ონანაურის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ონანაურის ღვთისმშობლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°48′45″ ჩ. გ. 45°59′54″ ა. გ. / 41.81250° ჩ. გ. 45.99833° ა. გ. / 41.81250; 45.99833
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინცია კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVI საუკუნის II ნახევარი

ონანაურის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ონანურის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. აღდგენილი და მოხატულია XVI-XVII საუკუნეებში, ადგილობრივი დიდებულების ძალისხმევით, რომელთა გამოსახულება ტაძრის დასავლეთ კედელზეა მოცემული. ონანაურის ღვთისმშობლის ეკლესია იმ იშვიათ ეკლესიათა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც გარედანაა მოხატული, კახეთში კი ამ ნიშნით ერთადერთია.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით კირის დუღაბზე, აღდგენისას კამარა გადაუყვანიათ აგურით. XX საუკუნეს რესტავრაციის შედეგად ტაძარს აგურის ხერხულა კარნიზი გაუკეთდა და კრამიტით გადაიხურა. ტაძარს შესასვლელი სამხრეთის კედელში აქვს გაჭრილი. ტაძარი ორი — აღმოსავლეთისა და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლითაა განათებული. ჩაწერილი აფსიდა ნახევარწრიულია, ის დარბაზისგან მხრებითაა გამოყოფილი, რომელზეც სატრიუმფო თაღი გადადის. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია მოწყობილი. დარბაზის ჩრდილოეთ კედელს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს. დარბაზი ცილინდრული კამარითაა დასრულებული. ტაძარი აღდგენის დროს მოუხატავთ. მხატვრობა შესრულებულია როგორც დარბაზში, ისე დასავლეთის კედლის ფასადზე. ის XVI-XVII საუკუნეების ე. წ. ხალხური მხატვრობის ნიმუშს წარმოადგენს.

პალიტრა წითელია. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი მაცხოვარი, მარჯვენა ხელში გადაშლილი წიგნით. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში შობა, ხოლო დასავლეთ ნაწილში ნათლისღებაა მოცემული. დასავლეთის კედელზე მხატვრობა სამ რეგისტრად ყოფილა მოცემული. ზედა რეგისტრი აღარ იკითხება, შუა რეგისტრში მსხვილ მასშტაბში პიროვნებაა გამოსახული, ქვედა რეგისტრში სამი საერო პირი. ჩრდილოეთის კედელზე მხატვრობა არ შემორჩა. ეკლესიის დასავლეთის ფასადის მხატვრობა წითელი საღებავითაა შესრულებული. მოცემულია წმ. ევსტათი პლაკიდას ირემზე ნადირობის სცენა. გაირჩევა წმინდანის ფიგურის ნაწილი და მისი ცხენი, რომელიც ირემს მისდევს. ირემი დინამიკაშია მოცემული მხედრისგან გაქცევის დროს, ნასროლი ისრით კისერშია დაჭრილი. წმინდანის ზურგს უკან და თავს ზემოთ თითო გრძელკაბიანი პიროვნების სილუეტებია შემორჩენილი. 2010-2011 წლებში ტაძარს სამხრეთის მხრიდან მიაშენეს ახალი ეკლესია, რითაც სრულიად დაიჩრდილა ისტორიული ნაგებობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიღმელაშვილი ქ., ყვავაძე დ., ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები, თბ., 2021, გვ. 25 ISBN 978-9941-8-3699-2