ოკეანის საგები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოკეანის საგები
ოკეანის სიღრმეების რყევის გრაფიკი

ოკეანის საგებიმსოფლიო ოკეანის ფსკერის რელიეფისა და გეოლოგიური სტრუქტურის უმთავრესი ელემენტი. მოიცავს მთელ ოკეანურ ფსკერსა და მასში შემავალ ერთეულებს: შუაოკეანურ ქედებს, ღრმაწყლიან ქვაბულებს, ოკეანურ ღრმულებს, წყალქვეშა ქედებსა და მთებს.

მდებარეობს 3-4 ათ. მ უფრო ღრმად, ფართობი 200 მლნ. კმ²-ზე მეტი (მსოფლიო ოკეანის ფართობის 60%, დედამიწის ზედაპირის 40%). ტიპურად შედგება საძირკველისაგან, რომელიც წარმოქმნილია ზედა ნაწილში ბაზალტებითა და საფრით ღრმაწყლიან დანალექებში.

ოკეანის საგებისათვის დამახასიათებელია ოკეანური ტიპის დედამიწის ქერქი. ოკეანის საგების ვაკე რელიეფის ფონზე გამოირჩევა დიდი მაღლობები (მაგ., დარვინის მაღლობი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში). გვხვდება აგრეთვე იზოლირებული მთები და გორაკ-ბორცვიანი რელიეფის მონაკვეთები, რომელთაც ვულკანურ წარმონაქმნებად თვლიან. ზოგიერთი მთისა და ქედის მწვერვალი ზღვის დონეზე მაღლა ამოდის, რომლებიც საბოლოოდ, ოკეანურ კუნძულებს ქმნიან. ზოგი მწვერვალი კი წყლის ზედაპირზე დაშენებულია მარჯნული ნაგებობებით.

ოკეანის საგებს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში ზოგიერთ ადგილზე კვეთს ვულკანური და ლოდა ქედები. ატლანტის ოკეანეში ოკეანის საგების ვაკეები მერიდიანულად ვრცელდება შუაოკეანური ქედის ორივე მხარეს. ინდოეთისა და ჩრდილოეთ ყინლოვან ოკეანეებში, ოკეანის საგები ქედებით დანაწევრებულია ცალკეულ ვაკეებად.

ანტარქტიდა ვაკეების თითქმის უწყვეტი რგოლითაა შემორკალული. ოკეანის საგებზე დალექილია ღრმა წყლის წითელი თიხა (დალექვის სიჩქარე — რამდენიმე მმ 1 ათ. წელიწადში).

დანალექი მასალები თანდათანობით ავსებენ უსწორმასწოროებებს და წარმოქმნიან ნაზ რელიეფს. ოკეანის საგების რელიეფის აგებულებაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნით ნასხლეტებს. მეტად გრანდიოზულია სუბგანედური ოკეანური ნასხლეტების სისტემა წყნარი ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ნასხლეტების ამ ზონის ფსკერის რელიეფი ჩვეულებრივ წარმოდგენილია გრაბენებისა და ჰორსტული ამონაწევების სახით, რომლებიც ხშირად გაჭიმულია რამდენიმე ათ. კმ-ზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]