის აღება ვერ შეძლო.

კლდეზე აღმართული ძამის ციხე რთული კონსტრუქციის მონუმენტური ნაგებობაა. აღმოსავლეთით აკრავს მაღალი, ტყიანი ქედი, სამხრეთით - ღრმა ხევი, დასავლეთით - ორთუბნის ვიწრო ხევი. ციხის სამშენებლო მასალად გამოყენებულია თლილი ქვა. შეინიშნება სამი სამშენებლო ფენა: ადრინდელი ფეოდალური ხანის, შუა ფეოდალური ხანისა და დაახლოებით XIV საუკუნის, როდესაც ძამის ხეობაში ფანასკერტელ-ციციშვილები გაბატონდნენ. ძამის ციხის აღმოსავლეთ ნაწილში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 264, თბ., 1987
  • ზაქარაია პ., საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები, თბ., 1960
  • მაკალათია ს., ძამის ხეობა, თბ., 1961
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990