შინაარსზე გადასვლა

ოლეგ რომანიშინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოლეგ რომანიშინი

ოლეგ რომანიშინი, ვარშავა 2019 წელი. ვარსავ ნაიდორფის საჭადარაკო ფესტივალი
ქვეყანა (სპორტი)

საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ,

უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
დაბადების თარიღი 10 იანვარი, 1952 (1952-01-10) (72 წლის)
დაბადების ადგილი ლვივი, უკრაინის სსრ, სსრკ
წოდება დიდოსტატი (1976)
ფიდე რეიტინგი 2415 (მარტი 2022)
მაქსიმალური რეიტინგი 2615 (იანვარი 1993)

ოლეგ რომანიშინი ((უკრ. Олег Михайлович Романишин), (ინგლ. Oleg Romanishin) დ. 10 იანვარი, 1952, ლვივი,უკრაინის სსრ, სსრკ) ― უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (1976), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებში. ფილოლოგი.

ოლეგი 1952 წელს ქალაქ ლვივში დაიბადა და ჭადრაკის თამაში 5 წლისას მამამ მიხაილმა ასწავლა, რომელიც ლვივის ჩემპიონი გახლდათ[1]. ხშირად იმარჯვებდა ახალგაზრდულ ტურნირებზე და 14 წლისას ოსტატის წოდება მიანიჭეს. 1973 წელს გრონინგენში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო და საერთაშორისო ოსტატი გახდა. იმავე წელს სსრკ-ს თასიც აიღო.
1974 წელს ინგლისში, ტესიდეში სსრკ-ს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს სტუდენტური ჩემპიონატი მოიგო. იგი მეოთხე დაფაზე იჯდა, 9 პარტიაში 8 ქულა დააგროვა და ინდივიდუალური ოქროს მედალიც აიღო. მომდევნო წლის ოქტომბერში ნოვი-სადის ტურნირში იმარჯვა, ნოემბერ-დეკემბერში კი ერევანში სსრკ-ს ჩემპიონატზე მეორე ადგილი აიღო. მან 15 პარტიაში 7 მოიგო, 5 ყაიმით დაასრულა, 3 წააგო და ჩემპიონ ტიგრან პეტროსიანს ნახევარი ქულით ჩამორჩა. მის მსგავსად მეორეზე გავიდნენ ბორის გულკო, მიხაილ ტალი და რაფაელ ვაგანიანი. სტუდენტური მსოფლიოს ჩემპიონატი კიდევ ორჯერ 1976 და 1977 წლებში მოიგო, ორივეჯერ პირველ დაფაზე გამოვიდა და 1976-ში გუნდურ ოქროსთან ერთად ინდივიდუალურიც აიღო. სსრკს ნაკრების შემადგენლობაში 1977-1983 წლებში ევროპის ჩემპიონი გახდა. 1979 წელს უკრაინის სსრ-ს შემადგენლობაში სსრკ-ს სპარტაკიადა მოიგო. მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ, საზონათაშორისო ტურნირებში. 1975 წელს მე-15 ადგილზე გავიდა. 1979-ში რიგაში მეხუთე იყო და ნახევარი ქულა დააკლდა მეოთხედფინალში გასასვლელად.
1984 წელს სსრკს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს შერჩეულ მოჭადრაკეთა ნაკრებს ეთამაშა. 3 პარტიიდან 2 ყაიმით დაასრულა და ერთი წააგო. 1985 წელს მექსიკაში, ტაქსკოში საერთაშორისო ზონალურ ტურნირზე გამოვიდა, თუმც მე-12 ადგილს დასჯერდა და მომდევნო ეტაპზე ვეღარ გადავიდა. 1990 წელს დიორში უნგრეთის ღია ჩემპიონატზე იმარჯვა, უახლოეს მდევრებს ორი ქულით გაუსწრო.
1993 წელს გრონინგენში პროფესიულ მოჭადრაკეთა ასოციაციის ეგიდით გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზა, შესარჩევში 54 მონაწილეს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მომავალ ჩემპიონთან ვიშვანათან ანანდთან დამარცხდა 2:5. ორი ტურნირი მოიგო დიდოსტატებში 2004 წელს სოლინ-სპლიტის და 2005-ში „პეტრა ჰოტელის“ რომში. ამჟამად ტურნირებზე იშვიათად გამოდის.

ოლეგ რომანიშინი, 1972/1973 წელი. გრონინგენი, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

მოგებული აქვს პრესტიჟული ტურნირები: ოდესა 1974, ნოვი სადი 1975, ერევანი 1976, ჰასტინგსი 1976/77, ტალინი 1977, ლენინგრადი 1977 (მიხაილ ტალთან ერთად), გაუსდალი 1979, ტილბურგი II ადგილი (ანატოლი კარპოვის შემდეგ), პოლიანიცა ზდრუი 1980, ლვივი 1981 (მიხაილ ტალთან ერთად), იურმალა 1983, მოსკოვი 1985, რეჯო ემილია 1986 (ულფ ანდერსონთან და ლუბომირ ლუბოევიჩთან ერთად), დრეზდენი 1990.

სსრკს ნაკრების შემადგენლობაში 1978 წელს ბუენოს-აირესში ოლიმპიადაზე გუნდურ ვერცხლს დაეუფლა. მან სარეზერვო დაფაზე ითამაშა, 5 მოიგო, 4 ყაიმით დაასრულა, ერთი წააგო და ინდივიდუალურში მეექვსეზე გავიდა. ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე სამჯერ ითამაშა და სამივეჯერ გუნდურ და ინდივიდუალურ ოქროს დაეუფლა.
1977. მოსკოვი. მეშვიდე დაფა. (+3 =3 -0) გუნდური ოქრო, ინდივიდუალური ოქრო
1980. სკარა. მერვე დაფა. (+3 =2 -1) გუნდური ოქრო, ინდივიდუალური ოქრო
1983. პლოვდივი. მერვე დაფა. (+3 =3 -0) გუნდური ოქრო, ინდივიდუალური ოქრო

საჭადრაკო ოლიმპიადა:[2]
1992. მანილა. მესამე დაფა. (+4 =5 -2)
1994. მოსკოვი. მესამე დაფა. (+5 =6 -1)
1996. ერევანი. მესამე დაფა. (+2 =6 -1) გუნდური ვერცხლი
1998. ელისტა. მესამე დაფა. (+2 =4 -1) გუნდური ბრინჯაო
2000. სტამბული. სარეზერვო დაფა. (+1 =6 -1) გუნდური ბრინჯაო
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი[3]
1993. ლუცერნი. მესამე დაფა. (+2 =4 -1) გუნდური ვერცხლი
1997. ლუცერნი. მეოთხე დაფა. (+1 =4 -1)
2001. ერევანი. სარეზერვო დაფა. (+1 =3 -0). გუნდური ოქრო, ინდივიდუალური ვერცხლი
ევროპის გუნდური ჩემპიონატი[4]
1992. დებრეცენი. მესამე დაფა. (+4 =3 -0) გუნდური ვერცხლი
1999. ბათუმი. მესამე დაფა. (+2 =3 -1)
2001. ლეონი. მესამე დაფა. (+1 =7 -0)

1984 წელს სსრკ-ს კლუბ „ტრუდის“ შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მისი თამაშის სტილი აგრესიულია და ეს შესაძლოა ახალგაზრდობაში გავლილი წვრთნების შედეგი იყოს. სხვა დამწყებ ოსტატებთან ერთად ლვივის სამწვრთნელო აკადემიაში მას ინსტრუქტორი ვიქტორ კარტი წვრთნიდა. როცა ოსტატი გახდა მწვრთნელიც შეეცვალა და მისი მომზადება მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა მიხაილ ტალმა ითავა, რომელიც ცნობილი იყო თავისი შემტევი სტილით. ისინი 1975 წელს ერთმანეთსაც ეთამაშნენ და საუკეთესო მეგობრებიც გახდნენ. ხშირად იყენებდა ძველ, ნაკლებადპოპულარულ დებიუტებს, რაც მისი კარგი მომზადების შედეგი იყო. ერთ-ერთი მაგალითია 4.g3, ნიმცოვიჩის დაცვა, რომელიც 1930 წლებში გამოიყენეს და რომანიშინმა 1970-იანებში გააცოცხლა[5]. ამჟამად ეს დებიუტი მის სახელს ატარებს. ფრანგული დაცვიდან (Be7) წარმოშობილი ახალი პოპულარული ვარიანტები, მან განავითარა.

პლანეტის ყველაზე მხცოვანმა დიდოსტატმა რუსმა იური ავერბახმა რომანიშინი ასე დაახასიათა: „მოჭადრაკე, რომელიც არაშაბლონური, ორიგინალური გადაწყვეტილებებისკენ ისწრაფვის“.

დაამთავრა ლვივის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • Шахматы: энциклопедический словарь / гл. ред. А. Е. Карпов. — М.: Советская энциклопедия, 1990. — С. 338. — 624 с. — 100 000 экз. — ISBN 5-85270-005-3. (рос.)
  • David Vincent Hooper and Kenneth Whyld (1984). The Oxford Companion to Chess. Oxford University. ISBN 0-19-217540-8. (англ.)
  • Cafferty Bernard and Mark Taimanov (1998). The Soviet Championships. Cadogan Chess. ISBN 1-85744-201-6. (англ.)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]