ოზაანის ყველაწმინდის მცირე ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოზაანის ყველაწმინდის მცირე ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ოზაანის სამხრეთით, 200-300 მეტრზე, სასაფლაოზე. XVIII საუკუნით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია წვრილი რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. შენობის კედლები ძირითადად რიყის ქვისაა, რომელიც სწორხაზოვნად გამავალ, თარაზულ რიგებადაა ნაწყობი. გარეთა კუთხეებში, აგური და ალაგ-ალაგ, შირიმის ნაწილობრივ დამუშავებული ქვებიცაა ჩართული. კარ-სარკმლების ღიობები, შიგნით არქიტექტურული და კონსტრაქტული ელემენტები და ლავგარდანი გამოყვანილია აგურით. კედლების ზედაპირი შიგნიდან და გარედან გასწორებულია ბათქაშით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები, თითქმის მთლიანადაა ჩამოშლილი ლავგარდანი. ეკლესიის გეგმის გარეგან სწორკუთხედში (5,7x4 მეტრზე) ჩაწერილია კვადრატული ფორმის დარბაზი და ღრმა, ნახევარწრიული აფსიდი, რომლის გვერდები უშუალოდ ერწყმის დარბაზის კედლებს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი, შეისრული თაღითაა გადახურული და როგორც ფასადის, ისე ინტერიერის მხრიდან, საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული. მათგან გარეთას ორსაფეხურიანი ხერხულა ფრიზი აგვირგვინებს, შიგნითას კი - ხის ძელი. აფსიდი განათებულია მცირე ზომის სწორკუთხა სარკმლით, რომლის ღიობი გარეთკენ თანდათან მაღლდება. ერთი მსგავსი კედელი დასავლეთ სარკმელშიცაა, შესასვლელის ზემოთ. აფსიდში სამი მცირე ნიშაა: ერთი - სამხრეთით, ორი - ჩრდილოეთით. სარკმლის ქვემოთ დგას კედელზე მიყრდნობილი, აგურით ნაშენი ტრაპეზი. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია მოგვიანებით ჩაშენებული აგურის კანკელით. დარბაზის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში, იატაკიდან 0,6 მეტრის სიმაღლეზე, სიმეტრიულად თითო შეისრული ნიშაა მოწყობილი. ეკლესიის ფასადები სადაა. დასავლეთ ფასადის შუა ნაწილში, კედლის მთელ სიმაღლეზე, გამოიყოფა აგურით ნაწყობი შრე (გვიანდელია), რომელშიც ჩართულია ცისფრად მოჭიქული აგურის სხვადასხვა ზომის ნაწილებით გამოყვანილი. არათანაბარი სიგრძის, ოთხი ზოლი. მათგან ერთი - შესასვლელის შეღრმავებულ არეშია, მეორე - მის თავზე, ხოლო დანარჩენი ორი - შედარებით მოკლე, სარკმლის ზემოთ. ეკლესიის აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე შემორჩენილია ოთხსაფეხურიანი ლავგარდნის მცირე ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივად ნაწყობი და კუთხით წინწამოწეული აგურის რიგების მონაცვლეობისგან შედგება. ეკლესია დაბურული იყო კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]