ნოსირის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნოსირის ნამოსახლარიბრინჯაოსა და ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლი სოფელ ნოსირში, მდინარე ტეხურის მარცხენა ნაპირას (სენაკის მუნიციპალიტეტი). გათხარეს 1967-1970 წლებში (ხელმძღვანელი დ. ქორიძე) და 1971-1977 წლებში (ხელმძღვანელი ე. გოგაძე). ნოსირის ნამოსახლარის ნაწილი მდინარეს გაუნადგურებია, შესწავლილია სამოსახლო ბორცვი (დაახლოებით 2000 მ2), რომელიც კოლხეთის დაბლობის გორანამოსახლარების (დიხა გუძუბა, ნაოხვამუ და სხვა) ტიპს განეკუთვნება. მასზე დადგენილია 4 კულტურული ფენა: I და II (ძვ. წ. II ათასწლეულის II მეოთხედი), III და IV (ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარი — I ათასწლეულის დასაწყისი). სამოსახლოს ცენტრში თავდაპირველად აგებული ყოფილა ხელოვნური შემაღლება - ხის ძელებით ნაგებ დიდი ჯარგვალის ტიპის ნაგებობაზე დაყრდნობილი თიხაზვინული. I ფენაში გამოვლინდა ხის შენობები. აქვ მოპოვებულია ძვლისა და კაჟის იარაღები, საოჯახო-სამეურნეო დანიშნულების ქვის ნივთები (ხელსაფქვავები, სანაყები და სხვა), მცენარეულის (ვაზის, წაბლის, თხილის) ნაშთები, მარცვლეულის ნარჩენები, საქონლის ძვლები და სხვა. II ფენა ძლიერი ნახანძრალის ნაშთებს შეიცავდა. შეიმჩნევა კერამიკის ევოლუცია. I და II ფენები გამოირჩევა ორნამენტის მრავალფეროვნებით (ღარული, გრავირებული და რელიეფური სახეები). III კულტურულ ფენაში ნაპოვნია დიდი რაოდენობით კერამიკა, ცხოველის ძვლები, საოჯახო დანიშნულების ქვის ნივთები, აგრეთვე ბრინჯაოს ბრტყელი ცული, საჭრეთლი, დანისპირი და სხვა. ბორცვის განაპირა ადგილებში დადგენილია IV კულტურული ფენა. სათავსები ნაგები ყოფილა ძვლებით (ჯარგვალური წყობის კედლები) ან წნულებით (ფაცხის ტიპისა). შნობები განლაგებული იყო ტერასულად, თიხაზვინულის საფუძველზე. ნოსირის ნამოსახლარზე ნაპოვნია სქლად გამოთლილი და თხელი (ყავრის მსგავსი) ფიცრები. ნოსირის ნამოსახლარის მოსახლეობა ეკუთვნოდა მიწათმოქმედ საზოგადოებას, სადაც განვითარებული იყო მესაქონლეობა და ხელოსნობის დარგები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგაძე ე., კოლხეთის ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის ნამოსახლართა კულტურა, თბ., 1982;
  • საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, ტ., 1-5, თბ., 1969-1977;