ნოტარიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნოტარიუსი“ ლათინური სიტყვიდან „notae” არის ნაწარმოები. ძველ რომში იურიდიული მასალის გადამწერები ტექსტის კარნახით ჩაწერისას იყენებდნენ სპეციალურ ნიშნებს, რომელსაც notae ეწოდებოდა.

ნოტარიატის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოტარიატის ინსტიტუტი საფუძველს იღებს ძველი რომიდან. ნოტარიუსი ასრულებდა გადამწერის ფუნქციას. აღსანიშნავია, რომ ნოტარიუსის კეთილდღეობა რომის იმპერატორების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენდა. მწერლის თანამდებობაზე ინიშნებოდა მხოლოდ რომის მოქალაქე და იგი თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა. მწერლის მოვალეობაში შედიოდა იურიდიული მასალის ჩაწერასთან ერთად, საჯარო დოკუმენტების მომზადება, საზოგადოებრივი ანგარიშების წარმოება, საჯარო დოკუმენტებიდან ამონაწერისა და ასლების დამზადება, ასევე, სხვადასხვა დეკრეტის მომზადება და ამ დოკუმენტების შენახვა. ამასთან, რომში არსებობდა მწერალთა კიდევ ერთი კატეგორია, რომელთაც ტაბელიონები ეწოდებოდათ. ისინი გათანაბრებულები იყვნენ იურისტკონსულებთან და ადვოკატებთან. ტაბელიონები იყვნენ თავისუფალი პროფესიის პირები, რომლებიც ადგენდნენ იურიდიულ დოკუმენტებს. რომის შემდგომ ნოტარიატის ინსტიტუტი განვითარდა იტალიის ბარბაროსულ ტომებში, გერმანიასა და საფრანგეთშიც. არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოშიც უნდა ყოფილიყო ძველი რომის „გადამწერთა“ და XII საუკუნის იტალიიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბიზანტიის ნოტარიუსთა კორპორაციის მსგავსი ორგანიზაცია. ადამიანთა ნააზრევისა და მათ შორის წარმოშობილი ურთიერთობისთვის იურიდიული ფორმის მიცემას ცალკეულ „დამწერელთა“ თუ „მწიგნობართა“ გარდა „მწერალთა“ ჯგუფიც აწარმოებდა. როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, გადამწერთაგან ერთ-ერთი ან რამდენიმე ჯგუფის ხელმძღვანელი უნდა ყოფილიყო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს უნდა ყოფილიყო „მწერალთა“ ამხანაგობა, სადაც განსაზღვრული იყო ჯგუფის ხელმძღვანელისა და წევრთა უფლება-მოვალეობები.

ნოტარიუსი - მიუკერძოებელი მრჩეველი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეს საქართველოში ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. საბჭოთა პერიოდში ნოტარიუსი წარმოადგენდა სახელმწიფო მოხელეს. 1996 წლიდან „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, განისაზღვრა ნოტარიუსის, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენლის სამართლებრივი სტატუსი. ნოტარიუსი არის თავისი კლიენტის მიუკერძოებელი და სანდო მრჩეველი. ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა. ნოტარიუსი პასუხს აგებს თავისი სამსახურებრივი საქმიანობით მიყენებული ზიანისათვის. კანონმდებლობასთან ერთად, მოქალაქის დაცულობის გარანტს წარმოადგენს ნოტარიუსის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს. ნოტარიუსის მიერ მოქალაქისთვის განზრახ ან გაუფრთხილებლად მიყენებულ ზიანს სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს. ნოტარიუსი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ცნობები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს ვალდებულება ძალაშია ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც. 2009 წლიდან ნოტარიუსი ნებისმიერ სანოტარო მოქმედებას ელექტრონულ რეესტრში არეგისტრირებს. სანოტარო მოქმედებათა ელექტრონული ბაზის შექმნის შედეგად: მნიშვნელოვნად გამარტივდა და დაჩქარდა სანოტარო მომსახურების მიღება; მოქალაქე სანოტარო მომსახურებას იღებს ერთ სივრცეში; სამკვიდრო მოწმობის მიღება უკვე ნებისმიერ ნოტარიუსთან გახდა შესაძლებელი; დაინერგა სანოტარო მოქმედების ონლაინ რეჟიმში შესრულების პრაქტიკა; მოქალაქეს სახლიდან გაუსვლელად, ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე შეუძლია, გადაამოწმოს მისთვის საინტერესო სანოტარო აქტი რეგისტრირებულია თუ არა და დარწმუნდეს მის სანდოობაში. საქართველოს ტერიტორიაზე 224 მოქმედი ნოტარიუსია. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსთა მაქსიმალური რაოდენობა 300 ნოტარიუსით განისაზღვრა.

ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა და გაივლის კონკურსს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 10 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესის“ შესაბამისად. ნოტარიუსს თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ნოტარიუსი გაერთიანებულია საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში. ნოტარიუსის სამსახურებრივ საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]