ოთარ თუხარელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ოთარ გიორგის ძე თუხარელი

ოთარ გიორგის ძე თუხარელი (დ. 24 მარტი, 1922, თბილისი, — გ. 14 თებერვალი, 1997) — ქართველი არქიტექტორი.

დაიბადა 1922 წელს ქ. თბილისში, სამხედრო მოღვაწის გენერალ გიორგი ალექსანდრეს ძე თუხარელის და ექიმ ფეოდოსია რატიანის ოჯახში.

1946 დაამთავრა თბილისის რკინიგზისა და სატრანსპორტო საინჟინრო ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1950 ჩაირიცხა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში არქიტექტორების დახელოვნების ფაკულტეტზე. ამ პერიოდში დაიწყო მისი მოღვაწეობა მოსკოვის სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტებში და იგი მალე "კურორტსანპროექტის" საპროექტო სახელოსნოში მთავარ არქიტექტორად დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა დასასვენებელი სახლების, პიონერთა ბანაკების, სანატორიუმების, საავადმყოფებისა და კულტურის სახლების, ტიპური და ინდივიდუალური პროქტები. 1956წ. სესტორეცკისა და ისიკ-კულის დასასვენებელი სანატორიუმების პროექტირებისათვის მოიპოვა საკავშირო მასშტაბით ჩატარებული ღია კონკურსის ორი პირველი პრემია. 1957წ. მიღებულ იქნა სსრკ-ს არქიტექტორთა კავშირის მოსკოვის განყოფილების წევრად.

1960წ. მოღვაწეობა გააგრძელა ქ. თბილისში სადაც დაინიშნა სახელოსნოს ხელმძღვანელად, შემდეგ კი ინსტიტუტის მთავარ არქიტექტორად. პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში პროფესორის რანგში, სადაც ხელმძღვანელობდა საკურსო და სადიპლომო პროექტირებას. ამ პერიოდში მუშაობდა საქართველოს ზოოვეტერინალური ინსტიტუტის კომპლექსის პროექტირებაზე, რომლის მშენებლობის დასრულების შემდეგაც, 1973წ. სახალხო მეურნეობის მიღწევების გამოფენის (ВДНХ) ოქროს მედალი მიენიჭა. 1964წ. დაინიშნა საქსახმშენის თავმჯდომარედ. 1970 წლიდან არის ტიპობრივი და ექსპერიმენტალური დაპროექტების თბილისის ზონალური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (ТбилЗНИИЭП) დირექტორი. ამ პოზიციაზე მან 18 წელი იმსახურა. ამ წლების განმავლობაში იქმნება საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების პროექტები. რომელთაც საზოგადოებრივი აღიარება და არაერთი პრემია დაიმსახურეს. მათ შორის გამოირჩევა მრავალსართულიანი კარკასული პროექტი, რომელიც თუხარელის პროექტად არის ცნობილი. ამავე წლებში მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება და აგრეთვე დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

1986წ. დააარსა პერსონალური შემოქმედებითი არქიტექტურული სახელოსნო, სადაც იქმნებოდა და ხორციელდებოდა პროქტები ამიერკავკასიის მასშტაბით: აეროვაგზალი ქ. თბილისი, კარკასული საცხოვრებელი სახლების სერია ქ. თბილისის, სოჩის, კრასნოდარის, ტუაპსეს და ნოვოროსიისკის დაკვეთით. 1993წ. არჩეულია აღმოსავლეთ ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრად. 1973წ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. არის სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი.