ნორმან ლინდსის გალერეა და მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორმან ლინდსის გალერეა და მუზეუმი
33°40′50″ ს. გ. 150°33′41″ ა. გ. / 33.68056° ს. გ. 150.56139° ა. გ. / -33.68056; 150.56139
ქვეყანა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
მდებარეობა ახალი სამხრეთი უელსი
ოფიციალური საიტი http://www.normanlindsay.com.au
Map

ნორმან ლინდსის გალერეა და მუზეუმი - ყოფილი რეზიდენცია და ფერმა, ამჟამად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ხელოვნების გალერეა, ტურისტული ღირსშესანიშნაობა და მუზეუმი ახალი სამხრეთ უელსის შტატში, ავსტრალიაში მდებარეობს ცისფერი მთების რეგიონის ქალაქ ფალკონრიჯში. მუზეუმი 1898-1913 წლებში აშენდა ფრენსის ფოის, პატრიკ რაიანის, ნორმან ლინდსისა და როუზ სოუდის ხელმძღვანელობისას. გალერეა და მუზეუმი ასევე ცნობილია როგროც მერივილი და სპრინგვუდი. საკუთრება National Trust of Australia-ის დაქვემდებარებაშია. 2002 წლის 1-ელ მარტს მუზეუმი ახალი სამხრეთ უელსის შტატის კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში შეიტანეს. ქვისგან აგებული კოტეჯი 17 ჰექტარის მიწაზე მდებარეობს და ავსტრალიური მხატვრისა და მწერლის, ნორმან ლინდსისა და მისი ცოლის, როუსის საკუთრებაშია. საკუთრება ასევე მოიცავს უფრო მცირე ნაგებობებსაც, რომელთაგანაც ორი ზეთში შესრულებული ნახატებისა და ლითოგრაფიის სტუდიებად გამოიყენება.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორმან ლინდსის გალერეა
კოტეჯები
შადრევანი, ეზო და ქანდაკებები

17 ჰექტარის ფართობის საკუთრება თავდაპირველად პატრიკ რაიანს, ადგილობრივ ქვისმთლელს ეკუთვნოდა. 1898 წელს მიწა ფრენსის ფოიმ შეიძინა. მალე ფოიმ რაიანს ქვიშაქვის კოტეჯის აგება დაავალა. სახლს მერივილი ეწოდებოდა. პატარა ოთხი საძინებელი ჰქონდა და ფრანგული ფილებით იყო გადახურული, ვერანდა წითელ და თეთრ ზოლებში იყო მოხატული. პოტენციური ხანძრისგან თავის დასაზღვევად, სამზარეულო ცალკე შენობაში განთავსდა. სამზარეულო მთავარი ნაგებობისგან განსხვავებული ქვებით აშენდა და საკუთრების უმაღლეს ნაწილში მდებარეობდა.[1]

ვერანდას წინიდან მშრალი ქვის კედელი ერტყა. კედლის შიგნით წინა კარიბჭესა და შემოსასვლელს შორის ევკალიპტის ქვეშ ნახევრად წრიული ბეტონის ძელსკამი იყო განთავსებული, რომელიც 1930-იან წლებში დაანგრიეს. ფოის მმართველობის დროს რამდენიმე შენობა აიგო. ორი საძინებელი კოტეჯი სააბაზანოსთან ერთად, ვერანდა და ცეცხლის დასანთები ადგილი ღია ცის ქვეშ, რომელსაც ლინდსის დროს „ბანაკი“ ეწოდა, მომსახურე პერსონალისთვის გამოიყო.[1]

1912 წელს ნორმან ლინდსიმ და როუზ სოუდიმ კერძო საკუთრება შეიძინეს. 1913 წელს მთავარ შენობას რესტავრაცია ჩაუტარდა. პირველ რიგში, ტერმიტების მიერ შეჭმული იატაკი შეიცვალა. ადგილობრივთა დახმარებით, ახალი მშენებლობებიც დაიწყო. ვერანდა უფრო გაადიდეს და მთავარი სახურავის მსგავსად, ფრანგული ფილებით გადახურეს. ამ პერიოდშივე ეზში დროებითი ხის სტუდია აშენდა მორეტონ ბეი ფიგის მიერ. ლინდსი ამ სტუდიას იყენებდა, სანამ მთავარი შენობის დასავლეთით მუდმივი ქვიშაქვის სტუდია აშენდებოდა. თავდაპირველი სტუდია ერთოთახიანი ნაგებობა იყო დახურული ვერანდით. შემდეგში იგი ლითოგრაფიული ნამუშევრების სტუდიად გადაკეთდა. ბორცვის ქვემოთ მართკუთხა ფორმის რომაული აბანო მდებარეობდა, რომელიც სავარაუდოდ, ფოის ხელმძღვანელობისას აშენდა ბუნებრივი წყაროს ადგილას, რადგანაც მისი ოჯახი ჰიდროთერაპიით იყო დაინტერესებული.[1]

1915 წელს გაირკვა, რომ ის მიწა, რომელზეც ლითოგრაფიული სტუდია მდებარეობდა, ლინდსის საკუთრებაში არ იყო. ნორმან ლინდსი სიდნეიში გაემგზავრა, რათა მიმდებარე 7 აკრი მიწაც შეეძინა. ამ პერიოდშივე ლინდსიმ ლანდშაფტის ბუჩქებითა და შიშველი ქანდაკებებით შევსების პროექტი წამოიწყო. შიშველი ქალის პირველი ქანდაკება ვერანდის სამუშაოების დაწყებამდე დაიდგა. ვერანდის დასრულების შემდეგ ლინდსიმ წინა კიბეებთან ორი შიშველი მდგომარე ქალის ქანდაკება განათავსა.

1916 წელს კომპლექსს საცურაო აუზი დაემატა, რომლის კიდეზეც მჯდომარე ქალის ქანდაკება დადგეს. ამავე პერიოდში დაიდგა ქანდაკება „სატირი მისდევს ნიმფას“, რომელიც დღემდე თავდაპირველ ადგილას დგას. ქალის ქანდაკება, რომელსაც ხელები თავს უკან აქვს, ამ პერიოდში შეიქმნა, თუმცა დღევანდელ ადგილას 1930-იან წლებში გადაიტანეს. 1918 წელს ნორმან ლინდსიმ და პერდი ლაუდენმა სამხატვრო სტუდია ააშენეს. თავდაპირველად სტუდია ერთოთახიანი ნაგებობა იყო.[1]

1968 წელს ლინდსიმ შადრევანთან ბოლო, მწოლიარე ქალის ქანდაკება დადგა. ამ დროისთვის, მფლობელს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ საკუთრება ანდერძით National Trust of Australia-ისთვის გადაეცა და შენობის რესტავრაცია დაიწყო, რომელიც 1969 წლამდე გაგრძელდა. ამ ეტაპზე საკუთრება გალერეად და მუზეუმად გადაკეთდა. ლინდსი 1969 წელს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ზეთში შესრულებული ნახატების სტუდია დაუმთავრებელ ტილოებთან და მასალასთან ერთად ხელუხლებლად იქნა შეინარჩუნებული მისი სიკვდილის შემდეგ.

National Trust of Australia-მ საკუთრება 1970 წლის დეკემბერსი 50 000 ავსტრალიურ დოლარად შეიძინა. 1994 წელს აქ ფილმი სირინოზები გადაიღეს. 2015 წელს ორგანიზაციამ გალერეაში კონდიციონირების სისტემა განათავსა, რათა ეროვნული მნიშვნელობის ნიმუშები სათანადო პირობებში განეთავსებინა და მუზეუმში სტანდარტის შესაბამისი კლიმატკონტროლირებადი პირობები შეექმნა, ენერგიის მოხმარება და ხარჯები შეემცირებინა. გალერეა, ვუდფორდის აკადემიასთან და ევერგლეიდსთან რთად წარმოდგენილია ლურჯი მთების ზამთრის მაგიურ ფესტივალზე, რომელსაც 30 000-ზე მეტი ადამიანი ესწრება.[2][1] დღეისთვის ნორმან ლინდსის სახლი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშების გამოფენის გამო, არამედ ბაღების გამოც.

კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის 1-ელ მარტს ნორმან ლინდსის გალერეა ახალი სამხრეთ უელსის შტატის კულტურული მემკვიდრეობის რეესტრში შეიტანეს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ადგილი, რომელიც ახალი სამხრეთ უელსის კულტურული ან ბუნების ისტორიის მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს; ადგილი, რომელიც ახალი სამხრეთ უელსის ესთეტიკური მახასიათებლებით ან/და შემოქმედებით ან ტექნიკურ მიღწევებში მაღალი დონით გამოირჩევა; ადგილი, რომელსაც ძლიერი ან გამორჩეული კავშირები აქვს ახალი სამხრეთ უელსის თემებთან ან კულტურულ ჯგუფებთან სოციალური, კულტურული ან სპირიტიალური დანიშნულებით; ადგილი, რომელიც ახალი სამხრეთ უელსის კულტურის ან ბუნების ისტორიის უკეთ გასაგებად მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა; ადგილი, რომელიც ახალი სამხრეთ უელსის კულტურის ან ბუნების ისტორიის უჩვეულო, იშვიათ ან საფრთხის ქვეშ მყოფ ასპექტებს მოიცავს.[3]

იხილეთ ასევე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Attraction Homepage. (2007) Norman Lindsay Gallery.
  • Australian Council of National Trusts (ACNT) (1988). 'An Artistic Outlook', in The Historic Houses of Australia. 
  • McKenna, Gaye & Trevillion, Amanda (2014). Norman Lindsay Gallery Evacuated. 
  • National Trust. Norman Lindsay Gallery. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-01. ციტირების თარიღი: 2021-09-19.
  • National Trust of Australia (NSW) (2015). 'Properties and Collection Highlights', in Annual Report 2015. 
  • National Trust of Australia (NSW) (2008). 2008 Annual Report. 
  • National Trust of Australia (NSW) (2000). State Heritage Inventory form. 
  • Peter Freeman Pty Ltd (1999). The Norman Lindsay Gallery & Etching Studio Precinct-Springwood Conservation Management Plan Vol 1-4. 
  • Silink, Richard & Hayes, Gerry (2014). Norman Lindsay Gallery, Faulconbridge. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Norman Lindsay Gallery. New South Wales State Heritage Register. Office of Environment and Heritage. H01503. Retrieved 2 June 2018
  2. NTA, 2015, 4.
  3. Peter Freeman Pty Ltd (1999). The Norman Lindsay Gallery & Etching Studio Precinct-Springwood Conservation Management Plan Vol 1-4.