ოლეგ გორდიევსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოლეგ გორდიევსკი (რუს. Оле́г Анто́нович Гордие́вский; დ. 10 ოქტომბერი, 1938, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი სამართველოს (საგარეო დაზვერვა) ყოფილი პოლკოვნიკი, რომელსაც საბჭოთა სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა, სახელმწიფო ღალატისთვის. 1974-1985 წლებში საიდუმლოდ მუშაობდა ბრიტანულ დაზვერვაზე (ფსევდონიმ OVATION-ის ქვეშ). სპეციალური დანიშნულების სამსახურების ისტორიკოსის და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, კრისტოფერ ენდრიუ ოლეგ გორდიევსკის უწოდებს „ბრიტანეთის დაზვერვის ყველაზე მსხვილ აგენტს საბჭოთა დაზვერვის რიგებში ოლეგ პენკოვსკის შემდეგ“.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომლის ოჯახში.[2]

იხსენებდა, რომ ანტისაბჭოთა პოზიციებზე მისი გადასვლის მიზეზი იყო „სტალინისეუი და საერთოდ საბჭოთა დანაშაულების გაცნობიერება, რომელიც დაიწყო ხრუშჩოვის 1956 წლის გამოსვლიდან. ამან ჩემზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, უბრალოდ გასაოცარი“.[1]

1962 წელს დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი და დაიწყო მუშაობა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი მთავარი სამართველოს არალეგალური დაზვერვის ქვედანაყოფში.[2] სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში მუშაობა დაიწყო იმიტომ, რომ იმ მომენტისთვის, იქ მუშაობით შესაძლებელი იყო საზღვარგარეთ ცხოვრება.[3]

1996-1970 წლებში (პენკოვსკის პირველი მივლინება საზღვარგარეთ[2]) იყო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დაზვერვის ოფიცერი დანიაში, საბჭოთა კავშირის საელჩოს საკონსულო განყოფილების თანამშრომლის ნიღბის ქვეშ. პენკოვსკის თქმით, მისი საბოლოო იმედგაცრუება საბჭოთა კავშირის როლით მსოფლიოში დადგა 1968 წლის პრაღის გამოსვლების საბჭოთა ტანკებით ჩახშობის შემდეგ, რის შემდეგაც მან მიიქცია დანიაში ბრიტანული დაზვერვის ყურადღება.

1970-1972 წლებში მუშაობდა მოსკოვში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სადაზვერვო სამართველოს ცენტრალურ აპარატში, გეოგრაფიულ განყოფილებაში, სადაც დაკავებული იყო დიდი ბრიტანეთის და სკანდინავიის ქვეყნების საკითხებით.

1972 წელს ოლეგ გორდიევსკი კვლავ მიავლინეს კოპენჰაგენში (დანია). 1973 წელს იგი გახდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დანიის რეზიდენტის მოადგილე, ხოლო 1976 წელს თავად გახდა რეზიდენტი. 1978-1982 წლებში გორდიევსკი კვლავ მუშაობდა მოსკოვში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სადაზვერვო სამართველოს ცენტრალურ აპარატში.

1982 წელს გორდიევსკი გაუშვეს ლონდონში, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის იქაურ რეზიდენტურაში სამუშაოდ; ლონდონში გორდიევსკი საბჭოთა კავშირის საელჩოში მუშაობდა, დიპლომატის ნიღბის ქვეშ. მას შემდეგ, რაც 1984 წელს დიდი ბრიტანეთის რეზიდენტურის ხელმძღვანელი, გუკი, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა, რეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლობა ითავა ლ. ნიკიტენკომ, ხოლო გორდიევსკი მისი მოადგილე გახდა.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრის, შემდეგ კი გენერალური მდივნის და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის მიხეილ გორბაჩოვის ოფიციალური ვიზიტის დროს ლონდონში გორდიევსკი მას შეხვდა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც მოახდინა. ამის შედეგად, 1985 წლის იანვარში გორდიევსკი ნიკიტენკოს მაგივრად რეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნეს, არსებობდა მისი ამ თანამდებობაზე დატოვების პერსპექტივაც.

მას შემდეგ, რაც 1985 წლის მარტში ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა მოახერხა ცენტრალური სადაზვერვო სამართველოს მაღალჩინოსანის, ოლდრიჩ ეიმსის გადმობირება, უკანასკნელმა გადასცა ახალ „დამსაქმებებს“ ინფორმაცია, რომელსაც შეეძლო დახმარებოდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს ინგლისურ დაზვერვაზე მომუშავე ორმაგი აგენტების გამოაშკარავებაში. ამ აგენტების სიაში ოლეგ გორდიევსკიც აღმოჩნდა. რეზიდენტის თანამდებობაზე დამტკიცებამდე ბოლო კონსულტაციების გამართვის მიზეზით, გორდიევსკი დაიბარეს მოსკოვში. 1985 წლის 19 მაისში იგი ლონდონიდან მოსკოვში ჩავიდა, მაგრამ, კონსულტაციების და დანიშვნის შესახებ ბრძანების მაგივრად მის წინააღმდეგ დაიწყო არაოფიციალური გამოძიება. თავად გორდიევსკის მტკიცებით, 27 მაისს იგი წაიყვანეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ქალაქგარეთა სახლში, სადაც დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი დაკითხვა ფსიქოტროპული პრეპარატების გამოყენებით. გორდიევსკის თქმით, იგი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა. შემდეგ, მას განუცხადეს, რომ იგი ვეღარ შეძლებდა საზღვარგარეთ მუშაობას და ახალ სამუშაოს უკვე საბჭოთა კავშირის შიგნით მიიღებდა. გორდიევსკის ერთი თვე გაატარა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სანატორიუმში, სადაც მასზე დაწესებული იყო თვალთვალი. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, გორდიევსკის გააცნობიერა, რომ მისი, როგორც ორმაგი აგენტის მხილება მხოლოდ დროის საქმე იყო და გადაწყვიტა, გაქცეულიყო საბჭოთა კავშირიდან. ქვეყნიდან მისი არალეგალური გასვლის გეგმა ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებს წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული. 1985 წლის 19 ივლისს, წინასწარი სიგნალის მიღების შემდეგ, გორდიევსკი მოსკოვიდან ლენინგრადში ჩავიდა, შემდეგ კი მივიდა ფინეთის საზღვართან, სადაც დაემგზავრა ბრიტანელ დიპლომატებს, რომლებმაც იგი თავიანთი დიპლომატიური მანქანის საბარგულში წაიყვანეს.[4]

გამოაშკარავების შემდეგ, საბჭოთა სასამართლომ მას დაუსწრებლად მიუსაჯა სიკვდილით დასჯა (დახვრეთის გზით) და ქონების კონფისკაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Прохоров Д. П., Лемехов О. И. — Перебежчики. Заочно расстреляны.- стр.287-300.
  • Гордиевский, Олег — статья в Лентапедии. 2012 год.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 К столетию британских спецслужб. О книге Кристофера Эндрю «Защита государства» დაარქივებული 2009-11-16 საიტზე Wayback Machine. // Радио „Свобода“
  2. 2.0 2.1 2.2 Шпионский призыв. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-28. ციტირების თარიღი: 2013-04-25.
  3. Luke Harding Gordievsky: Russia has as many spies in Britain now as the USSR ever did // The Guardian, 11.03.2013 русский перевод — Inopressa.ru
  4. Голицына, Наталья. (2015-07-09) Операция Pimlico. Радио «Свобода». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-04. ციტირების თარიღი: 2015-08-04.