ომარ მარგველაშვილი
ომარ ალექსანდრეს ძე მარგველაშვილი (დ. 6 სექტემბერი, 1942, თბილისი) — ქართველი ინჟინერ-მშენებელი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (2004), საქართველოს და რუსეთის დამსახურებული ინჟინერი (1987), სტუ-ის პროფესორი (2015). საქართველოს და საერთაშორისო საინჟინრო აკადემიების ნამდვილი წევრი (2011); საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი (2020); საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების საბჭოს წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1965 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1965-1969 წლებში მუშაობდა „თბილქალაქმშენში“, სამშენებლო ტრესტ „ამიერკავკასმეტალურგმშენში“; 1969-1973 წლებში იყო ტრესტ „საქშახტმშენის“ სამშენებლო სამმართველო „მადნეულმშენისა“ და 1973-1976 წლებში „საქშახტმონტაჟის“ უფროსი; 1976-1979 წლებში ტრესტ „საქშახტმშენის“ მმართველი; 1979-1983 წლებში მშენებლობის მინისტრის მოადგილე, 1983-1986 წლებში მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრის მოადგილე; 1986-1991 წლებში მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე; 1991-1994 წლებში მატერიალური რესურსების მინისტრის პირველი მაოდგილე, 1994-2004 წლებში ტურიზმისა და კურორტების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ეკავა სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები. არის სააქციო საზოგადოება „თბილღვინოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე (2004 წლიდან).
სხვადასხვა წლებში ო. მარგველაშვილი მონაწილეობდა მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობაში (ბამის – ბაიკალ-ამურის მაგისტრალი, სლავუტიჩის – ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ, ტიუმენის ნავთობმომპოვებელი კომპლექსი); ხელმძღვანელობდა ფოთის გემთმშენებელი და ლანჩხუთის სამხედრო დანიშნულების ქარხნების მშენებლობას, თბილისის ვაგონშემკეთებელი და რუსთავის აზოტის ქარხნების, ასევე ქუთაისის ავტოქარხნის რეკონსტრუქციას, აგრეთვე 1987 წელს სომხეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის შტაბს.
ო. მარგველაშვილი არის მშენებლობის ეკონომიკის, მართვისა და ტექნოლოგიური კომპლექტაციის საკითხებზე სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
1962-1964 წლებში ო. მარგველაშვილი იყო საქართველოს სამგზის ჩემპიონი აკადემიურ ნიჩბოსნობაში.
ჯილდოები და მედლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001) და ნ. ნიკოლაძის სახ. პრემიით (2022).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 5, თბ., 2024. — გვ. 111.