ომის საწინააღმდეგო მოძრაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მშვიდობის სიმბოლო
ომის მოწინააღმდეგეთა პლაკატი

ომის საწინააღმდეგო მოძრაობა (ინგლ. Anti-war movement) — სოციალური მოძრაობა, რომელიც, ძირითად შემთხვევაში, ეწინააღმდეგება კონკრეტული ქვეყნის გადაწყვეტილებას შეიარაღებული კონფლიქტის წამოწყებაში ან მის განხორციელებაში, რაიმე სახის პირობის გარეშე, რომელიც შეიძლება არსებობდეს. ტერმინი „ომის საწინააღმდეგო“ ასევე უკავშირდება პაციფიზმს, რომელიც ნებისმიერი სახის სამხედრო ძალის გამოყენების წინააღმდეგია კონფლიქტის დროს ან ანტისაომარი წიგნების, სურათების ან ნებისმიერი სახის ხელოვნების ნიმუშის მეშვეობით. აქტივისტების უმრავლესობა განასხვავებს ომის საწინააღმდეგო მოძრაობებს და მოძრაობებს მშვიდობისთვის. ომის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტები იყენებენ პროტესტს და სხვა სახის საშუალებებს რომ ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე და დაასრულონ კონკრეტული ომი ან კონფლიქტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის სამოქალაქო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებითი ანტისაომარი განწყობები ამერიკაში ვითარდებოდა 1812 წლის ინგლის-ამერიკის ომის დასრულების და სამოქალაქო ომის დაწყების პერიოდში. მოძრაობა ასახავდა მძლავრ პაციფისტურ და ზომიერი ჩაურევლობის პოზიციებს. ბევრმა იმ დროის ინტელექტუალმა, მათ შორის რალფ ემერსონმა, ჰენრი ტორომ და ვილიამ ჩენინგმა შექმნეს ნაშრომები ომის წინააღმდეგ. მშვიდობის საზოგადოების ძირითადი ნაწილი ფორმირდებოდა იმ პერიოდის ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო ამერიკის მშვიდობის საზოგადოება. ამ დროს გამოიცა მრავალრიცხოვანი გამოცემები და წიგნები. მაგალითად, მშვიდობის წიგნი, ანთოლოგია რომელიც დაიბეჭდა ამერიკის მშვიდობის საზოგადოების მიერ 1845 წელს.

ამ მოძრაობის არსი მდგომარეობდა საერთაშორისო სასამართლოს შექმნის მოწოდებაში, რომელიც ერებს შორის დავებს გადაწყვეტდა. მათი კიდევ ერთი მახასიათებელი იყო აქცენტის გაკეთება იმაზე, თუ როგორ შეუწყო ხელი ომმა ზნეობრივ დეგრადაციას და ზოგადად საზოგადოების ბრუტალიზაციას.

ლიტერატურაში და საზოგადოებაში ომის საწინააღმდეგო პოზიციებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა სამოქალაქო ომი აშშ-ში, რომლის კულმინაციაც იყო ჯორჯ მაკლელანის კანდიდატურის წამოწევა პრეზიდენტად აბრაამ ლინკოლნის წინააღმდეგ, რომელიც მოქმედი პრეზიდენტი იყო. ჩანს კონტურები ანტისაომარი პოზიციების: არგუმენტები იმის შესახებ, რომ იმჟამინდელი კონფლიქტის ხარჯები არ არის იმ სარგებლის მომტანი, რომელიც შეიძლება ყოფილიყო მიღწეული; გამოწვევა მოუღებს ბოლოს ომებს და იმას, რომ ომი მიმდინარეობს კონკრეტული ინტერესების სასარგებლოდ. ომის დროს არეულობები ნიუ-იორკში დაიწყო აბრაამ ლინკოლნის მოწოდებით, რომელიც ეუბნებოდა ადამიანებს, რომ ომში მიეღოთ მონაწილეობა. ომის შემდგომ „სიმამაცის წითელმა ნიშანმა“ აღწერა ქაოსი და სიკვდილის შიში, რომელიც წარმოიშვა ომის სტილის ცვლილების შედეგად: უშუალო დაპირისპირება გადაიზარდა ორი არმიის ფორმირებაში, რომლებიც გაუჩერებლად იბრძვიან ფართო ტერიტორიის მოსაპოვებლად.

პირველი მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1914 წელს ბრიტანეთში, ტიდვორტის ბანაკში გაიმართა საჯარო სკოლების კადეტთა მომზადების შეხვედრა. ამ შეხვედრას უნდა დასწრებოდა ბრიტანეთის არმიის ხელმძღვანელი ლორდ კიტჩენერი, თუმცა ომის დაწყების გამო ვერ მოახერხა მისვლა. მის ნაცვლად გააგზავნეს გენერალი ჰორასი სმიტ-დორიენი. მან გააკვირვა იქ მყოფი იუნკერები განცხადებით, რომ ომი ნებისმიერ ფასად უნდა იქნას აცილებული: ომი არაფერს მოაგვარებდა და მთელი ევროპა და არამხოლოდ ევროპა, გადაიქცეოდა ნანგრევებად; და რომ ადამიანური სიცოცხლეების დაღუპვა იმდენად მასშტაბური იქნებოდა, ეს მოსახლეობას გაანადგურებდა.

1917 წელს მიღებული კანონი ჯაშუშობის შესახებ და 1918 წლის კანონი აჯანყების ხელშეწყობის შესახებ გახდა ბერკეტი ამერიკის ხელისუფლების ხელში გამოცემების დახურვისა და იმ პირების დაჭერისთვის, ვინც ავრცელებდა ომის საწინააღმდეგო შეხედულებებს. 1918 წლის 16 ივნისს იუჯინ დებსი ომის საწინააღმდეგო გამოსვლით წარსდგა და იგი დააპატიმრეს 1917 წლის მიღებული კანონის საფუძველზე. შემდგომ გაასამართლეს და მიუსაჯეს 10 წელი, თუმცა 1921 წელს გადაწყვეტილება შეცვალეს.

პირველი მსოფლიო ომი უმთავრესი აღმოჩნდა გერმანელი ამერიკელებისთვის, რომელთა უმრავლესობაც იყო მობილიზებული ამერიკის ნეიტრალიტეტის მოწოდების დაცვისკენ 1914-1916 წლებში, თუმცა ამერიკა 1917 წელს ჩაერთო ომში. ეს იყო მნიშვნელოვანი სოციალისტური პარტიისთვის, მსოფლიოს ინდუსტრიული მუშაკებისთვის და სხვა რადიკალი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იყვნენ წინააღმდეგ ამერიკის მონაწილეობისა. 1917 წლის შემდეგ, რადიკალებმა დიდი ენერგია შესძინეს ანტისაომარ მოძრაობებს. სამთავრობო კამპანია ომის საწინააღმდეგო ოპოზიციის ჩახშობაში გადაიზარდა სერიოზულ პანიკაში, რომელიც გაგრძელდა 1920-იან წლებში.

მსოფლიო ომებს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1930-იან წლებში დაიწყო ფორმირება დასავლურმა ანტისაომარმა მოძრაობამ, რომელშიც შეინიშნება დიდი ნაწილი პოლიტიკური და ორგანიზაციული ფესვების. ომის საწინააღმდეგო მოძრაობებისთვის დამახასიათებელი იყო წინააღმდეგობის გაწევა კორპორატიული ინტერესების მიმართ, რომლებიც აღიქმებოდნენ ომისგან სარგებლის მიმღებ პირებად; ასევე, სტატუს-კვოს მიმართ, რომლის შედეგად ხდებოდა გაცვლა ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლის უფროსების კომფორტზე. ომში გამოძახებული პირები იყვნენ ღარიბი ოჯახებიდან და იქ პრივილეგირებული ჯგუფების ნაცვლად არიან, რომლებმაც თავი აარიდეს გაწვევას და სამხედრო სამსახურს. 1933 წელს ოქსფორდის კავშირმა მიიღო დებულება, რომ ის არავითარ შემთხვევაში მიიღებდა მონაწილეობას ომებში. ომის ვეტერანების დიდმა ნაწილმა, მათ შორის ამერიკის გენერალი სმედლი ბატლერი გამოვიდა ომის და სპეკულაციების წინააღმდეგ. ვეტერანები ჯერ კიდევ ცინიკურად იყვნენ განწყობილნი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობის მიღების მოტივებზე, თუმცა, მოგვიანებით, ბევრი იყო მზად ებრძოლა ესპანეთის სამოქალაქო ომში და მიუთითებდნენ იმაზე, რომ პაციფიზმი ყოველთვის არ იყო მოტივაცია.

მეორე მსოფლიო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის მოწინააღმდეგეები ყველაზე აქტიურები იყვნენ მის ადრეულ სტადიაზე. მოძრაობა კიდევ უფრო ძლიერი იყო, სანამ ომი დაიწყებოდა და აგრესორის დაშოშმინების პოლიტიკა და იზოლაციონიზმი ითვლებოდა შესაძლო დიპლომატიურ ვარიანტებად. კომუნისტური ორგანიზაციები, მათ შორის ესპანეთის სამოქალაქო ომის ვეტერანები, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის დროს, ომის წინააღმდეგ გამოვიდნენ; თუმცა, როდესაც გერმანია შეიჭრა საბჭოთა კავშირში (ოპერაცია ბარბაროსა), შეცვალეს პოზიცია.

გარკვეული პერიოდი იყო შთაბეჭდილება, რომ ომმა დააყენა ანტისაომარი მოძრაობები რთულ სოციალურ მდგომარეობაში. ცივმა ომმა მოიტანა ომის შემდგომი რეკონსტრუქცია, სადაც განახლდა ეს მოძრაობები. არსებულმა რეალობამ და საზოგადოების ბუნების ცვლილებამ გამოიწვია ანტისაომარი მოძრაობების განვითარება და ეს განწყობა ძლიერდებოდა, რადგან ცივი ომი წარმოადგენდა კონფლიქტების დაუსრულებელ სერიას, რომლის ფასსაც იხდიდა ახალგაზრდა თაობა.

ცივი ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი გახდნენ ორი სუპერსახელმწიფო, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ჰეგემონიისთვის. ცივმა ომმა წარმოშვა მასობრივი რბოლა ბირთვული შეიარაღებისთვის, ჯაშუშობა, მარიონეტული ომები და უზარმაზარი პროპაგანდისტული კამპანიები. ანტისაბჭოთა ისტერიამ ამერიკაში გამოიწვია ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები მემარცხენეების მიმართ.

ცივი ომის პერიოდის მილიტარისტული განწყობები იყო მიზეზი იმის, რომ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ყველა მამრობითი სქესის სტუდენტისთვის სარეზერვო ოფიცრების სასწავლო კორპუსი იყო სავალდებულო. ქრისტიან-სოციალისტი და პაციფისტი სტუდენტის, ივან კინგის დახმარებით 1957 წელს დაარსდა სტუდენტთა სოციალისტური ორგანიზაცია, რომელიც ახალ პროგრესულ იდეებს ავრცელებდა ამ პერიოდში. ისინი გამოირჩეოდნენ კონტრდემონსტრაციებით და მილიტარიზმის და ომის საწინააღმდეგო რიტორიკით.

ვიეტნამის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1964 წელს დაიწყო ორგანიზებული პროტესტი ამერიკის მონაწილეობის წინააღმდეგ ვიეტნამის ომში, რომელიც თავიდან ნელი ტემპებით მიმდინარეობდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში და შემდგომ სწრაფად განვითარდა, რადგან ომი დიდი მსხვერპლის შემცვლელი გამოდგა. 1967 წელს ანტისაომარი კოალიციის აქტივისტებმა შექმნეს ეროვნული მობილიზაციის კომიტეტი ვიეტნამის ომის დასრულების მიზნით, რომელმაც მოაწყო რამდენიმე მასშტაბური დემონსტრაცია 60-იანი წლების ბოლოდან 1972 წლის ჩათვლით. კომფორმიზმის წინააღმდეგ წასვლამ, მშვიდობის და ანტიელიტურმა განწყობებმა მოიცვა კონტრ-კულტურული სიმღერები, ორგანიზაციები, პიესები და სხვა ლიტერატურული ნაშრომები. ომის საწინააღმდეგო განწყობა განვითარდა სტუდენტურ აქტივიზმში და სამოქალაქო უფლებების განვითარებაში და გამოიხატა დემოგრაფიული რიცხვების ზრდაში.

ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო მოძრაობა ხშირად ითვლება მთავარ ფაქტორად თვითონ ამერიკის გასვლის ვიეტნამიდან. ბევრი ვიეტნამის ვეტერანი, მათ შორის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და სენატორი ჯონ კერი და ვეტერანი რონ კოვიჩი, ამერიკაში დაბრუნების შემდეგ გამოვიდა ომის წინააღმდეგ განცხადებებით.

1968 წლის პროტესტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1968 წლის პროტესტები მოიცავდა მსოფლიოში სოციალური კონფლიქტების ესკალაციას, რაც ძირითადად ხასიათდებოდა პოპულარული აჯანყებებით სამხედრო და ბიუროკრატიული ელიტების წინააღმდეგ, რომლებიც გამოეხმაურნენ პოლიტიკური რეპრესიების ესკალაციას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ საპროტესტო მოვლენებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამოქალაქო უფლებების მოძრაობების განვითარებაში და ასევე მოიცავდა ფართო პროტესტს ვიეტნამის ომის წინააღმდეგ ამერიკაში და ევროპაში.

იუგოსლავიის ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაციონალიზმის და პოლიტიკური დაძაბულობის აღზევებით, მათ შორის, სლობოდან მილოშევიჩის ხელისუფლებაში მოსვლით და იუგოსლავიის ომის დაწყებით 1991 წელს, მრავალი ომის საწინაამღდეგო მოძრაობა განვითარდა სერბეთში. ომის საწინააღმდეგო პროტესტები ბელგრადში ძირითადად მიმდინარეობდა ვუკოვარის ბრძოლის, დუბროვკინას ალყის და სარაევოს ალყის წინააღმდეგ. თითქმის 50000-ზე მეტი ადამიანი იღებდა მონაწილეობას პროტესტში და 150 000-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციაში: „შავი ლენტების მარში“ სარაევოში მყოფი ადამიანების სოლიდარობის ნიშნად.

ყველაზე ცნობილი ასოციაციები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც წამოიწყეს ომის საწინააღმდეგო იდეები და მოძრაობები სერბეთში იყვნენ ანტისაომარი მოქმედებების ცენტრი, ქალები შავებში, ჰუმანიტარული სამართლის ცენტრი და ბელგრადის წრე.

2001 წლის ომი ავღანეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ ეტაპზე პროტესტები ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში არ იყო მასშტაბური ხასიათის, ავღანეთში ომთან დავაკშირებით. ამის მიზეზი იყო რეაქცია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტზე და ამერიკის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა ავღანეთში ომს.

მეტნაკლები წინააღმდეგობა მოდიოდა რიგი პაციფისტური ჯგუფებისგან და იმათგან, ვინც მემარცხენე იდეებს ავრცელებდა; მაგალითად, აშშ-ში A.N.S.W.E.R. იყო ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ორგანიზაცია ომის საწინააღმდეგო პროტესტით, თუმცა მათ სერიოზული ბრალდებები წარუდგინეს, რომ ისინი იყვნენ სტალინისტური მსოფლიოს მუშათა პარტიის ექსტრემისტული ფრონტის წევრები. დროთა განმავლობაში წინააღმდეგობები უფრო გავრცელდა და მიზეზი იყო კონფლიქტის ხანგრძლივობა და ერაყში ინტერვენცია.

ომი ერაყში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომის საწინააღმდეგო პოზიციებმა მოიპოვეს მხარდაჭერა და ყურადღება ამერიკის და მისი მოკავშირეების მიერ 2003 წელს ერაყში ინტერვენციით. მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ატარებდა მასობრივ საპროტესტო აქციებს შეჭრის უშუალო დაწყებამდეც; დემონსტრაციები და სხვა ფორმის აქტივობები მთელი ამ ომის პერიოდში გრძელდებოდა. ამერიკაში ძირითადი კრიტიკა მოდიოდა "Grassroots" მოძრაობიდან.

მოწინააღმდეგეები აპროტესტებდნენ ომის მიმდინარეობას და შემდგომმა მოვლენებმა საზოგადოებრივი განწყობები შეცვალა, შედეგად, საზოგადოების მხრიდან 2004 წლის გაზაფხულზე პირველად გაჟღერდა მოთხოვნა ომის დასრულების შესახებ.

ირანთან შესაძლო ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ შესაძლო ომის პროტესტები 2005-2006 წლებში დაიწყო. 2005 წლის დასაწყისში ჟურნალისტებმა, აქტივისტებმა და აკადემიკოსებმა, სეიმურ ჰერშმა, სკოტ რიტერმა, ოზეფ სირინჩიონმა და ხორხე ჰირშმა დაიწყეს პუბლიკაციების გამოქვეყნება. ისინი შეეხებოდა ამერიკის შეშფოთებას, რომ ირანს შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღის პროგრამა და შედეგად, ამერიკის მთავრობა მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას ირანში სამხედრო მოქმედებების დასაწყებად.

ეს ანგარიშები და ირანთან კონფლიქტის ესკალაცია გახდა მიზეზი რიგი მოძრაობების ფორმირების, მათ შორის კამპანია სანქციების და სამხედრო ჩარევის ირანში, რომ მომხდარიყო ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმებისგან თავის დაცვა.

2014 წლის ომი დონბასში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წელს რუსეთში ჩატარებული ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციები გამოწვეული იყო რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ინტევენციით. მომიტინგეებმა ჩაატარეს ორი ომის საწინააღმდეგო მიტინგი 2014 წლის 2 და 15 მარტს. 15 მარტის აქცია ცნობილია, როგორც მშვიდობის მარში და ჩატარდა მოსკოვში ერთი დღით ადრე ყირიმის რეფერენდუმამდე. გამოცემა Reuters ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას 15 მარტის დემონსტრაციებში.

ანტიბირთვული აქტივიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო დანადგარები და ინდუსტრიები დიდი ხანია, რაც წყნარ ოკეანეში მდებარე მრავალი რეგიონის ეკონომიკის მთავარი საყრდენია. ომის საწინააღმდეგო მოძრაობის ისტორია აჩვენებს, რომ 1970-იან და 1980-იან წლებში მსგავსი ტიპის პროტესტები არსებობდა. განსაკუთრებული სახე აქტივიზმმა მიიღო ვიეტნამის ომის ბოლო წლებში, როდესაც ანტისაომარი მოძრაობების წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ჩრდილო-დასავლეთით არსებული ბირთვული იარაღის საფრთხეზე. ანტიბირთვული მოძრაობები იყენებდნენ პაციფისტურ, არაძალადობრივ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მეთოდებს. მათ ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ განაგრძეს საქმიანობა 1980-იანებში,რომელიც იყო გაერთიანება ომის, მილიტარიზმის, ბირთვული იარაღის და კონკრეტული სამხედრო ჩარევის წინააღმდეგ.

ხელოვნება და კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინგლისელი პოეტის, რობერტ საუთის ლექსი „ბლენჰაიმის შემდეგ“ არის მაგალითი ომის საწინააღმდეგო ლიტერატურის. ეს ლექსი დაიწერა 1796 წელს, ბლენჰაიმის ბრძოლიდან 92 წლის შემდეგ.

პირველი მსოფლიო ომის შედეგად პოეტების და მწერლების მთელმა თაობამ დაიწყო ომის შესახებ წერა. უილფრიდ ოუვენის და ზიგფრიდ სასონის ნაშრომებმა ბრიტანული რეალობა წარმოაჩინა, დაბალი ფენის ცხოვრების წესი და ბრიტანელების დამოკიდებულება ომის მიმართ. გერმანელმა მწერალმა ერიხ მარია რემარკმა დაწერა „ყველაფერი წყნარადაა დასავლეთის ფრონტზე“, რომელიც გახდა ყველაზე ხშირად ციტირებადი ნაშრომი ომის საწინააღმდეგო გამოსვლებში და საინფორმაციო საშუალებებში.

პაბლო პიკასოს 1937 წლის ნახატი გერნიკა არის აბსტრაქცია, რომელმაც უნდა გამოიწვიოს ემოციური უკუგება გერნიკის დაბომბვის შედეგად დაღუპული ადამიანების მიმართ, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს. ამერიკელი მწერლის, კურტ ფონეგუტის 1969 წლის სამეცნიერო ფანტასტიკა „სასაკლაო-ხუთი“ აღწერს დრეზდენის დაბომბვას მეორე მსოფლიო ომის დროს.

XX საუკუნის მეორე ნახევარში ასევე შეინიშნებოდა ომის საწინააღმდეგო განწყობები ხელოვნების სხვა სფეროებში. მუსიკაში, მაგალითად, სიმღერა „Eve of Destruction“ და „One Tin Soldier“ და ფილმები „M*A*S*H“ და „Die Brucke“, რომლებიც გამოვიდა ცივი ომის და კონკრეტული კონფლიქტის წინააღმდეგ, როგორიცაა ვიეტნამის ომი. ამერიკის ომი ერაყში ასევე იყო რიგი პირების მიზეზი ანტისაომარი აქტივობის, მათ შორის მაიკლ მურის ფილმი „ფარენგეიტი 9/11“ და კანადელი მუსიკოსის ნილ იანგის 2006 წლის ალბომი „Living with War“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chickering, Roger. Imperial Germany and a World Without War: The Peace Movement and German Society, 1892-1914 (Princeton UP, 2015).
  • Curti, Merle. The American peace crusade, 1815-1860 (1929) online free to borrow
  • Davenport, Christian, Erik Melander, and Patrick M. Regan. The Peace Continuum: What it is and how to Study it (Oxford UP, 2018).
  • Gledhill, John, and Jonathan Bright. "Studying peace and studying conflict: Complementary or competing projects?." Journal of Global Security Studies 4.2 (2019): 259–266.
  • Howlett, Charles F. “Studying America's Struggle against War: An Historical Perspective.” History Teacher 36#3 (2003), pp. 297–330. online.
  • Jarausch, Konrad H. "Armageddon Revisited: Peace Research Perspectives on World War One." Peace & Change 7.1‐2 (1981): 109–118.
  • Jeong, Ho-Won. Peace and conflict studies: An introduction (Routledge, 2017).
  • Kaltefleiter, Werner, and Robert L. Pfaltzgraff. The Peace Movements in Europe and the United States (Routledge, 2019).
  • Patler, Nicholas. Norman's Triumph: the Transcendent Language of Self-Immolation Quaker History, Fall 2105, 18–39.
  • Patterson, David S. The Search for Negotiated Peace: Women's Activism and Citizen Diplomacy in World War I (Routledge. 2008)
  • Peterson, Christian Philip, William M. Knoblauch, and Michael Loadenthal, eds. The Routledge History of World Peace Since 1750 (Routledge, 2018).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]