ოლური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ისტორიული მესხეთის მხარეები VIII-X საუკუნეებში.
Olur-ის რეგიონი თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე

ოლური (თურქ. Olur; ძვ. ქართ. სახელწოდება — ტაოსკარი) — ციხე-ქალაქი და ადმინისტრაციული ერთეული ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოს მხარეში, ამჟამად მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. ტაოსკარი მოიცავს ფართო დაბლობს მდინარე ტაოსკარსა და სალუჩურის შესართავს შორის. ეს ქვაბული ყოველი მხრით შემოზღუდულია მაღალი კლდოვანი მთებით და მათ გარდა კიდევ სხვა ხუთი პატარა ხევით. აქვე მდებარეობდა ტაოსკარის ეკლესია, რომელიც XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის,[1] ცნობით, ბანის საეპისკოპოსოს სამწყოში შედიოდა.

ვიკიციტატა
„ႨႡ. ბანელის სამწყსო სულ ბანი, ტაოსკარი, ფანასკერტი, პარეზის-ჴეობა (ჰარეზის), სულა ოლთისი და ნამურაკანი.“
(ანდერძი წმინდისა მეფისა დავით აღმაშენებლისა)

ექვთიმე თაყაიშვილი, ტაოსკარს აღწერს შემდეგნაირად:

მოსახლეობას შეადგენდა უმთავრესად გამაჰმადიანებული ქართველები, 100 კომლამდის. ადგილობრივი ბეგი ხიმშიაშვილი იყო, დარვიშ-ბეგი. ხიმშიაშვილების მიერ არის აშენებული ტაოსკარის ჯამე 1072 წელს გიჯრისა. ქვის ოთხკუთხედი შენობაა ოლთისის ჯამეს გეგმისა, მაგრამ არა ისე ლამაზი და შემკობილი. ხოლო მისი ხის მიმბეთი და კათედრაც ლამაზად მოხარატებულია. მის ახლოს ძველი აბანოს შენობა არის, ახლა დაქცეული. ზემო ნაწილში დაბისა, ლამაზ ბაღნარში, დაცულია ორი ძველი ქართული ეკლესიის ნანგრევი. უმთავრესი მათ შორის ეკუთვნის მრგვალი რიგის ეკლესიის ტიპს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟორდანია თ. „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, თბ. 1897, გვ. 53
  2. ტაოსკარი - //თაყიშვილი ე. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს // - პარიზი. - 1938. - გვ.68-70. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991. - გვ.368-372.