შინაარსზე გადასვლა

ოიკუმენე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოიკუმენე (ბერძნ. οἰκουμένη - ვბინადრობ, ვცხოვრობ) — ტერმინი, რომელიც იხმარება დედამიწის ადამიანებით დასახლებული ნაწილის აღსანიშნავად. ოიკუმენე პირველად ჰეკატეოს მილეტელმა აღწერა და ამ ცნებაში გულისხმობდა ევროპას (ჩრდილოეთი ნაწილის გარდა), მცირე და წინა აზიას, ინდოეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას. რომის იმპერიაში იგი აღნიშნავდა როგორც თავად ცივილიზაციას, ისევე საერო და რელიგიურ ადმინისტრაციას. თანამედროვეობაში იგი დაკავშირებულია ტერმინთან ეკუმენიზმი და აღწერს ქრისტიანულ ეკლესიას, როგორც ერთიან მთლიანობას. გვიან ანტიკურ პერიოდსა და შუა საუკუნეებში იგი კარტოგრაფიაშიც გამოიყენებოდა გეოგრაფიული რუკის ტიპის აღსაწერად.

ძველი ბერძენი სწავლულების აზრით, უძველესი ეკუმენა გადაჭიმული იყო ჩრდილოეთ ევროპიდან ეკვატორულ აფრიკამდე და ატლანტის ოკეანედან დასავლეთ ჩინეთამდე. მათ იცოდნენ დედამიწის მიახლოებითი ზომა, მაგრამ არ იცოდნენ მისი მრავალი ნაწილი. მათ შორის გამოსარჩევია ერატოსთენე კირინელის (რომელმაც პირველმა გაზომა დედამიწის გარშემოწირულობა), კრატეს მალუსისა (რომელმაც პირველმა შექმნა გლობუსი ძვ.წ.150 წელს)[1] და პტოლემეს (რომელმაც თავის "გეოგრაფიაში" გამოანგარიშა დედამიწის ზედაპირის ფართობი და აღწერა დასახლებული ნაწილი) ნარკვევები დედამიწის ზედაპირის შესახებ. შუა საუკუნეებში ეს სურათი შეიცვალა - აღნიშნული ტერიტორია გადართოვდა და შეემატა სკანდინავია, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი, აღმოსავლეთი აზია და სუბეკვატორული აფრიკა. პტოლემემ და სხვა ძველმა გეოგრაფებმა კარგად იცოდნენ, რომ მათი თვალსაწიერი მსოფლიოს მხოლოდ ერთ მეოთხედზე მოდიოდა, შესაბამისად წამოაყენეს ერთგვარი ჰიპოთეზა სახელწოდებით Terra Incognita ("უცნობი მიწები"), რომელიც სხვა განსახლებების პოტენციურ არსებობას მოიაზრებდა. ფაქტობრივად, შეხედულებამ მსოფლიო სიმეტრიულობის შესახებ შესაძლებელი გახადა, ძველ სწავლულთა შორის გამოჩენილიყო მსგავსი შეხედულებები დედამიწის "უცნობი მიწების" შესახებ.

ერთ-ერთი უძველესი რელიეფური არტეფაქტი - ჯემა ავგუსტეა - ნათლად ასახავს ოიკუმენეს მხატვრულ პერსონიფიკაციას. ის გვირგვინის სახით ადგას იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსს, რაც სამყაროში მშვიდობის დამყარების მხატვრულ სიმბოლოს წარმოადგენს.

ქრისტიანობაში ამ ტერმინმა ნიკეის პირველი საეკლესიო კრების შემდეგ მოიკიდა ფეხი.

იმ დროისთვის ბერძნული ტერმინი ცივილიზებულ სამყაროს და შემდეგ უბრალოდ რომის იმპერიას მოიხსენიებდა. ტერმინი ხმარებაში იყო დიოკლეტიანეს რეფორმებამდე, თუმცა ბიზანტიურ ეპოქაში აღნიშნული სიტყვა კვლავ შევიდა ხმარებაში და საიმპერატორო ადმინისტრაციას აღნიშნავდა. კონსტანტინოპოლი მიიჩნეონა "ეკუმენურ" ქალაქად, ამის შესაბამისად, 586 წლიდან ბიზანტიის პატრიარქს მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიო ეკუმენურ პატრიარქს.

ზემოხსენებულმა სიტყვამ განსაკუთრებით დიდი როლი შეიძინა მეოცე საუკუნეში, იგი გამოიყენებოდა ერთიანი ქრისტიანული რელიგიის აღსანიშნავად, რაც არის ეკუმენიზმის საბოლოო მიზანი - მოძრაობა, რომელიც ხელს უწყობს ქრისტიანულ კონფესიათა და დენომინაციათა გაერთიანებას სხვადასხვა სახის თანამშრომლობის პრეროგატივით.მოძრაობა არ არის მიღებული ბევრი ქრისტიანული ჯგუფის მიერ. ეკუმენისტური პროცესი მიმდინარეობს სხვადასხვა კონფესიის კომიტეტებს შორის წარმოებული მოლაპარაკებების საფუძველზე და, ასევე, კონფესიებსშორისი ორგანიზაციების მსჯელობით, როგორიცაა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო.

ტერმინი ეკუმენი ლუის მამფორდმა თავის ნაშრომში „ტექნიკა და ცივილიზაცია“ (1934) კულტურული ისტორიის კონტექსტში გამოიყენა.[2] მოგვიანებით ტერმინს პოპულარიზება გაუწია ისტორიკოსმა უილიამ მაკკლინმა თავისი ნაშრომით „დასავლეთის აღზევება“ (1963), რომელშიც იგი აყალიბებს შეხედულებას, რომ ერთიანი გლობალური ეკუმენი გაჩნდა XVIII საუკუნის ბოლოდან ევროპული პოლიტიკური ინსტიტუტების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ეკონომიკური ფორმების დომინირების შედეგად.[3] შეიძლება ითქვას, რომ ქრისტეფორე კოლუმბის, ვასკო და გამასა და ფერნანდო მაგელანის მიერ განხორციელებულ დიდ აღმოჩენებამდე არსებობდა ორი ცალკეული ეკუმენი - ერთი, რომელიც მოიცავდა ძველ სამყაროს, ხოლო მეორე - ახალს, ესპანელი კონკისტადორების დროს კი ეს ორი ერთმანეთს შეერწყა, რის შედეგადაც გაჩნდა ერთიანი მსოფლიო სისტემა.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში მოღვაწე ამერიკელმა მწერალმა, ურსულა ლე გუინმა ჰაინის ციკლში გამოყენებული ტერმინი ეკუმენი სწორედ ამ ბერძნული წარმომავლობის სიტყვას დააფუძნა.[4]

ტერმინი აგრეთვე გამოიყენება კარტოგრაფიაში, რითაც აღწერენ რუკის ტიპს, კერძოდ, გვიან ანტიკურ პერიოდსა და შუა საუკუნეებში შესრულებულ სიმბოლურ, სქემატურ მსოფლიო რუკებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Klein, Samuel John (2005), „Oecumene“, Cartography Word of the Day, Designorati, http://designorati.com/articles/t1/cartography/462/cartography-word-of-the-day-oecumene.php. წაკითხვის თარიღი: 2008-01-03 დაარქივებული 2010-01-01 საიტზე Wayback Machine.
  2. Mumford, Lewis (1934), Technics and Civilization, New York: Harcourt, http://history.sandiego.edu/gen/soc/technics.html. წაკითხვის თარიღი: 2008-01-03 დაარქივებული 2008-07-20 საიტზე Wayback Machine.
  3. [https://web.archive.org/web/20130914002137/http://www.uhpress.hawaii.edu/journals/jwh/jwh011p001.pdf The Rise of the West after Twenty-Five Years]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-14. ციტირების თარიღი: 2022-10-10.
  4. Reid, Suzanne Elizabeth (1997). Presenting Ursula K. Le Guin. Twayne Publishers, გვ. 51. ISBN 9780805746099.