ოჟორის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოჟორის სამაროვანი, ზემოლისას სამაროვანი, განვითარებულია რკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟორიდან (1991 წლამდე შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზნაურის რაიონში) დაახლოებით 2 კმ-ზე, ადგილობრივ ზემოლისაზე. გაითხარა 1951 წელს (ხელმძღვანელი ო. ჯაფარიძე) 14 ორმოსამარხი. დაკრძალვის წესი არ დადგინდა, ვინაიდან ბავშვის 1 კბილის გარდა ადამიანთა ძვლები არ შემორჩენილა. სამარხებში აღმოჩნდა მრავალნაირი თიხის ჭურჭელი, ძირითადად რკინის იარაღი (შუბისპირები, მოკლე ხიშტისმაგვარი იარაღი, სატევრები, ცალპირა მოხრილი დანები და სხვა). ერთგან იყო ბრინჯაოს კოლხური ცული, რომლის ყუაზე ხარის ქანდაკებაა. № 1 ორმოსამარხში კი მხოლოდ ბრინჯაოს იარაღი იყო. სამკაული ნაკეთებია ბრინჯაოსაგან. მძივების ძირითადი ნაწილი სარდიონისაა. ბევრია ცისფერი პასტის მძივებიც. მცირე რაოდენობითაა თეთრი პასტის ცილინდრული ე. წ. „დომინოს“ ტიპის, ლურჯი მინისა და ქარვის მძივები.

სამაროვანი ძირითადად ძვ. წ. VII საუკუნით თარიღდება, ხოლო № 1 ორმოსამარხი გვიანდელი ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯაფარიძე ო., არქეოლოგიური გათხრები სოფელ ოჟორაში, «თსუ შრომები», 1955, ტ. 65;
  • მენაბდე მ.,ქსე, ტ. 7, გვ. 551, თბ., 1984