ოვუნდუს ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოვუნდუს ციხე — ციხე თურქეთში, ქალაქ გუმუშხანედან 15 კილომეტრითაა დაცილებული. იგი ჩრდილო–დასავლეთით სოფელ ოვუნდუს აღმოსავლეთით 30-40 მ სიმაღლის კლდის პლატოზეა დაშენებული. მისგან ჩრდილოეთით მდინარე ხარშიტი, ხოლო დასავლეთით მეორე მდინარე იქისუ მიედინება. ციხიდან ხარშიტისა და იქისუს ხერთვისამდე 200 მეტრია. აქედან იქსაქსება შავიზღვისპირეთიდან მომავალი გზები სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი გზა გუმუშხანესაკენ, ხოლო შემდეგ ბაიბურთისაკენ მიდიოდა. მეორე კი შირან ერზიჯანისაკენ. ამ გზების გასაყარს აკონტროლებდა სწორედ ოვუნდუს და მისგან მდინარის მარცხენა სანაპიროს მაღალ კლდოვან კონცხზე დაშენებული იქისუს, იგივე გიპოტამოსის ციხე. ორივე საფორტიფიკაციო ნაგებობა ერთმანეთს გაჰყურებს. მათ შორის დაახლოებით ხუთას მეტრამდე იქნება დაცილება. ოვუნდუს ციხის ძირში გაივლიდა სწორედ ცენტრალური ტრასა და 5 კილომეტრის შემდეგ ნაწილდებოდა გუმუშჰანე ბაიბურთისა თუ ერზიჯან შირანისაკენ. აქედან ერზიჯანამდე 160 კმ-ია. საკუთრივ ციხის კედლების დიდი ნაწილი დანგრეულია. ციხის სამხრეთით დღეისათვის შემორჩენილია 7 მ. სიგრძისა და 6 მ სიმაღლის კედელი. სისქე 90 სმ-ია. ციხეზე ასვლა საკმაოდ ძნელია. შიდა სივრცის სამხრეთ მონაკვეთში დაცულია 1,60 მ. დიამეტრის და 0,70 მ სიღრმის კლდეში ნაკვეთი წყლის ცისტერნა. ციხის მშენებლობაში გამოყენებულია საშუალო ზომის ნათალი ქვები. რიგებს შორის ჰორიზონტალურობა დაცულია. მისი მშენებლობაც ადგილობრივ ხალდეურ მოსახლეობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. მას, როგორც ჩანს თავისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო იყენებდნენ ბიზანტიურ თუ ოსმალურ ხანაშიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 43-44 ISBN 978-9941-8-1990-2.