ოლიების მიწის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოლიების მიწის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი სოფელ გულგულის ჩრდილო-დასავლეთით, 2 კილომეტრზე, მდინარე თურდოს მარცხენა ნაპირას. თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით II ათასწლეულის მეორე ნახევრით. სამარხების გარკვეული ნაწილი დაზიანებულია მდინარე თურდოსგან.

ძეგლი 1956, 1968-1969 წლებში შეისწავლა ივ. ჯავახიშვილის სხელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). გაითხარა 24 სამარხი და სამარხთა ნაშთი. სამაროვანი სტრატიქრაფიულად მრავალიარუსიანია, სამარხები მოგრძო, ოთხკუთხა ორმოები განლაგებულია ხუთ იარუსად. დამხრობილია სიგრძივ, ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ქვედა იარუსის სამარხების უმეტესობას რიყის ქვის, მცირე ყრილები აქვს. სამარხთა ინვენტარს შემორჩენილი აქვს შუა ბრინჯაოს ხანის, თიხის ჭურჭლის არაერთი ელემენტი (კეცის დამუშავება, ფორმები). ზოგიერთი ორნამენტული სახე თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს ადრინდელი საფეხურით. სამარხები ინდივიდუალური და ინჰუმაციურია. მიცვალებულები დაკრძალული არიან კიდურებმოხრილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით ჩედილო-დასავლეთისკენ. უმეტესად სამარხის ცენტრში და გარშემოწყობილი აქვთ თიხის ჭურჭელი. ზოგ შემთხვევაში მიცვალებული მთლიანად არის დასვენებული თიხის ჭურჭელზე(რაც ხის სარეცლის არსებობაზე უნდა მიუთითებდეს). სამარხები გამოირჩევა თიხის ჭურჭლის სიმრავლით. დადასტურებულია: ხელჩაფები,შვერილყურებიანი თუ ორყურა დერგები, სადღვებლები, კოჭობები, ქოთნები, სასმისები, ქილები, ფილები, სურები, ლანგრები. ცილინდრულქუსლიანი ჯამები ზოგჯერ ერთ სამარხში 60-მდე ერთეულია ჩატანებული, რის გამოც, ისინი ხშირად ორ, სამ და ოთხ სართულადაც კია განლაგებული. ჭურჭელი ქვიშანარევი თიხისისაა და სამეთუნეო მორგვზეა დამზადებული, გამომწვარი თხელფენოვნად, რუხად, მონაცრისფროდ, შავზედაპირიანი, ზიგჯერ ნაპრიალები. მათი ზედაპირი, უმეტესწილად, ორნამეტირებული კონცეტრული. ამოღრული ხაზებით. ჭურჭლის მხარსა და პირის კიდეს გასდევს ირიბი ნაჭდევები, ორ კონცეტრულ ხაზს შორის მოქცეული ტალღური, ამოღარული ხაზი. გეომეტრიული ორნამენტებიდან აღსანიშნავია ამოკაწრული სამკუთხედები, რომელთა შიდა არე შევსებულია წერტილოვანი, ნაჭდევი ორნამენტებით, სოლური ნაჭდევებით და ა.შ.

სამაროვანზე დადასტურერბულია ბრინჯაოს იარაღ-საჭურველი (კახური ტიპის შედგენილტარიანი სატევარი, მასრაშეკრული, მასრაზე წყვილი რელიეფულსალტიანი შუბისპირი - სამანჭვლე ორი ნახვრეტით) და სამკაული ( ზამბარისებრი ხვია, ბოლოებგახსნილი სასაფეთქლე რგოლი, ოვალურად მოკავული, ბოლოებგახსნილი საყურე, გრეხილღეროიანი, ბოლოებმოკაუჭებული გვერგვი, სქელი მავთულის ბოლოებგახსნილი სამაჯური, მავთულის ბოლოებგახსნილივე ბეჭედი; კონუსური ღილები, მძივები). ასევე დადასტურდა ცალმხრივნასვრეტიანი სარდიონის მძივი და ღორის, გაპრიალებულზედაპირიანი, ბოლოში გახვრეტილი ეშვი.

დაკრძალვის წეს-ჩვეულებისა და სამარხში ჩატანებული ინვენტარის მიხედვით, სამაროვანის ფუნქციონირების მთელ პერიოდში საგულისხმოა აქ ერთი და იმავე მოსახლეობის არსებობა. ძეგლის ერთ-ერთი თავისებურებაა ის, რომ აქ, როგორც წესი, გვხვდება მსხვილფეხა საქონლის ძვლები.

არქეოლოგიული მასალა ინახება თელავის ისტორიულ მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]