ნორიოს განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნორიოს განძიXVII საუკუნის ბოლო მეოთხედის ვერცხლის მონეტების განძი. აღმოჩნდა 1940 წელს სოფელ ნორიოში (დღევანდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ცვილით გადალესილ და ქსოვილით პირმოკრულ თიხის ქილაში. განძის საერთო წონაა 1,8 კგ. შეიცავს 495 მონეტას (130 აბაზიანი, 169 ორშაურიანი, 195 შაურიანი, ერთი ბისთი), რომელთა უმეტესობა მოჭრილია ირანის სეფიანი შაჰის სულეიმან I-ის (1667-1694) სახელით 1676 წლიდან 1687 წლამდე; მხოლოდ ორი მონეტაა შაჰ-აბას II-ისა (1642-1667) და ერთი შაჰ-თამაზის (1524-1576) დროინდელი. მონეტების უდიდესი ნაწილი თბილისის ზარაფხანის პროდუქციაა, სხვა ზარაფხანების სახელი (ერევანი, განჯა, შემახა, ჰოვეიზა, ყაზვინი) სულ 20 მონეტაზე იკითხება. ნორიოს განძი კარგად ასახავს აღმოსავლეთ საქართველოში გიორგი XI-ის (1678-1688) მეფობის დროს მიმოქცევაში არსებულ მონეტათა შემადგენლობას. ირკვევა, რომ ფულზე ქვეყნის მოთხოვნას ძირითადად თბილისის ზარაფხანა აკმაყოფილებდა. ნორიოს განძი დაფლული უნდა იყოს 1688 წლის შემდეგ, როდესაც ირანის შაჰმა ქართლის ტახტზე გიორგი XI-ის ნაცვლად ერეკლე I დაამტკიცა და ქართლ-კახეთი შინაომების ასპარეზად იქცა. განძი დაცულია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кутелия Т. С., Клад монет XVII века из Норио. Нумизматический сборник, посвящается памяти Д. Г. Капанадзе, Тб., 1977;
  • ქუთელია თ., ქსე, ტ. 7, გვ. 477, თბ., 1984