ოლღა ბახუტაშვილ-შულგინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ოლღა ალექსანდრეს ასული ბახუტაშვილ-შულგინა (დ. 13 აპრილი, 1879, ქუთაისი ― გ. 20 აპრილი, 1950, თბილისი) — ქართველი მომღერალი (სოპრანო), ერთ-ერთი პირველი ქართველი საოპერო მომაღერალი ქალი, ქართული ვოკალური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი (1921-იდან), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1941).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ექიმის ოჯახში, რომელიც თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. დედამ შეაყვარა მუსიკა და შეიყვანა ფორტეპიანოს შესასწავლად პროფესორს მატკოვსკისთან. შემდეგ სწავლობდა მუსიკალურ სასწავლებელში. 19 წლის ასაკში მოწაფედ აიყვანა ე. რიადნოვმა, ხოლო შემდეგ მილანიდან ჩამოსულმა პ. რონციმ. მისი დებიუტი შედგა თბილისის საოპერო სცენაზე 1901 წლის 29 დეკემბერს. ჩაატარა კონცერტები მოსკოვში. სანქტ-პეტერბურგში გაიარა ვოკალის უმაღლესი კურსები იპოლიტე პრიანინშიკოვის ხელმძღვანელობით. 1903 წელს გამოდიოდა პარიზსა და მილანში. პარიზში მეცადინეობდა პროფესორ ტეკისთან, მილანში კი პროფესორ ვიდალთან და ბროჯოსთან. 1904 წელს დაბრუნდა მოსკოვში და მისი დებიუტი შედა მოსკოვის დიდი თეატრში. 1904-1906 წლებში მოღვაწეობდა კიევში. 1906 წელს მიიწვიეს ოდესის ოპერის და ბალეტის თეატრში, სადაც ოთხი წლის განმავლობაში დარჩა სამუშაოდ. პარალელურად კონცერტებს ატარებდა თბილისში, ხარკოვში, ბაქოში, ყაზანში, კისლოვოდსკში, ეკატერინბურგსა და სხვა ქალაქებში.

1917 წელს დაბრუნდა საქართველოში. შემდეგი ათი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა თბილისის საოპერო სცენაზე. ბახუტაშვილ-შულგინა იყო ეთერისა (ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“) და გულჩინას (დიმიტრი არაყიშვილის „შოთა რუსთაველი“) პირველი შემსრულებელი. 1918 წლიდან დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა ფილარმონიის მუსიკალურ სასწავლებელში. 1921 წლიდან ხელმძღვანელობდა ვოკალურ კლასს მეორე კონსერვატორიაში. 1926 წელს დაინიშნა კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტის დეკანად.

თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე შეასრულა სოპრანოს პარტია: ტატიანა, ლიზა, იოლანტა, მარია (პეტრე ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, „პიკის ქალი“, „იოლანტა“, „მაზეპა“), თამარი (ანტონ რუბინშტეინის „დემონი“), აიდა (ჯუზეპე ვერდის „აიდა“), ბატერფლაი (ჯაკომო პუჩინის „ჩიო-ჩიო-სანი“) და მრავალი სხვა. ბახუტაშვილ-შულგინა პირველი ქართველი მომღერალი ქალი იყო, რომელსაც მიენიჭა საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტის წოდება. იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი პროფესორი ვოკალის დარგში. მისი მოწაფეები (ეკატერინე სოხაძე, ნადეჟდა ცომაია, პეტრე ამირანაშვილი, მერი ნაკაშიძე, გიორგი გოგიჩაძე, მიხეილ ყვარელაშვილი, ლეილა გოცირიძე, პეტრე თომაძე და სხვა) წარმატებით მოღვაწეობდნენ საოპერო თეატრებსა და ესტრადაზე. ავტორია სამეცნიერო-მეთოდური ხასიათის შრომებისა: „ვოკალური პედაგოგიკის ცდა. ბგერის დასაყენებლი საყოველთაო სავარჯიშოების კრებული“, „კადენციები და მელიზმები“ (1940), „ვოკალიზმები მაღალი ხმისათვის ქართულ ხალხურ თემებზე“ (1942).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლეჟავა ზ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 66-67.
  • გედევანიშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 256.
  • „ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი", თბილისი, 2015
  • ბერიძე ვ., „ხელოვნება და კულტურა დამოუკიდებელ საქართველოში“, თბილისი, 1992
  • ყვარელაშვილი მ., თაობათა აღმზრდელი, ჟურნალი „ქართველი ქალი“ N9, 1978
  • ბახუტაშვილი ნ., გამოჩენილი მომღერალი და პედაგოგი", ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება" N9, 1960