შინაარსზე გადასვლა

ოთარ დუდაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთარ დუდაური
დაბ. თარიღი 23 სექტემბერი, 1932
დაბ. ადგილი დუშეთი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
გარდ. თარიღი 25 დეკემბერი, 2015 (83 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
მუშაობის ადგილი ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი
ჯილდოები ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია
სამეცნიერო სფერო გეოლოგია

ოთარ ზაქარიას ძე დუდაური (დ. 23 სექტემბერი, 1932, დუშეთი — გ. 25 დეკემბერი 2015, თბილისი) — ქართველი გეოლოგი. გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (2003).

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. იმავე წლიდან მუშაობს ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში — 1955–1958წწ ასპირანტი; 1958–1965წწ ამავე ინსტიტუტის უმცროსი, 1965–1978წწ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1978–2005წწ იზოტოპური გეოქრონოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1995-2000წწ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 2003 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

დუდაურის სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი სფეროა საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელებული მეზოზოური და კაინოზოური ინტრუზიული მაგმური წარმონაქმნების პეტროლოგიური თავისებურებების შესწავლა და მათი დათარიღება იზოტოპური გეოქრონოლოგიის მეთოდებით. მონაწილეობდა საერთაშორისო გეოქრონოლოგიურ ექსპედიციებში მონღოლეთსა (1986) და რუმინეთში (1989), ხელმძღვანელობდა 1988 წელს აფხაზეთში მოწყობილ საერთაშორისო გეოქრონოლოგიურ ექსპედიციას. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციასა და სამეცნიერო პროექტში. 2003 წლიდან ლექციებს კითხულობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 2009 წლიდან ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და ინსტიტუტის შრომების რედკოლეგიის წევრი. მიღებული აქვს ალექსანდრე ჯანელიძის (2020)[1] სახელობის პრემია (გარდაცვალების შემდეგ).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 2020წ. ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემიის ლაურეატი