ოთხმესდური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ოთხმაზური)

ოთხმესდური, ოთხმისდური, ოთხმაზურიმოხელე ძველ საქართველოში. გვხვდება XI-XIII საუკუნეების 3 საბუთში, რომლებიც დასავლეთ საქართველოს განეკუთვნება. ერთდროულად რამდენიმე ოთხმესდური არსებობდა. ცნობები ოთხმესდურთა ფუნქციების შესახებ არ მოიპოვება. ოთხმესდურნი დიდმოხელეთა (მაგ., ერისთავთერისთავთა) გვერდით იხსენიებიან, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ოთხმესდურობა მნიშვნელოვანი თანამდებობა უნდა ყოფილიყო. თვით სახელწოდება თითქოს ტერმინ „ოთხმეძლურს“ უკავშირდება (ოთხძალი ოთხსიმიან საკრავს ნიშნავს). „ოთხმეძლურის“ ხელობა-თანამდებობიდან მომდინარეობს გვარი ოთხმეზური.

დიდი სჯულისკანონის ქართული თარგმანში „ოთხმიზდური“ აღნიშნავს სახელმწიფოს მეოთხედის მმართველს ბიზანტიაში. სარგის კაკაბაძის ვარაუდით, საქართველოში ამ ტერმინით აღინიშნებოდა აზნაური მეომარი, რომელსაც სარგოდ („მიზდად“) 4 კომლის გადასახადი ეძლეოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 506.
  • კაკაბაძე ს., დიდგორის ომი, თბ., 1982, გვ. 37-38, 95;
  • ჭუმბურიძე ზ., რა გქვია შენ? თბ., 1971, გვ.47;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928.