შინაარსზე გადასვლა

ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნორვეგია და მისი ზღვისიქითა ტერიტორიები
ნორვეგიის დამოკიდებული ტერიტორიები ანტარქტიდის რუკაზე

ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორიებინორვეგიის კანონმდებლობის შესაბამისად ამ ქვეყნის კუთვნილი 5 სხვადასხვა მიწის ერთობლიობა, კერძოდ 3 დამოკიდებული (ნორვ. Biland) და 2 ინტეგრირებული ტერიტორია (ნორვ. Andre deler av landet)[1].

ნორვეგიის დამოკიდებული ტერიტორიები წარმოადგენენ ამ ქვეყნის დაუსახლებელ სამფლობელოებს სამხრეთ ნახევარსფეროში. ესენია ატლანტის ოკეანეში მდებარე ვულკანური კუნძული ბუვე — ფართით 49 კმ² და ორი ანტარქტიკული ტერიტორია — იმავე ატლანტის ოკეანის სამხრეთში მდებარე მატერიკული ანტარქტიდის სექტორში დედოფალ მოდის მიწა, დ. გ. 20°-სა და ა. გ. 44°38’-ს შორის, რომელსაც უკავია მატერიკის დაახლოებით ერთი მეექვსედი ნაწილი, ასევე ანტარქტიდის წყნარი ოკეანის სანაპიროდან დაახლოებით 450 კმ-ში მდებარე პატარა ვულკანური პეტრე I-ის კუნძული ბელინსგაუზენის ზღვაში[2].

ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორიებს (მაგრამ პირდაპირი გაგებით არა დამოკიდებულ ტერიტორიებს[3]) ასევე მიეკუთვნება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ნორვეგიის ზღვაში მდებარე 2 ინტეგრირებული ტერიტორიაც — დაუსახლებელი კუნძული იან-მაიენი, ფართით 377 კმ² და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მდებარე არქიპელაგი შპიცბერგენი (დათვის კუნძულის ჩათვლით).

ნორვეგიის არც ერთი ზღვისიქითა სამფლობელო არ არის შეყვანილი კონტინენტალური ნორვეგიის ადმინისტრაციულ სისტემაში, არც საგრაფოების (ნორვ. fylker) დონეზე და არც მუნიციპალიტეტების დონეზე; ისინი წარმოადგენენ განსაკუთრებულ წარმონაქმნებს.

დამოკიდებული ტერიტორიები არ არიან ნორვეგიის სამეფოს ნაწილები, მაგრამ იმყოფებიან მისი სუვერენიტეტის ქვეშ[2]. ეს არსებითად იმას ნიშნავს, რომ ასეთი მიწა შეიძლება დათმობილი იქნას ნორვეგიის კონსტიტუციის პირველი თავის (ტერიტორიული მთლიანობის შესახებ) დარღვევის გარეშე. ეს ტერიტორიები ადმინისტრირდება ოსლოდან ნორვეგიის იუსტიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს პოლარული საქმეების დეპარტამენტის მიერ[4]. მათზე ვრცელდება ნორვეგიის სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობის მოქმედებები, ეკოლოგიური ნორმების ჩათვლით, იქ ასევე აკრძალულია ბირთვული საწვავის შენახვა და სხვაგვარი გამოყენება[2]

რადგანაც პეტრე I-ის კუნძული და დედოფალ მოდის მიწა მდებარეობს ს. გ. 60°-ს სამხრეთით, მათზე ვრცელდება საერთაშორისო შეთანხმება ანტარქტიდის შესახებ, რომელზეც ასევე ხელი ნორვეგიასაც აქვს მოწერილი[5]. მისი პუნქტების თანახმად, ნორვეგიული ტერიტორიული პრეტენზიები ანტარქტიკაში მიჩნეულია უვადოდ გაყინულად. სუბანტარქტიკული ბუვეს კუნძული ამ შეზღუდვებში არ ხვდება.

საერთაშორისო სტანდარტიზაციის ინტერესებიდან გამომდინარე ნორვეგიის ინტეგრირებული ტერიტორიები[6] გაერთიანებული არიან ერთი დასახელებით — „შპიცბერგენი და იან-მაიენი“[3]. მას იყენებს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და გაეროს სტატისტიკის განყოფილება, დარეგისტრირებულია (მაგრამ არ გამოიყენება) საერთო ეროვნული ინტერნეტის პირველადი დომენი .sj. მაგრამ ადმინისტრაციულად ეს მიწები ერთმანეთთან არ არიან დაკავშირებულები: იან-მაიენი შედის ნურლანის გუბერნიაში[7], ხოლო შპიცბერგენი იმართება იუსტიციის სამინისტროზე დაქვემდებარებული საკუთარი გუბერნატორით (ნორვ. Sysselmannen på Svalbard)[8], მაგრამ ამასთან ფლობს სპეციალურ სტატუსს, რომელიც 1925 წლის „შპიცბერგენის სტატუსის შესახებ კანონით“ რეგულირდება ეროვნულ დონეზე, ხოლო საერთაშორისო დონეზე რეგულირდება 1920 წლის შპიცბერგენის ტრაქტატით.

ამ საერთაშორისო ხელშეკრულებამ არქიპელაგზე დაადგინა ნორვეგიის სუვერენიტეტი, მაგრამ ის გამოაცხადა დემილიტარიზებულ ზონად და მონაწილე სახელმწიფოებს მისცა თანაბარი უფლებები შპიცბერგენის ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაციაზე, შიდა წყლების ჩათვლით[9]. დღეისათვის ამ უფლებით, თვითონ ნორვეგიასთან ერთად, სარგებლობს რუსეთიც[8] (1995 წლამდე რუსების რაოდენობა არქიპელაგზე სჭარბობდა კიდევაც ნორვეგიელების რაოდენობას) და, მნიშვნელოვნად ნაკლები ხარისხით, პოლონეთი და ჩინეთი. დანარჩენი ნორვეგიისგან განსხვავებით (იან-მაიენის ჩათვლით), შპიცბერგენი არ შედის არც შენგენის ზონაში და არც ევროპის ეკონომიკურ ზონაში, რადგანაც უვიზო განსაკუთრებული ეკონომიკური ზონაა[10].

ნორვეგიის ზღვისიქითა ტერიტორიების სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დროშა ტერიტორიის დასახელება რეგიონი სტატუსის
მოპოვების წელი
e-დომენი ადმინისტრაციული ცენტრი მოსახლეობა
ად.
ფართობი,[11]
კმ²
დამოკიდებული ტერიტორიები
1 დედოფალ მოდის მიწა¹ ატლანტის ოკეანე 1939¹ .aq, .no (ტროლი) დაახლოებით 40 დაახლოებით 2 700 000
2 ბუვე ატლანტის ოკეანე 1928 .bv 0 49
3 პეტრე I-ის კუნძული¹ წყნარი ოკეანე 1931¹ .aq 0 156
ინტეგრირებული ტერიტორიები
4 შპიცბერგენი² არქტიკა 1920² .sj, .no ლონგირი 2698 61 022
5 იან-მაიენი ატლანტის ოკეანე 1929 .sj 18 377
¹ არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა ანტარქტიდის შესახებ არსებული შეთანხმების თანახმად.
² შპიცბერგენის ტრაქტატის შესაბამისი შეზღუდვებით.

ზღვისიქითა ტერიტორიების მოპოვების ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის დასაწყისს ნორვეგია შეხვდა ეროვნული თვითშეგნების მკვეთრი აღმავლობით. 1905 წელს ნორვეგიის ისტორიაში პირველი რეფერენდუმის გზით მან გააუქმა არათანაბარუფლებიანი უნია შვედეთთან და გადააყენა შვედეთის მეფე ოსკარ II, ნორვეგიის ტახტზე ავიდა დანიის პრინცი კარლი, რომელსაც სახელად ეწოდა ჰოკონ VII. ახალგაზრდა ერს სჭირდებოდა ეროვნული ატრიბუტები და პოლიტიკური ნაბიჯები საკუთარი სრულფასოვანი სახელმწიფოებრიობის დასამტკიცებლად. ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება გახდა ნორვეგიული ექსპანსიონიზმი, გართულებული იმით, რომ ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტში პრაქტიკულად მთელი სამყარო უკვე დაყოფილი იყო.

დამოკიდებული ტერიტორიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუვე — კონტინენტური ხმელეთიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაშორებული კუნძულია მსოფლიოში (აღდგომის კუნძულისა და ტრისტანი-და-კუნიას კუნძულების შემდეგ). ამის და ასევე კუნძულზე გადმოსვლის მოუხერხებლობის გამო გამოსაზამთრებლად იქ ვერავინ ვერ რჩებოდა, ხოლო პირველი ხანგრძლივი გამოზამთრება კუნძულზე მოხდა მხოლოდ 1927 წელს, მისი აღმოჩენიდან ას წელზე მეტი ხნის შემდეგ. მაშინ გემ „ნორვეგიას“ ეკიპაჟმა იქ გაატარა დაახლოებით ერთი თვე, ხოლო ექსპედიციის მეთაურმა ლარს კრისტენსენმა კუნძული გამოაცხადა ნორვეგიის საკუთრებად.

მეფე ჰოკონ VII-ის 1928 წლის ბრძანებით კუნძული ბუვე გამოცხადდა ნორვეგიის ტერიტორიად. 1929—1930 წლებში დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა კუნძულ ბუვეს მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებზე. 1930 წელს სტორთინგმა მიიღო კანონი, რომლის ძალითაც პეტრე I-ის კუნძული, ბუვე და ამ უკანასკნელთან მდებარე წყლები ს. გ. 60°-ის ჩრდილოეთით გამოცხადდა ნორვეგიის დამოკიდებულ ტერიტორიებად.

1938 წელს ნორვეგიამ წამოაყენა პრეტენზიები დედოფალ მოდის მიწის სუვერენიტეტზე. 1939 წლის 14 იანვრის მეფის ბრძანებით შეიქმნა „კუნძულ ბუვეს სექტორი“ დ. გ. 20°-სა და ა. გ 44°38’-ს შორის. ბრძანებაში ნათქვამი იყო[12]:

„მატერიკული სანაპიროს ნაწილი, გადაჭიმული ფოლკლენდის კუნძულების დამოკიდებული ტერიტორიებიდან (ანუ კოტსის მიწის საზღვრიდან) ავსტრალიის ანტარქტიდული ტერიტორიის საზღვრამდე აღმოსავლეთში, შიდა ტერიტორიასთან ერთად, რომელიც მდებარეობს ამ სანაპიროების იქით, და მიმდებარე ზღვის ნაწილი შედის ნორვეგიის სუვერენულ მფლობელობაში“.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის ანტარქტიკული სექტორის საზღვრის განედი დღემდე არ არის განსაზღვრული და შედეგად შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს სამფლობელოს ფართობი[13]. ამიტომ გეოგრაფიულ რუკებზე მისი განედის საზღვრებს ჩვეულებრივ გამოსახავენ ნებისმიერი ტალღისებური ხაზით.

ინტეგრირებული ტერიტორიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნორვეგიის რუკა, შპიცბერგენისა და იან-მაიენის ჩათვლით

ნორვეგიულ ხელნაწერებში ვინმე სვალბარდი (შპიცბერგენი) მოიხსენიება 1194 წლიდან, თუმცა ნორვეგიელების სარწმუნო გამოჩენა არქიპელაგზე მიეკუთვნება მხოლოდ XVIII საუკუნის დასასრულს[8]. ამავე პერიოდში მრავალსაუკუნოვანი ვეშაპებზე ნადირობის და ბეწვეულის მოპოვების ჩავარდნის შემდეგ შემდეგი ასი წლის განმავლობაში შპიცბერგენი ფაქტობრივად მიტოვებული იქნა და ითვლებოდა terra nullius[8]. მსოფლიო ლიდერი ქვეყნების ინტერესების ახალი გაჩენა არქიპელაგის მიმართ დაიწყო XIX საუკუნის დასასრულს ნახშირის მოპოვების, პოლარული ტურიზმის და პოლარული ავიაციის განვითარებასთან დაკავშირებით. სხვადასხვა ქვეყნების კომერციული კანტორების მიერ ნახშირის მოპოვებამ გამოიწვია მასზე მუდმივი დასახლებული პუნქტების შექმნა. ნორვეგიის სუვერენიტეტი არქიპელაგზე აღიარებული იქნა 1920 წელს, მაგრამ შეზღუდვებით მაშინ პარიზში ხელმოწერილი შპიცბერგენის ტრაქტატის თანახმად. 1925 წლიდან ოფიციალურად შპიცბერგენი ნორვეგიის სამეფოს ნაწილია[8].

ნორვეგიის დასავლეთით დაახლოებით 1 ათას კმ-ზე მდებარე ცალკე მდგომი კუნძული იან-მაიენი XX საუკუნის დასაწყისიდან აითვისეს ნორვეგიელმა მონადირეებმა ადგილობრივ მელიებზე და დათვებზე სანადიროდ. ეს სამფლობელო ნორვეგიის იურისდიქციაში მოხვდა ერთა ლიგის გადაწყვეტილებით. 1921 წელს კუნძულზე გაიხსნა პირველი მეტეოსადგური, ერთი წლის შემდეგ მოხდა ტერიტორიის ანექსია, ხოლო 1930 წელს ოფიციალურად გახდა ნორვეგიის სამეფოს ნაწილი[14].

ნორვეგიის ტერიტორიული პრეტენზიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სვერდრუპის კუნძულები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნორვეგიის პრეტენზიები დანიის გრენლანდიაზე 1931—1933 წლებში

1898-1902 წლებში ნორვეგიელების არქტიკული ექსპედიციის დროს მაშინ უცნობი გრენლანდიის ჩრდილოეთი ნაწილის და მისი მიმდებარე მიწების კვლევის დროს ნორვეგიელმა პოლარულმა მკვლევარმა ოტო სვერდრუპმა აღმოაჩინა კანადის არქტიკულ არქიპელაგთან მიმდებარე მთელი რიგი კუნძულები, კერძოდ სვერდრუპის კუნძულები. ეს ტერიტორიები მან გამოაცხადა ნორვეგიის სამფლობელოებად (დოკუმენტების ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნით), მიუხედავად დიდი ბრიტანეთის მაშინდელი დომინიონის კანადის პრეტენზიებისა, რომელმაც საკუთრად გამოაცხადა არქტიკის მთელი შესაბამისი სექტორი.

თავიდან ნორვეგიის მთავრობამ არ გამოხატა არანაირი ინტერესი ახალი დაშორებული პოლარული აღმოჩენების მიმართ, მაგრამ 1928 წელს წამოიწყო სასამართლო დავა ბრიტანეთის იმპერიასთან, იმ გათვლით, რომ ის „გაეცვალა“ დიდი ბრიტანეთის მიერ ნორვეგიის სუვერენიტეტის აღიარებით იან-მაიენის და ბუვეს კუნძულებზე (რომლებიც კარებს აღებდნენ ანტარქტიდისკენ). სასამართლო განხილვები, მათ შორის ერთა ლიგის სტრუქტურების ჩართვით, გაგრძელდა ორ წელზე მეტი[15][16].

შედეგად 1930 წლის ნოემბერში ნორვეგიამ აღიარა კანადის სუვერენიტეტი სვერდრუპის კუნძულებზე[17], ხოლო პასუხად დიდმა ბრიტანეთმა აღიარა ნორვეგიის პრეტენზიები[16]. პრეტენზიებზე უარის ბოლო დოკუმენტებზე ოტო სვერდრუპმა ხელი მოაწერა თავის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე.

პარალელურად მიმდინარეობდა გრენლანდიასთან დაკავშირებული მეორე სიუჟეტი. 1920-იან წლებში ნორვეგიამ დანიას მოსთხოვა ამ კუნძულის აღმოსავლეთი ნაწილი. თავის პრეტენზიებს იგი ასაბუთებდა, როგორც ისტორიული (ერიკ წითურმა იქ დააარსა პირველი დასახლებები X საუკუნეში), ასევე ეკონომიკური ფაქტორებით: ტერიტორია ძირითადად გამოიყენებოდა ნორვეგიული გემების და ვეშაპდამჭერების მიერ. დანიამ ყველა უცხოელისაგან პასუხად მოითხოვა გრენლანდიის ტერიტორიის დატოვება, რამაც მოიტანა ახალი დაძაბული მოლაპარაკებები. 1924 წელს დანია დათანხმდა იმას, რომ ორივე ქვეყანას აქვს უფლება იქ აწარმოონ სამეურნეო საქმიანობა, ნადირობა და სამეცნიერო კვლევები[18][19].

მაგრამ 1931 წლის ივნისში გრენლანდიის სოფელ მიგბუქტაში აღმართული იქნა ნორვეგიის დროშა და ტერიტორია ოკუპირებული იქნა, ხოლო ერთი თვის შემდეგ ნორვეგიაში გამოვიდა მეფის ბრძანება, რის თანახმადაც აღმოსავლეთ გრენლანდიაზე გამოცხადდა ნორვეგიის სახელმწიფო სუვერენიტეტი და იქ ერიკ წითურის მიწის დამოკიდებული ტერიტორიის შექმნა[19]. მოგვიანებით ნორვეგია და დანია შეთანხმდნენ დავა გადაწყვეტილიყო ერთა ლიგის საერთაშორისო სასამართლოს მუდმივ პალატაში, სადაც ნორვეგიამ 1933 წელს წააგო საქმე[20]. ტერიტორია დანიას დაუბრუნდა.

ფრიტიოფ ნანსენის მიწა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორვეგიის ხელისუფლების მიერ დაფინანსებულმა და 1893 წელს აღმოსავლეთში გაგზავნილმა ფრიტიოფ ნანსენის არქტიკული ექსპედიციამ გემით «ფრამი» მოიტანა იმედის გაცრუება: აქამდე 20 წლით ადრე აღმოჩენილი ფრანც-იოსების მიწა აღმოჩნდა მხოლოდ პატარა, პრაქტიკულად მთლიანად ყინულით დაფარული და მუდმივ საცხოვრებლად უვარგისი კუნძულების ჯგუფი. ნანსენი დარწმუნდა, რომ პოლარული ხაზის იქით მდებარე არქიპელაგს არ ჰქონდა გაგრძელება ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ დიდი მიწის სახით და არ უერთდება გრენლანდიას ჩრდილოეთი პოლუსის მეშვეობით[21].

სტორთინგის პირობებით ნანსენის ექსპედიციას უნდა ჰყოლოდა წმინდა ნორვეგიული ეროვნული შემადგენლობა, ხოლო სავარაუდო მიწები უნდა გამხდარიყვნენ ნორვეგიის სამფლობელოები[22]. მაგრამ ფრანც-იოსების მიწა ფორმალურად არ იქნა გამოცხადებული ტერიტორიული პრეტენზიების ობიექტად არც ერთი დიდი სახელმწიფოს მიერ[23][24] — თვით 1926 წლამდე, როდესაც მისი ანექსია მოახდინა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირმა[25].

ამ აქტს ეწინააღმდეგებოდა ნორვეგია 1920-იანი წლების ბოლომდე, წარუმატებლად აყენებდა თავის პრეტენზიებს, ცდილობდა სახელი გადაერქვა არქიპელაგისთვის და დაერქვა „ფრიტიოფ ნანსენის მიწა“. 1929 წლის ივლისში ოტო შმიდტმა პოლარული ექსპედიციის დროს ყინულმჭრელი ორთქმავლით „გიორგი სედოვი“ აღმართა ჰუკერის კუნძულზე სსრკ-ის დროშა და ფრანც-იოსების მიწა გამოაცხადა საბჭოთა კავშირის ნაწილად[26].

ბუვეს კუნძულის სექტორი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნორვეგიის მიერ თავისი სუვერენიტეტის განმტკიცებას „ბუვეს კუნძულის სექტორზე“, სადაც თვით ამ კუნძულის გარდა შევიდა, დედოფალ მოდის მიწა და პეტრე I-ის კუნძული, ეწინააღმდეგებოდნენ საბჭოთა კავშირი და აშშ. 1939 წლის იანვარში საბჭოთა კავშირის საპროტესტო ნოტა ნორვეგიის ხელისუფლების მიმართ დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ნორვეგიამ ბუვეს კუნძულთან ერთად საკუთარ ტერიტორიად ასევე გამოაცხადა პირველი რუსული ანტარქტიკული ექსპედიციის დროს ფადეი ბელინსგაუზენის და მიხეილ ლაზარევის მიერ აღმოჩენილი პეტრე I-ის კუნძული[27].

საბჭოთა კავშირმა მაშინ ნორვეგიას მიუთითა „ბუვეს სექტორზე“ მისი პრეტენზიების უკანონობაზე[28]. ასევე გაკეთდა განცხადება, რომ საბჭოთა კავშირი არ წარადგენს თავის პრეტენზიებს, მაგრამ იტოვებს უფლებას გააკეთოს ეს რუსი ზღვაოსნების მიერ აღმოჩენილ ანტარქტიკისპირა მიწებზე[28][29]. მიუხედავად ამისა 1957 წელს განსახილველი ტერიტორიების დამოკიდებული სტატუსი განმტკიცდა ნორვეგიის კანონმდებლობაში[30].

ანალოგიური პოზიცია შეინარჩუნა საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ თვით 1959 წლამდე, როდესაც დამთავრდა მუშაობა საერთაშორისო ხელშეკრულებაზე ანტარქტიდის შესახებ, რომელმაც გაყინა ყველა ტერიტორიული პრეტენზია ნებისმიერ მიწებზე ს. გ. 60°-ის სამხრეთით. შედეგად, სამხრეთ ნახევარსფეროში ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული ნორვეგიის სამფლობელო აღმოჩნდა მხოლოდ თვითონ კუნძული ბუვე.

1941 წლის მსოფლიო რუკის გერმანული ფრაგმენტი, რომელშიც ახალი შვაბია გერმანიის სამფლობელოდ არის ნაჩვენები

1939 წლის იანვარში მესამე გერმანულმა ანტარქტიკულმა ექსპედიციამ გემით „შვაბია“, პოლარული მკვლევარ ალფრედ რიჩერის ხელმძღვანელობით, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა პოლარული კვლევების გერმანულმა საზოგადოებამ, განაცხადა მესამე რაიხის ტერიტორიული პრეტენზიები გერმანულ ანტარქტიკულ სექტორზე ა. გ. 4°50' და 16°30' შორის[31] — ახალი შვაბია.

შედეგად, დედოფალ მოდის მიწაზე ნორვეგიის მეფე ჰოკონ VII-ის ბრძანებით ნორვეგიის სუვერენიტეტის განმტკიცების შემდეგ რამდენიმე დღის გასვლის მერე გერმანიამ ამავე ტერიტორიის დიდ ნაწილზე გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი[32]. ამასთან „შვაბიაზე“ მყოფმა თვითმფრინავ-ამფიბიებმა განახორციელეს ახალი გერმანული სამფლობელოების დაწვრილებითი აეროფოტოგადაღებები და თითოეულ 25-30 კმ-ში აგდებდნენ ალმებს.

აღწერიდან 15 თვის გასვლის შემდეგ მესამე რაიხმა სამხედრო ნორვეგიის ოპერაციის დროს დაიპყრო თვითონ ნორვეგიაც. პრეტენზიებს ახალ შვაბიაზე მესამე რაიხი მხარს უჭერდა თვით საკუთარ კაპიტულაციამდე — 1945 წლის მაისამდე, თანაც ფორმალურად გერმანია უარს არ აცხადებდა მათზე დღევანდელ დღემდეც, თუმცა, XXI საუკუნეში უკვე მასზე აღარ უფიქრია.

შპიცბერგენის კონდომინიუმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წლის თებერვალში საბჭოთა კავშირმა აღიარა[33] ნორვეგიის სუვერენიტეტი შპიცბერგენზე, ხოლო 1935 წელს შეუერთდა 1920 წლის შპიცბერგენის ტრაქტატს. მაგრამ 1944 წლის 12 ნოემბერს, ანუ პეტსამო-კირკენესის ოპერაციის დამთავრებისთანავე და წითელი არმიის მიერ ჩრდილოეთ ნორვეგიის ფინმარკის გერმანელების ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრ ტრიუგვე ლისთან მოლაპარაკებების დროს დააყენა საკითხი შპიცბერგენის ტრაქტატის იმ პუნქტების გადახედვის შესახებ, რომელიც ეხებოდა არქიპელაგზე ნორვეგიის სრულ სუვერენიტეტს.

საბჭოთა კავშირმა წამოაყენა წინადადება[34] დამყარებულიყო შპიცბერგენზე ორმხრივი კონდომინიუმი, ხოლო დასავლეთ შპიცბერგენის სამხრეთი ბოლოსა და კონტინენტური ნორვეგიას შორის დაახლოებით შუაგზაზე მდებარე დათვის კუნძული (180 კმ²) გადაცემულიყო საბჭოთა კავშირის მფლობელობაში. 1945 წლის 9 აპრილს ნორვეგიის მხარემ წამოაყენა კომპრომისი: დადებულიყო ნორვეგიისა და საბჭოთა კავშირის ერთობლივი პასუხისმგებლობის შეთანხმება შპიცბერგენის თავდაცვისათვის[34].

შემდგომში ამ თემამ არ მიიღო არანაირი განვითარება და 1947 წლის 15 თებერვალს სტორთინგმა სპეციალური რეზოლუციით უარი განაცხადა არქიპელაგის ერთობლივ თავდაცვაზე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე[34], მაგრამ აღიარა, რომ საბჭოთა კავშირი არის სახელმწიფო, რომელსაც ნორვეგიასთან ერთად აქვს განსაკუთრებული ეკონომიკური ინტერესები შპიცბერგენზე[35].

ყოფილი ზღვისიქითა მიწები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნორვეგია, ჩრდილოეთი ევროპა და გრენლანდია. ჯიროლამო რუშელის რუკა (1599 წელი)

IX საუკუნიდან XV საუკუნის შუა პერიოდამდე ნორვეგიელი ვიკინგები ახორციელებდნენ ექსპანსიის წარმატებულ ცდებს და სხვადასხვა ჯგუფის კუნძულების ტალასოკრატიულ კოლონიზაციებს ჩრდილოეთ ევროპაში. მაშინ ნორვეგია ფლობდა ჰებრიდის კუნძულებსა და კუნძულ მენს (კუნძულების სამეფო), ორკნეის, შეტლანდის, ფარერის კუნძულებს, ჰქონდა დასახლებები შოტლანდიაში, ირლანდიაში, ისლანდიაში, გრენლანდიის სამხრეთ სანაპიროზე და თვით ლაბრადორის ნახევარკუნძულზეც და ნიუფაუნდლენდშიც[36].

მაგრამ 1319 წლის შემდეგ ნორვეგიის სამეფომ დაკარგა საკუთარი სუვერენიტეტი, თანდათანობით ხდებოდა უმცროს პარტნიორად უნიებში შვედეთთან და დანიასთან, — იხ. კალმარის უნია, დანია-ნორვეგიის უნია, შვედეთისა და ნორვეგიის გაერთიანებული სამეფო. როგორც შედეგი, ნორვეგიული მიწების ისტორია დაკავშირებული გახდა მეზობელი სკანდინავიის სახელმწიფოების ისტორიასთან და დაკარგა დამოუკიდებელი მნიშვნელობა.

სამფლობელოები ბრიტანეთის კუნძულებზე დაიკარგა XV საუკუნის შუა პერიოდისთვის შოტლანდიის და ინგლისის სასარგებლოდ ეკონომიკური მიზეზების გამო. ნაპოლეონის საფრანგეთის განადგურების შედეგად, ნორვეგიის უნიის პარტნიორის მორიგი შეცვლის შემდეგ დანიიდან შვედეთზე ნორვეგიის დარჩენილი ზღვისიქითა მიწები — ისლანდია, გრენლანდია და ფარერის კუნძულები — 1814 წლის კილის სამშვიდობო ხელშეკრულებების პირობებით მოხვდა დანიის საკუთრებაში[37].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Osmanczyk, E.; Mango, A. Encyclopedia of the United Nations and International Agreements // Vol. 1, A—F. 3rd edition. — Routledge, 2003. — P. 762 — ISBN 0415939216
  2. 2.0 2.1 2.2 Lov om Bouvet-øya, Peter I's øy og Dronning Maud Land m.m. (bilandsloven). Lovdata. (ნორვეგიული)
  3. 3.0 3.1 Arlov, Thor B. (1994). A short history of Svalbard. Oslo: Norwegian Polar Institute, გვ. 68. ISBN 82-90307-55-1.  (ინგლისური)
  4. Polar Affairs Department. Norwegian Ministry of the Environment. (ინგლისური)
  5. Forutsetninger for Antarktistraktaten: Antarktistraktaten. Norsk Polarhistorie (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-23. ციტირების თარიღი: 2016-05-11. (ნორვეგიული)
  6. (29 October 1999) „2. Objectives and instruments of Norwegian policy towards Svalbard“, Report No. 9 to the Storting (1999-2000): Svalbard. Norwegian Ministry of Justice and the Police.  (ინგლისური)
  7. Jan Mayen. მსოფლიო ფაქტების წიგნი. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-08. (ინგლისური)
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 შპიცბერგენის შესახებ. ისტორია. — ოსლოში რუსეთის საელჩოს საიტი.
  9. შპიცბერგენის ტრაქტატის ტექსტი დაარქივებული 2016-01-13 საიტზე Wayback Machine. lovdata.no-ს საიტზე (ინგლისური) (ფრანგული)
  10. Lov om gjennomføring i norsk rett av hoveddelen i avtale om Det europeiske økonomiske samarbeidsområde (EØS) m.v. (EØS-loven).. Lovdata (10 August 2007). (ნორვეგიული)
  11. Statistical Yearbook of Norway 2012, Table 19: Total area, distribution of area and length of coastline, by county. 2011.
  12. Hince, B. (2000). The Antarctic dictionary: a complete guide to Antarctic English. CSIRO. ISBN 978-0-9577471-1-1. 
  13. Dronning Maud Land. Norwegian Polar Institute. (ინგლისური)
  14. Rigge, S. War in the Outposts. — Alexandria, Virginia: Time-Life Books, 1980. — pp. 24—25.
  15. Thorleifsson, T. Bi-polar international diplomacy: The Sverdrup Islands question, 1902—1930. — Master of Arts Thesis, Simon Fraser University, 2004. (ინგლისური)
  16. 16.0 16.1 Norsk polarhelt ville bli hemmelig agent. — Aftenposten.no, 2007 წლის 19 აპრილი. (ნორვეგიული)
  17. Berton, P. The Arctic Grail: The Quest for the North West Passage and the North Pole. — Toronto: Random House of Canada Ltd., 1988. — P. 629. — ISBN 0670824917
  18. Ole Magnus Rapp Da Norge plantet flagget på Grønland. — Aftenposten, 2011 წლის 19 ოქტომბერი. (ნორვეგიული)
  19. 19.0 19.1 Legal Status of Eastern Greenland დაარქივებული 2011-05-11 საიტზე Wayback Machine. , PCIJ Series A/B No. 53 (1933) (ინგლისური) (ფრანგული)
  20. საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება დაარქივებული 2006.03.17, საიტზე Wayback Machine. ერთა ლიგა, 1933 წელი. (ინგლისური)
  21. Нансен, Ф., «Фрам» в Полярном море / Пер. З. Лопухиной, ტ. 1, თარგი:М.: Географгиз, 1956.
  22. Саннес Т. Б., ««Фрам»: приключения полярных экспедиций / Пер. с нем. А. Л. Маковкина, თარგი:Л.: Судостроение, 1991, ISBN 5-7355-0120-8. :135—136
  23. რუსეთი და ნორვეგია: კომპრომისების ძიებაში. — რუსეთის ნავთობი, № 5, 2003 წლის მაისი.
  24. კვლევების ისტორია და ხალხი მეცნიერებაში. ზ. ფ. ი. — პირველი სექტემბერი. გეოგრაფია, № 10, 2009 წელი.
  25. Муров, М. მეპოლარის ჩანაწერები დაარქივებული 2014-11-05 საიტზე Wayback Machine. . — თარგი:Л.: Лениздат, 1971. — С. 220.
  26. Корякин, В. Отто Шмидт. — თარგი:М.: Вече, 2011. — С. 416. — (დიდი ისტორიული პერსონები). — ISBN 978-5-9533-5770-8
  27. ვ. ვ. ლუკინის ინტერვიუ. — «ნაუკა ი ჟიზნი».
  28. 28.0 28.1 ისტორიული ცნობა. — რუსეთის ანტარქტიკული ექსპედიციის ოფიციალური საიტი.
  29. საბჭოთა კავშირი და ანტარქტიკა დაარქივებული 2014-07-25 საიტზე Wayback Machine. .
  30. Ørvoll, Oddveig Øien. Kartlegginga av Antarktis: Internasjonale avtaler no. Norwegian Polar Institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-19.
  31. ისტორიული ცნობა — რუსეთის ანტარქტიკული ექსპედიცია
  32. ყველაზე უფრო ცნობილი ანტარქტიდული ექსპედიციები — ანტარქტიდა — მატერიკები — გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორია
  33. Малахов, А. Остров преткновения. — «Коммерсантъ Деньги», № 19, გვ. 79. — 2003 წლის 19 მაისი.
  34. 34.0 34.1 34.2 კომაროვი, ა. მეორე მსოფლიო ომის დასასრული და საბჭოთა ინტერესები ფინეთში და ნორვეგიაში (1944—1947 წლები) დაარქივებული 2014-10-31 საიტზე Wayback Machine. . // მოხსენების თეზისები სკანდინავიური ქვეყნების და ფინეთის ისტორიის, ეკონომიკის, ლიტერატურის და ენის შესწავლის XIII საერთაშორისო კონფერენციაზე. — პეტროზავოდსკი, პეტროზავოდსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1997 წლის 10—14 სექტემბერი.
  35. როგოზინი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკმაყოფილების შესახებ: ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ. — РИА «Новости», 2015 წლის 19 აპრილი.
  36. Vikings: The North Atlantic Saga. — National Museum of Natural History, Arctic Studies Center. (ინგლისური)
  37. Могунова, М., Вводная статья. // Конституции государств Европы. Конституция Королевства Норвегия от 17 мая 1814 года. / под ред. Л. А. Окунькова, ტ. 1, 2, თარგი:М.: Норма, 2001.