ნუსრეთნამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუსტაფა ლალა ფაშას ბანაკი თბილისთან. მინიატურა „ნუსრეთნამეს“ ხელნაწერიდან. ბრიტანული ბიბლიოთეკა, ლონდონი

„ნუსრეთნამე“ (არაბ.-სპარს. „გამარჯვების წიგნი“) — ისტორიული თხზულება. ეკუთვნის თურქ ისტორიკოსსა და სახელმწიფო მოღვაწეს მუსტაფა ალის. „ნუსრეთნამეში“ მოთხრობილია ოსმალეთის საომარი სამზადისისა და აღმოსავლეთ საქართველოში, შაქსა და შირვანში 1578 წლის ლაშქრობის შესახებ. ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა ნაჩვენები ოსმალთა მარშრუტი სამცხე-საათაბაგოს საზღვრებიდან შირვანამდე, გადმოცემულია ლაშქრობის ცალკეული ეპიზოდები (ჩილდირის ბრძოლა, მესხეთის ციხეების, გორისა და თბილისის აღება დასხვა). „ნუსრეთნამეში“ ჩართულია ოსმალთა მთავარსარდლის წერილები და მიმართვები საქართველოს მეფე-მთავრებისადმი. ოსმალეთის აგრესიის მამხილებელ ფაქტობრივ მასალებში მოიპოვება საყურადღებო ცნობები იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური ვითარების, აგრეთვე შაქსა და შირვანში ოსმალეთის რელიგიური პოლიტიკის, ირანთან და დაღესტანთან ურთიერთობის შესახებ, გადმოცემულია ადგილობრივი ფეოდალური წყობილების გასაუქმებლად ოსმალეთის მიერ სამცხე-საათაბაგოსა და ქართლში გატარებული ადმინისტრაციული ღონისძიებანი; გვხვდება მნიშვნელოვანი მონაცემები საქართველოს გეოგრაფიის, მეურნეობის, ქალაქების შესახებ. თხზულება დღემდე გამოუქვეყნებელია: ხელნაწერები შემონახულია სტამბოლის, კაიროს, ვენის, პარიზისა და ლონდონის წიგნთსაცავებში. ვენის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელნაწერის ფოტოპირი ინახება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩოჩიევი ვ., ქსე, ტ. 7, გვ. 488, თბ., 1984