შინაარსზე გადასვლა

ოკუბო ტოსიმიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოკუბო ტოსიმიტი
იაპონ. 大久保利通[1]
დაბადების თარიღი 26 სექტემბერი, 1830(1830-09-26)[2] [3]
დაბადების ადგილი Kōrai
გარდაცვალების თარიღი 14 მაისი, 1878(1878-05-14)[2] [3] (47 წლის)
გარდაცვალების ადგილი Kioichō
მოქალაქეობა იაპონია
განათლება Zōshikan
მამა Ōkubo Toshiyo
მეუღლე/ები Ōkubo Masuko
შვილ(ებ)ი Makino Nobuaki, Ōkubo Toshitake, Toshinaka Ōkubo და Toshikata Ōkubo
ჯილდოები ამომავალი მზის 1-ლი ხარისხის ორდენი

ოკუბო ტოსიმიტი (იაპონ. 大久保 利通, დ. 26 სექტემბერი, 1830, კორაი, კაგოსიმა — გ. 14 მაისი, 1878, კიოიჩო, ტოკიო) — იაპონელი პოლიტიკოსი, სამურაი საცუმას სამთავროდან, მეიძის რესტავრაციის ერთ-ერთი „სამი კეთილშობილი ადამიანი“, რომელიც 1868 წელს იმპერიის მხარდამჭერ ძალებს ხელმძღვანელობდა ტოკუგავას სიოგუნის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სიოგუნის მოწინააღმდეგე, ტიოსიუს სამთავროსთან ალიანსის ინიციატორი. მეიძის რესტავრაციის დროს მან გაატარა მიწის, ადმინისტრაციული და საგადასახადო რეფორმები, რომლებიც მიზნად ისახავდა იაპონიის ფედერაციული მოწყობის ლიკვიდაციას და მძლავრი უნიტარული იმპერიის შექმნას. ის იყო ივაკურას საელჩოს ვიცე-ელჩი (1871-1873). ეწინააღმდეგებოდა კორეის დაპყრობას (1873). იყო იმპერატორის მრჩეველი, იაპონიის მე-3 ფინანსთა მინისტრი (1871 წლის 13 აგვისტო12 ოქტომბერი), იაპონიის მე-1, მე-3 და მე-5 შინაგან საქმეთა მინისტრი (1873 წლის 29 ნოემბერი1874 წლის 14 თებერვალი, 1874 წლის 27 აპრილი12 აგვისტო, 1874 წლის 28 ნოემბერი1878 წლის 14 მაისი). ხელს უწყობდა ვესტერნიზაციას, იაპონიის მრეწველობის განვითარებას და ქვეყნის სამხედრო ძლიერების ზრდას. 1877 წლის საცუმას აჯანყების ჩახშობის შემდეგ, იგი მოკლული იქნა სამურაი სიმადა იჩიროსა და საცუმადან ექვსი სამურაის ჯგუფის მიერ ტოკიოსკენ მიმავალ გზაზე 1878 წლის 14 მაისს.

ოკუბო ტოსიმიტი დაიბადა კაგოსიმას ციხესიმაგრეში, საცუმას პროვინციაში (ამჟამად კაგოსიმას პრეფექტურა) და იყო ხუთი შვილიდან ყველაზე უფროსი. ის ერთ სკოლაში სწავლობდა საიგო ტაკამორისთან ერთად, რომელიც მასზე სამი წლით უფროსი იყო.

17 წლის ასაკში ტოსიმიტი საცუმას სამთავროს არქივის მწერლის თანაშემწედ დაინიშნა. თუმცა, 1849 წელს, სამთავროს შემდეგი მეთაურის დანიშვნის გარშემო გაჩაღებული ბრძოლის გამო, რომელშიც ოკუბოს გვარის პარტიამ წააგო, ტოსიმიტის მამა გადასახლებით დასაჯეს, და ოჯახი სიღარიბეში აღმოჩნდა. ამ მოვლენებმა მოახდინა ტოსიმიტის რადიკალიზაცია; იგი დაუახლოვდა ანტიუცხოურ და ანტისამთავრობო მოძრაობა „სონო ძიოის“ წარმომადგენლებს და აქტიურად დაინტერესდა პოლიტიკით. 1851 წელს მან ხელი შეუწყო შიმაძუ ნარიაკირას მოსვლას საცუმას ხელისუფლებაში, რომელმაც სამი წლით ადრე დასჯილი ყველა პირის რეაბილიტაცია მოახდინა.

თავისი ამხანაგის, საიგო ტაკამორის შუამავლობით, ტოსიმიტიმ, როგორც რეფორმატორული პარტიის წარმომადგენელმა, თანამდებობა მიიღო საცუმას ახალი მეთაურის ცენტრალურ აპარატში. ეს უკანასკნელი სამთავროში რადიკალურ გარდაქმნებს შეუდგა, თუმცა 1858 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა. ამავე დროს, შოგუნატმა მთელ ქვეყანაში რადიკალი რეფორმატორების პოლიტიკური წმენდა დაიწყო, ამიტომ 1862 წელს ტოსიმიტი, საცუმას გარდაცვლილი მმართველის ძმასთან, შიმაძუ ჰისამიცუსთან ერთად, გახდა შოგუნატის რეფორმის იდეის ავტორი, რომელსაც ეწოდა „კობუ გატაი“ („იმპერიული კარის და შოგუნატის გაერთიანება“) და იქცა სამხედრო მთავრობა ბაკუფუს და იმპერიული ხელისუფლების შერიგების ერთგვარ პროგრამად, რომლებიც იმ დროს ღია დაპირისპირებაში იმყოფებოდნენ. კობუ გატაი გაცილებით ნაკლებად ტენდენციური და ექსტრემალური იყო, ვიდრე პროგრამა „სონო ძიოი“, რომელიც, იმპერიული ხელისუფლების რესტავრაციის გარდა, იაპონიიდან უცხოელების სრულ განდევნასა და მათთან დადებული ხელშეკრულებების გაუქმებასაც ითვალისწინებდა. თუმცა, 1863 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც ინგლისის ფლოტმა საცუმას სამთავრო დაბომბა, ოკუბოს შეხედულებები შეიცვალა.

ტოსიმიტი ახალგაზრდობაში

1860 წელს, შიმაძუ ჰისამიცუს მფარველობის წყალობით, ის გახდა სამთავროს ფინანსების უმცროსი გამგე, ხოლო შემდგომ დაინიშნა სამთავრო საწყობების მმართველის თანამდებობაზე. ახალგაზრდა მეურნე ასრულებდა შუამავლის როლს საცუმას ხელისუფლებასა და ადგილობრივი სამურაების ყველაზე დაბალ ფენას შორის; მას ჰქონდა გავლენა როგორც პირველებზე, ისე მეორეებზე და ამის წყალობით საცუმას ერთ-ერთ ცენტრალურ პოლიტიკურ ფიგურად იქცა.

1866 წელს, საიგო ტაკამორისა და კიდო ტაკაიოსისთან ერთად, მათ ჩამოაყალიბეს ალიანსი საცუმას და ტიოსიუს კლანებს შორის, რამაც 1868 წელს ტოკუგავას შოგუნატის დაცემა და იმპერიული ხელისუფლების აღდგენა გამოიწვია. ალიანსს ასევე შეუერთდნენ საქალაქო არისტოკრატიის წარმომადგენლები ივაკურა ტომომის მეთაურობით. ტოსიმიტის ამ გადაწყვეტილებამ მკვეთრად შეცვალა საცუმას ზომიერი კურსი უფრო რადიკალურისკენ და შესაძლებელი გახადა მეიძის რესტავრაციის განხორციელება.

1868 წელს ახალი იმპერიული მთავრობის შექმნის შემდეგ, ტოსიმიტიმ მასში ერთ-ერთი საკვანძო როლი დაიკავა. იგი რიგრიგობით ინიშნებოდა უმცროსი მრჩევლის, განსაკუთრებული მრჩევლის, შინაგან საქმეთა სამსახურის მრჩეველი-მოსამართლის და იმპერიული მრჩევლის თანამდებობებზე. კიდო ტაკაიოსისთან ერთად, ტოსიმიტი გამოვიდა მიწის და ადმინისტრაციული რეფორმების ინიციატორად, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო მიწის ფონდის შექმნას, ავტონომიური სამფლობელოების (ხანების, ანუ სამთავროების) ლიკვიდაციას და ძლიერი ცენტრალური სამთავრობო აპარატის გაჩენას. ჩინოვნიკებს შორის, რომელთა უმეტესობა შოგუნატის წინააღმდეგ განწყობილი სამფლობელოებიდან — საცუმა, ტიოსიუ, ტოსა და საგა — იყო გამოსული, იგი ითვლებოდა ზომიერ კონსერვატორად, რომელიც მხარს უჭერდა ქვეყნის ევოლუციურ განვითარებას და ხშირად ოპოზიციაში იყო ლიბერალურად განწყობილი კიდო ტაკაიოსისა და ოკუმა სიგენობუს მიმართ, რომლებიც რევოლუციურ ვესტერნიზაციას უჭერდნენ მხარს.

1871 წლის 13 აგვისტოდან 12 ოქტომბრამდე ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას, ტოსიმიტიმ წარმატებით განახორციელა მიწის გადასახადის რეფორმა. იმავე წელს ის ივაკურას საელჩოში ვიცე-ელჩად დაინიშნა, რომელიც რუსეთში, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა სახელმწიფო მართვის უცხოური გამოცდილების შესასწავლად. მოგზაურობის დროს ტოსიმიტი განცვიფრებული დარჩა აშშ-ში მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარების დონით, ასევე პრუსიის სამხედრო ძალით.

1873 წელს ტოსიმიტი დაბრუნდა იაპონიაში და ნანახის გავლენით დაიწყო პოლიტიკური კურსის განახლების მხარდაჭერა, რომელიც მიმართული იყო იაპონური მრეწველობის განვითარებისა და ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნის გაზრდისკენ. მან უარყო საიგო ტაკამორის წინადადება კორეის დაპყრობის შესახებ და მიაღწია ყველა თავისი იდეური მოწინააღმდეგის გადადგომას მთავრობიდან. იმავე წელს ტოსიმიტიმ დააფუძნა ცენტრალური სამთავრობო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელთანაც შექმნა მრეწველობის განვითარების განყოფილება და პოლიციის განყოფილება. 1873 წლის 29 ნოემბერს მან პირველმა ჩაიბარა ამ უწყების ხელმძღვანელობა და ხელმძღვანელობდა მას შეფერხებებით 1874 წლის 14 მაისამდე.

ოკუბო ტოსიმიტი ივაკურას მისიაში, მარჯვნიდან პირველი

სამინისტროს დახმარებით ტოსიმიტიმ პირადი დიქტატურა დაამყარა. სახელმწიფო თანამდებობების უმეტესობა მის თანამოაზრეებს, ყოფილი საცუმას სამთავროდან გამოსულ პირებს, დაურიგდათ. ეს იყო პირველი აბსოლუტისტური რეჟიმი იაპონიის ახალ ისტორიაში. ერთპიროვნული ხელმძღვანელობის წყალობით, ტოსიმიტიმ მოკლე დროში შეძლო იაპონური მრეწველობის მოდერნიზაცია, სამხედრო ქარხნებისა და საფეიქრო ფაბრიკების აგება ტრადიციულ სასოფლო-სამეურნეო ადგილებში, ასევე საიგო ტაკამორის ხელმძღვანელობით საცუმას აჯანყების ჩახშობა პოლიციის დახმარებით. გლეხთა აჯანყებების თავიდან ასაცილებლად, მთავრობამ შეამცირა გადასახადები და შეძლო 1877 წლის პოლიტიკური კრიზისის გადალახვა.

მიუხედავად მმართველობაში მიღწეული წარმატებებისა, ტოსიმიტის დიქტატურამ, რომელიც იმპერატორით მანიპულირებასა და სამთავრობო თანამდებობების კონტროლზე იყო დაფუძნებული, მრავალი უკმაყოფილება გამოიწვია იაპონელ ინტელექტუალებში, პოლიტიკოსებსა და ყოფილ სამურაებს შორის. 1878 წლის 14 მაისს, ტოკიოსკენ მიმავალი ტოსიმიტი მოკლული იქნა უკმაყოფილო სამურაების ჯგუფის მიერ კაგას სამთავროდან, სიმადა იჩიროს მეთაურობით. თავდამსხმელებმა ტოსიმიტი ამალასა და ცხენებთან ერთად განგმირეს. მის სხეულზე 16 ჭრილობა აღმოაჩინეს.

იაპონურ ისტორიოგრაფიასა და ისტორიულ ლიტერატურაში ტოსიმიტი ტრადიციულად წარმოდგენილია როგორც ჭკვიანი პოლიტიკოსი-რეალისტი, რომელსაც დიდი პოლიტიკური ნიჭი და გამოცდილება ჰქონდა და სახელმწიფო მშენებლობის სფეროში თავის კოლეგა-ჩინოვნიკებზე ერთი თავით მაღლა იდგა. მეორე მხრივ, მუდმივად ხაზგასმულია მისი სიცივე, ზოგან სისასტიკე პოლიტიკური ოპონენტების, თუნდაც ყოფილი მეგობრების მიმართ, ძალაუფლებისკენ სწრაფვა და სხვათა აზრის უგულებელყოფა. გარდაცვლილი ტოსიმიტის დამსახურებისთვის სახელმწიფოს წინაშე, მისი გვარი ოკუბო გაუთანაბრდა ტიტულოვან თავადაზნაურობას, კაძოკუს.

  • Окубо Тошимицу // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]