ოლუსეგუნ ობასანჯო
| ოლუსეგუნ ობასანჯო | |
| ნიგერიის მე-12 პრეზიდენტი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 29 მაისი, 1999 – 29 მაისი, 2007 | |
| ვიცე-პრეზიდენტი | ატიკუ აბუბაქრი |
| წინამორბედი | აბდულსალამი აბუბაქრი |
| მემკვიდრე | უმარუ მუსა იარ-ადუა |
ნიგერიის მე-5 პრეზიდენტი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 13 თებერვალი, 1976 – 1 ოქტომბერი, 1979 | |
| წინამორბედი | მურტალა მუჰამედი |
| მემკვიდრე | შეჰუ შაგარი |
| დაბადებული | 5 მარტი, 1937 იფო, ოგუნის შტატი, ნიგერია |
| ეროვნება | ნიგერიელი |
| პოლიტიკური პარტია | სახალხო დემოკრატიული პარტია |
| მეუღლე | ესტერ ოლურემი; მოჯისოლა ადეკუნლე |
ოლუსეგუნ ობასანჯო (ინგლ. Olusegun Obasanjo; დ. 5 მარტი, 1937 — ნიგერიელი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი და არმიის ყოფილი გენერალი, რომელიც ორჯერ: 1976 წლიდან 1979 წლამდე და 1999 წლიდან 2007 წლამდე იყო ნიგერიის პრეზიდენტი. იდეოლოგიურად ის არის ნიგერიელი ნაციონალისტი, 1998 წლიდან 2015 წლამდე იყო სახალხო დემოკრატიული პარტიის (PDP) წევრი.
ობასანჯო იორუბას ხალხის ოვუს შტოს ფერმერთა ოჯახში დაიბადა. განათლება ძირითადად ოგუნის შტატის დედაქალაქ აბეოკუტაში მიიღო. იგი ნიგერიის არმიაში შევიდა და ინჟინერიის განხრით მიიღო განათლება. მსახურობდა კონგოში, დიდ ბრიტანეთსა და ინდოეთში, სადაც მაიორის წოდება მიიღო. 1960-იანი წლების ბოლოს მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბიაფრელი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ნიგერიის სამოქალაქო ომის დროს. 1975 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად ნიგერიაში ხუნტის მმართველობა დამყარდა, რომლის მმართველი ტრიუმვირატის შემადგენლობაშიც ობასანჯო შედიოდა. მას შემდეგ, რაც მომდევნო წელს ტრიუმვირატის ლიდერი, მურტალა მუჰამედი მოკლეს, უზენაესმა სამხედრო საბჭომ ოსობანჯო სახელმწიფოს მეთაურად დანიშნა. ობასანჯომ მურტალას პოლიტიკა გააგრძელა და უფასო განათლების ხელმისაწვდომობაზე აკეთებდა აქცენტს.[1][2]
ობასანჯოს ნიგერიაში დემოკრატიის აღდგენის სურვილი ჰქონდა, სწორედ ამიტომ 1979 წლის არჩევნებს ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც ძალაუფლება მოქალაქეთა მიერ ახლადარჩეულ პრეზიდენტ შეჰუ შაგარის გადააბარა. შემდეგ ობასანჯო ოგუნის შტატის ქალაქ ოტაში გადავიდა პენსიაზე, სადაც ფერმერი გახდა, ოთხი წიგნი გამოაქვეყნა და მონაწილეობა მიიღო აფრიკის სხვადასხვა კონფლიქტის დასრულების საერთაშორისო ინიციატივებში.
1993 წელს სანი აბაჩა სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდა. ობასანჯო ღიად აკრიტიკებდა აბაჩას ადმინისტრაციას და 1995 წელს დააპატიმრეს. ის დაგეგმილ გადატრიალებაში მონაწილეობისთვის გაასამართლეს. პატიმრობისას ის ხელახლა დაიბადა ქრისტიანად. პროვიდენციალიზმმა ძლიერი გავლენა მოახდინა მის შემდგომ მსოფლმხედველობაზე. ობასანჯო 1998 წელს, აბაჩას გარდაცვალების შემდეგ გაათავისუფლეს.
ობასანჯო 1999 წლის საარჩევნო რბოლაში ჩაერთო და კენჭს სახალხო-დემოკრატიული პარტიის სახელით იყრიდა. ამ არჩევნებში მან გაიმარჯვა.
პრეზიდენტის რანგში მან არმიის დეპოლიტიზაცია მოახდინა, გააძლიერა პოლიცია. ობასანჯომ ქვეყნის არმიის გამოყენება ნიგერიაში ფართოდ გავრცელებული ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტების პრობლემის გადასაჭრელად აქტიურად დაიწყო.
მან სიერა-ლეონედან ნიგერიის სამხედრო ძალები გაიყვანა და სახელმწიფოს ქონების პრივატიზაციის ეტაპი დააჩქარა. ობასანჯო ხელახლა აირჩიეს 2003 წლის არჩევნებში.
ოლუსეგუნ ობასანჯო აფრიკის კავშირის შექმნის დიდი ქომაგი იყო და ამ ორგანიზაციას 2004 წლიდან 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა.
ობასანჯოს მცდელობები, შეეცვალა კონსტიტუცია საპრეზიდენტო ვადის შეზღუდვის გაუქმების მიზნით, წარუმატებელი აღმოჩნდა და კრიტიკა დაიმსახურა. პენსიაზე გასვლის შემდეგ მან თეოლოგიის დოქტორის ხარისხი ნიგერიის ეროვნულ ღია უნივერსიტეტში მიიღო.[3]

ობასანჯოს ახასიათებენ, როგორც პოსტკოლონიური აფრიკელი ლიდერების მეორე თაობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურას. მან 1970-იან წლებში ნიგერიის წარმომადგენლობით დემოკრატიაზე გადასვლის ზედამხედველობისთვის ქება დაიმსახურა. მას ასევე აქებენ კონტინენტზე თანამშრომლობის წახალისების მიზნით პან-აფრიკული ძალისხმევისთვის. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ის კორუფციაში იყო დამნაშავე, რომ მისი ადმინისტრაცია ადამიანის უფლებების დარღვევებს აკონტროლებდა და რომ პრეზიდენტის რანგში ის ზედმეტად დაინტერესებული იყო პირადი ძალაუფლების კონსოლიდაციითა და შენარჩუნებით.[4][5][6]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლუსეგუნ ობასანჯოს მამა ობასანჯო ბანკოლე 1920-იანი წლების დასაწყისში იგბოგუნის-ოლაოგუნის სოფლის ერთ-ერთი პირველი მოსახლე და დამფუძნებელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის მდიდარი ფერმერი და პალმის ღვინის მწარმოებელი იყო, მას მაინც დაბალი ფენის წარმომადგენლად თვლიდნენ, რადგან ის იორუბას ხალხის მიწებზე მცხოვრებთა განათლებულ ელიტას არ მიეკუთვნებოდა. ბანკოლე იგბოგუნში ადგილობრივ ვაჭარ ბერნის აშაბის შეხვდა და მასზე იქორწინა. წყვილის ექვსი შვილიდან მხოლოდ ორი გადარჩა. ოლუსეგუნი და ადუნი ოლუვოლა, მისი ერთადერთი და. ოლუსეგუნ ობასანჯოს პასპორტის მიხედვით ოლუსეგუნ ობასანჯო 1937 წლის 5 მარტს დაიბადა, თუმცა ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს და თარიღი მიახლოებითია.
ობასანჯო მის დასთან ერთად ბაპტისტ ქრისტიანად აღიზარდა, თუმცა დამ მოგვიანებით ისლამი მიიღო, რათა მუსლიმ მამაკაცზე დაქორწინებულიყო.
თერთმეტი წლის ასაკში ის სოფლის დაწყებით სკოლაში შევიდა, ხოლო სამი წლის შემდეგ, 1951 წელს აბეოკუტას ოვუს კვარტალში მდებარე ბაპტისტურ დღის სკოლაში გადავიდა. მისი სწავლის საფასური ნაწილობრივ სახელმწიფო გრანტებით ფინანსდებოდა. ის ბოი-სკაუტი გახდა და უარი თქვა თავის სახელზე მეთიუ. სახელის შეცვლა მის მიერ განხორციელებული პირველი ანტიკოლონიური აქტი იყო.[7]
ამასობაში, ობასანჯოს მამამ ოჯახი მიატოვა და სიღარიბეში ჩავარდნილ დედას ვაჭრობის გაგრძელება მოუწია. სწავლის საფასურის გადასახდელად ობასანჯო კაკაოსა და კოლას ფერმებში მუშაობდა. ასევე თევზაობდა, შეშას აგროვებდა და მშენებლებზე ქვიშას ყიდდა. სკოლის არდადეგების დროს ის ასევე მუშაობდა სკოლაში, ბალახს თიბავდა და სხვა ფიზიკურ სამუშაოებს ასრულებდა სკოლის შენობის მოვლა-პატრონობისთვის.[8]
1956 წელს ობასანჯომ საშუალო სკოლის გამოცდები ჩააბარა, რისთვისაც სააპლიკაციო საფასურის გადასახდელად ფული ისესხა. იმავე წელს მან სადგურის უფროსის ქალიშვილ ესტერ ოლურემი აკინლავონთან დაიწყო ურთიერთობა. ისინი 1958 წლისთვის დაქორწინდებოდნენ.[9] სკოლის დამთავრების შემდეგ ის იბადანში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მასწავლებლის სამსახური დაიწყო. მან იბადანის უნივერსიტეტის კოლეჯში მისაღებ გამოცდაზე ჩააბარა, თუმცა სწავლის ფულის მოგროვება ვერ შეძლო და ვერ ისწავლა. შემდეგ ობასანჯომ გადაწყვიტა სამოქალაქო ინჟინრის კარიერა განეგრძო და ამ პროფესიის 1958 წელს ნიგერიის არმიაში მოეწყო.[10]
სამხედრო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ობასანჯო 1958 წელს ნიგერიის არმიაში განათლების გაგრძელებისა და კარიერული წინსვლის მიზნით ჩაეწერა. მან სამხედრო მომზადება განასა და ინგლისში გაიარა, სადაც ბრიტანული სისტემისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. ამ პერიოდში ორივე მან მშობელი დაკარგა.[11]
1959 წელს ობასანჯო ნიგერიაში დაბრუნდა, სადაც იგი კადუნის მეხუთე ბატალიონში ქვეითი ქვედანაყოფის ოფიცრად გაამწესეს. კადუნაში ყოფნა მისთვის მუსლიმანებით დასახლებულ რეგიონში ცხოვრების პირველი გამოცდილება იყო. სწორედ ამ პერიოდში, 1960 წლის ოქტომბერში, ნიგერიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.[12][10]
მალევე მეხუთე ბატალიონი გაეროს სამშვიდობო მისიის ფარგლებში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გააგზავნეს, სადაც ისინი კივუს პროვინციაში, კერძოდ ქალაქ ბუკავუში განლაგდნენ. იქ ობასანჯო და მისი თანამებრძოლები მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკური ბელგიელების დაცვაზე იყვნენ პასუხისმგებელნი. 1961 წლის თებერვალში ობასანჯო ამბოხებულებმა მაშინ შეიპყრეს, როცა ბუკავუს მახლობლად კათოლიკე მისიონერების ევაკუაციას ახორციელებდა, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს. იმავე წლის მაისში ბატალიონი ნიგერიაში დაბრუნდა. კონფლიქტის პერიოდში იგი დროებით კაპიტნადაც დაინიშნა.[12]
პოლიტიკური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წლის ივლისში შეჰუ მუსამ და იოზეფ გარბამ სამხედრო გადატრიალებით იაკუბუ გოვონის ხელისუფლება დაამხეს. ობასანჯო გეგმებში ჩართული არ იყო, რადგან სამხედრო გადატრიალებებს კრიტიკულად უყურებდა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მურტალა მოჰამედი გახდა სახელმწიფოს მეთაური, ხოლო ობასანჯომ არმიის უმაღლესი გენერალური შტაბი ჩაიბარა. მათ შეამცირეს ინფლაცია, შექმნეს კორუფციის ბიურო, შეცვალეს სამხედრო გუბერნატორები და 11 000 სამოქალაქო მოხელე “ოპერაცია დედვუდის” ფარგლებში სამსახურიდან დაითხოვეს.
მათ ნიგერიის მმართველობაში სამოქალაქო მმართველობის დაბრუნება სურდათ, შესაბამისად მორიგი არჩევნების შესახებ 1975 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს. არჩევნები 1979 წელს უნდა გამართულიყო. ობასანჯომ ახალ კონსტიტუციაზე სამუშაოდ 49 წევრიანი კომიტეტი შეკრიბა, მათ შეცვალეს ტერიტორიული მოწყობა და შექმნეს 7 ახალი შტატი. ასევე დაიწყეს დედაქალაქის ლაგოსიდან აბუჯაში გადატანის პროცესი. 1976 წელს ობასანჯოს ლეიტენანტის სამხედრო რანგი მიანიჭეს.[13]
1976 წლის თებერვალში პოლკოვნიკმა ბუკა სუკა დიმკამ ნიგერიის მთავრობის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო, რომლის დროსაც გენერალი მურტალა მუჰამედი მოკლეს. ობასანჯოს მოკვლაც სცადეს, თუმცა შეცდომით სხვა პიროვნება მოკლეს. დიმკას სამხედროებში ფართო მხარდაჭერა არ ჰქონია და მისი სახელმწიფო გადატრიალება ჩაიშალა, რის გამოც ის ქვეყნიდან გაიქცა. ობასანჯო კანოში მურტალას დაკრძალვას არ დასწრებია, თუმცა განაცხადა, რომ მთავრობა მის საფლავზე მეჩეთის მშენებლობას დააფინანსებდა. მურტალას მკვლელობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის 39 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.[14]
პრეზიდენტობა 1999 - 2007
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამდებობის დატოვებამდე, 1979 წლის აპრილში ობასანჯომ თავის თავს გენერლის რანგი მიანიჭა და ოთხვარსკვლავიანი გენერლის რანგში ის სახელმწიფოსგან ხელფასს იღებდა. ოქტომბერში თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ის აბეოკუტაში დაბრუნდა. სასოფლო-სამეურნეო სასწავლო კოლეჯში ექვსკვირიანი კურსის გავლის შემდეგ ფერმერობას მიჰყო ხელი. აგრეთვე გამოსცა რამდენიმე წიგნი.
ობასანჯო გენერალ სანი აბაჩას სამხედრო რეჟიმის პერიოდში, 1995 წელს სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს და 3 წელი ციხეში იჯდა. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ მან პრეზიდენტის თანამდებობაზე იყარა კენჭი და გაიმარჯვა. ობასანჯო 1999 წელს გახდა ნიგერიის პრეზიდენტი და ქვეყანას ორი ვადით, 2007 წლამდე მართავდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Obasanjo's story, Aremu set to hit the stage (13 October 2019). ციტირების თარიღი: 30 October 2019
- ↑ Statement by Obasanjo to the United Nations. ციტირების თარიღი: 23 April 2011
- ↑ Adegbite, Charles Segun. (16 December 2017) At 80years, Obasanjo bags Ph.D in Theology en. ციტირების თარიღი: 27 June 2024
- ↑ Olusegun Obasanjo | president of Nigeria | Britannica en. ციტირების თარიღი: 22 February 2022
- ↑ Nigeria needs more 'rebels', says Obasanjo en-US (19 February 2022). ციტირების თარიღი: 22 February 2022
- ↑ Olusegun Obasanjo | Biography, Age, & Facts | Britannica en (2025-01-23). ციტირების თარიღი: 2025-02-01
- ↑ Olusegun Obasanjo | president of Nigeria | Britannica en. ციტირების თარიღი: 24 March 2022
- ↑ Iliffe 2011, p. 9; Derfler 2011, p. 73; Adeolu 2017, p. 5.
- ↑ Iliffe 2011, p. 10.
- 1 2 Olusegun Obasanjo | InterAction Council. ციტირების თარიღი: 2025-02-01
- ↑ Iliffe 2011, p. 13.
- 1 2 Iliffe 2011, p. 14.
- ↑ Iliffe 2011, p. 47.
- ↑ Iliffe 2011, p. 49.