ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტერი
Voskresensky Novodevichy monastery.JPG
ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტერი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°53′55″ ჩ. გ. 30°19′17″ ა. გ. / 59.89861° ჩ. გ. 30.32139° ა. გ. / 59.89861; 30.32139
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი დედათა მოქმედი მონასტერი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810319000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVIII საუკუნე

ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტერი (რუს. Воскресенский Новодевичий монастырь) — მართლმადიდებლური დედათა მონასტერი სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს მოსკოვის პროსპექტზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად აღდგომის მონასტრის აგებას ვარაუდობდნენ ნევაზე სმოლნის სასახლის ადგილზე. 1748 წლის 30 ოქტომბერს ელისაბედ I-ის ბრძანების თანახმად საფუძველი ჩაუყარეს სმოლნის დედათა მონასტერს, მაგრამ მშენებლობა გაჭიანურდა შვიდწლიანი ომის გამო. მხოლოდ 1764 წელს დაინიშნა წინამძღვრი და ხუთი მონაზონი. მონასტერმა არსებობა შეწყვიტა 1822 წელს, რადგან ამ პერიოდისთვის მასში არც-ერთი მონაზონი აღარ იყო.

პირველი კლასის დედათა მონასტერი სანქტ-პეტერბურგში აღადგინეს 1845 წლის 26 მარტს ნიკოლოზ I-ის ბრძანების თანახმად. მონასტრის მობინადრეები განათავსეს ვასილევსკის კუნძულის ტერიტორიაზე მდებარე ბერძნული სასულიერო კოლეგიის ყოფილ სახლში, ხოლო მათთვის ღვთისმსახურება სრულდებოდა ახლოს მდებარე ხარების ეკლესიის ქვედა ტაძარში.

ვასილევსკის კუნძულზე მონაზვნებისთვის საჭირო ადგილი ვერ გამოიძებნა. ამის გამო მონასტრისათვის გამოყვეს სახაზინო ტყის ნაწილი მოსკოვის კარიბჭესთან. სწორედ აქ 1849 წლის 15 ნოემბერს მიტროპოლიტმა ნიკანორმა საფუძველი ჩაუყარა მონასტერს. პირველი აგური ჩადო იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა. ოთხი წლის შემდეგ დაარსდა სასაფლაოც. მონასტრის პირველი იღუმენია გახდა თეოფანია გოტოვცოვა.

კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობდა არქიტექტორ ნიკოლოზ ეფიმოვის პროექტის მიხედვით. ტაძრის შემომწირველებს შორის იყო გრაფინია ანა ორლოვა-ჩესმენსკაია და ვიუტემბერგის სამეფოს დედოფალი ოლღა ნიკოლოზის ასული. გარდა ამისა ყოველწლიურად იმპერიის ხაზინიდან გამოიყოფოდა 25 000 რუბლი.

1854 წელს მონაზვნები გადასახლდნენ აშენებულ მონასტერში. მონასტრის დაარსების შემდეგ მოქმედებდა სხვადასხვა სახელოსნო: ხატწერის, მხატვრობის, ოქროს ნაქარგობის, დედაოებს ჰქონდათ ფერმა, ბოსტანი, ბაღები. 1901 წელს მონასტერში ააშენეს შენობა, რომელშიც განათავსეს სატრაპეზო, ბიბლიოთეკა, საავადმყოფო და სხვა. მონასტერთან მუშაობდა საბავშვო სახლი, თავშესაფარი და ვლადიმირის სახელობის საეკლესიო-სამრევლო სკოლა.

1917 წელს მონასტერში 77 მონაზონი და 66 მორჩილი ცხოვრობდა. წელიწადში ოთხჯერ (მონასტრის დაარსების თარიღი, ყველაწმინდის დღე, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე და ღვთისმშობლის მიძინების დღე) ეკლესიის გარშენმო იმართებოდა ლიტანიობა.

1918 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მონასტერი გააუქმა. ჩამოართვეს მთელი ქონება. 1929-1932 წლებში სრულიად დახურეს მონასტერი და ტაძრები, გარდა იმ მონასტრისა, რომელშიც მდებარეობდა მიტროპოლიტის რეზიდენცია, დაანგრიეს მონასტრის სამრეკლო. 1932 წელს დააპატიმრეს მონასტერში მცხოვრები 90 მონაზონი და მორჩილი. 1937 წელს სამონასტრო ცხოვრება სრულიად შეწყდა. უკანასკნელი მოქმედი ეკლესიაც დაიხურა.

1990 წელს დაიწყო მონასტრის აღდგენა. 1989 წელს ყაზანის ეკლესია გადაეცა საზღვარგარეთის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1995 წელს მონასტერი იურიდიულად აღდგა. 2002 წლიდან დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები ყაზანის ეკლესიის სამხრეთ ეგვტერში, აღდგომის ტაძარში და ათონის ეკლესიაში.

2011 წლის 20-24 ოქტომბერს ტაძარში დაბრძანებული იყო ღვთისმშობლის სარტყელი ათონის მთის ვატოპედის მონასტრიდან. ამასთან დაკავშირებით ტაძრის შესასვლელთან რამდენიმე კილომეტრიანი რიგები წარმოიქმნა.

მონასტრის ტაძრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის ლიკვიდაციამდე მოქმედებდა შემდეგი ტაძრები: ქრისტეს აღდგომის ტაძარი, ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია, ვატოპედის (ათონის) ღვთისმშობლის ხატის ეკლესია, სამი წმინდანის ეკლესია, ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“, ელია წინასწარმეტყველის ეკლესია და ისიდორე პელუსიელის ეკლესია.

აღდგომის ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღდგომის ტაძარი

ხუთთავიანი, ორსართულიანი აღდგომის ტაძარი ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტრის არქიტექტურული დომინანტია. ტაძრის სიმაღლეა დაახლოებით 50 მეტრი.

ტაძარი შენდებოდა 1849-1861 წლებში არქიტექტორების ნიკოლაი ეფიმოვისა და ნიკოლაი სიჩიოვის პროექტის მიხედვით რუსულ-ბიზანტიურ სტილში და ჩამოჰგავს XV საუკუნის ვლადიმირ-სუზდალის ტაძრებს. ტაძარში შესასვლელი მდებარეობს მაღალ თაღოვან კარიბჭეში, რომელიც გადის მოსკოვის პროსპექტზე. ტაძრის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ფასადები გაფორმებულია დეკორაციული თაღებით. ტაძარს ამშვენებს მოოქროვილი ხახვისებური ხუთი გუმბათი. ოთხ პატარა გუმბათზე განთავსებულია ზარები.

ტაძრის შიგნით განთავსებულია ხუთი საკურთხეველი: ცენტრალური საკურთხეველი ნაკურთხია ქრისტეს აღდგომის სახელზე, მარჯვენა ღვთისმშობლის მიძინების სახელზე, მარცხენა მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე, ქოროს მარჯვენა ყველაწმინდის სახელზე, ხოლო მარცხენა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

1874-1875 წლებში არქიტექტორ გ. კარპოვის პროექტის მიხედვით ტაძრის სარდაფში ამოაშენეს კიდევ ერთი საკურთხეველი, რომელიც აკურთხეს თეოდოსი იღუმენისა და გრიგოლ საკვირველთმოქმედის სახელზე. მოხატულობა შეასრულეს მონასტრის მხატვრებმა და მონაზვნებმა. ღვთისმშობლის მიძინების ეგვტერში დაცულია სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მოხატა იღუმენია თეოფანიამ და ითვლება სასწაულმოქმედად.

ტაძარი დახურეს 1932 წელს. 1996 წელს ტაძარი დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის რეკონსტრუქცია.

კელიების ეკლესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთით, კელიების კორპუსში მდებარეობს ორი ეკლესია აღდგომის ტაძრის სამხრეთით და ჩრდილოეთით: სამხრეთისა ნაკურთხი ვატოპედის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სახელზე, ხოლო ჩრდილოეთისა - სამი წმინდანის სახელზე. ამჟამად მოქმედებს მხოლოდ ათონის ანუ ვატოპედის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია.

ათონის ეკლესიას საფუძველი ჩაუყარეს 1850 წლის 10 ივლისს. იგი ააშენეს ნ. ეფიმოვისა და ნ. სიჩიოვის პროექტის მიხედვით. 1854 წლის 28 ივლისს იგი აკურთხეს ათონის (ვატოპედის) ღვთისმშობლის ხატის სახელზე. მისი კანკელის ავტორია არქიტექტორი ანდრეი შტაკენშნეიდერი. სამი წმინდანის ეკლესიაც იმავე არქიტექტორებმა ააგეს ათონის ეკლესიის სიმეტრიულად მას საფუძველი ჩაუყარეს 1850 წელს, ხოლო 1855 წელს დაასრულეს მშენებლობა და აკურთხეს.

ექსტერიერის მიხედვით ორივე ეკლესია ერთნაირად გამოიყურება. ორივე ხუთგუმბათიანია, მოოქროვილი ხახვისებური გუმბათებით. ორივე ეკლესიის აღმოსავლეთ ნაწილში საკურთხევლის აფსიდებია განთავსებული.

ელია წინასწარმეტყველის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელია წინასწარმეტყველის ეკლესია, 1890 წლის ფოტო

სასაფლაოს შესასვლელთან მდებარეობდა ქვის ეკლესია, რომელიც მოპირკეთებულია აგურით. ეკლესია ელია წინასწარმეტყველის სახელზე იყო ნაკურთხი. იგი ააგეს 1888 წელს არქიტექტორ ლეონტი ბენუას პროექტის მიხედვით რუსულ სტილში. ეკლესია იყო ხუთგუმბათიანი, რომლებსაც ხახვის ფორმა ჰქონდათ. ეკლესიის ინტერიერი მდიდრულად იყო მორთული. ეკლესიაში იყო მუხის ხის კანკელი და ძვირფასი საეკლესიო ჭურჭელი, რომელიც დაამზადეს პეტერბურგის საიუველირო სახელოსნოში. 1925 წელს ეკლესია დახურეს, ხოლო 1930 წელს - დაანგრიეს.

ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასაფლაოს ცენტრში მდებარეობდა ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ეკლესია. იგი ააშენეს 1856 წელს ალექსანდრიის ჰუსართა მეთაურის ა. კარამზინის საფლავზე, რის გამოც მეორე სახელად მიიღო „კარამზინის ეკლესია“. მოგვიანებით აქვე დაკრძალეს მისი ცოლიც. ეკლესია დახურეს 1925 წელს, ხოლო 1930 წელს - დაანგრიეს. ეკლესიის დანგრევასთან ერთად გაანადგურეს კარამზინების საფლავებიც.

ყაზანის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტრის ყაზანის ეკლესია

ნოვოდევიჩის აღდგომის მონასტერში ყველაზე პირველი ტაძარი იყო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ხის ეკლესია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს 1848 წლის 13 სექტემბერს. შენობა ააგეს ნიკოლაი ეფიმოვის პროექტის მიხედვით. ამავე წლის 22 ოქტომბერს ეკლესია აკურთხა რეველის ეპისკოპოსმა ნათანიელმა. 20 წლის შემდეგ, 1869 წელს ეკლესიას ქვის საფუძველი ჩაუსხეს. თავად ეკლესია გაარემონტეს.

დროთა განმავლობაში ხის ეკლესია საკმაოდ ვიწრო გახდა, გარდა ამისა იგი მოუხერხებლად იდგა მონასტრის საავადმყოფოსა და სამეურნეო ეზოს შორის, ამიტომ გადაწყდა 1906 წელს, იგი შეეცვალათ ქვის, უფრო დიდი ეკლესიით. ახალ აგურის ეკლესიას საფუძველი ჩაუყარა მიტროპოლიტმა ანტონიმ 1908 წლის 21 ივნისს და შენდებოდა არქიტექტორ ვასილი კოსიაკოვის პროექტის მიხედვით. მშენებლობისათვის თანხები გამოყვეს ვაჭრებმა პანტელეევებმა და კაშინცევებმა. 1912 წელს ტაძრის მშენებლობა დასრულდა და დაიწყო ინტერიერის მოხატვა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მხატვარი თომა რაიალინი. მაგრამ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში უსახსრობისა და ასევე დამკვეთსა და აღმასრულებელს შორის კამათის გამო 1915 წლის ზაფხულში სამუშაოები შეწყდა. შედეგად ტაძრის კურთხევა ღვთისმშობლის ხატის სახელზე მოხდა 1917 წელს. 1920-იან წლებში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა, როგორც ახლა, ასევე ძველ ეკლესიებში.

ტაძრის დახურვის მცდელობა დაიწყო ჯერ კიდევ 1923 წელს, როცა მას ფლობდნენ ობნოვლენცები. საბოლოოდ საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დახურა 1927 წლის ივლისში, ძველი ხის ეკლესია კი დახურეს 1929 წელს და დაანგრიეს. მცირე ხნის განმავლობაში ქვის ეკლესიის ნაგებობა არ გამოიყენებოდა. 1929 წელს კი მასში განათავსეს საწყობი. დიდი სამამულო ომის შემდეგ შენობა გადაეცა ელექტრომანქანათსამშენებლო საწარმოს. 1950-იან წლებში მიიღეს ეკლესიის აფეთქების გადაწყვეტილება, მაგრამ ტექნიკური სირთულეების გამო გადაწყვეტილება შეცვალეს.

1990 წლის დეკემბრიდან 1994 წლის ოქტომბრამდე ტაძარში განთავსდა საზღვარგარეთის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია. ამავდროულად 1992 წელს ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს გადასცეს. ამავე წლის 15 მარტს იგი აკურთხეს ღვთისმშობლის ხატის სახელზე. დაიწყო რესტავრაცია. 1995 წელს ეკლესია გადაეცა აღდგენილ მონასტერს. თავად ტაძარი აკურთხეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. 2002-2004 წლებში ტაძარში მიმდინარეობდა სრული რესტავრაცია.

ამჟამინდელი ეკლესია აგებულია ნეობიზანტიურ სტილში და ჩამოჰგავს კონსტანტინოპოლის აია-სოფიას ტაძარს.

მონასტრის სამრეკლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1895 წელს აღდგომის ტაძართან ახლოს ააგეს გრანდიოზული ოთხიარუსიანი სამონასტრო სამრეკლო. იგი ჩამოჰგავა მოსკოვში მდებარე ივანე დიდის სამრეკლოს. პირველ სართულზე მდებარეობდა მონასტერში შესასვლელი თაღოვანი კარი. მეორე სართულზე განთავსებული იყო კარიბჭის ეკლესია ისიდორე პელუსიელის სახელზე, რომელიც იყო ეკლესიის აგებამვე სამი წლით ადრე გარდაცვლილი მიტროპოლიტის ისიდორე ნიკოლსკის ზეციური მფარველი.

სამრეკლო ააფეთქეს 1920-იანი წლების ბოლოს მოსკოვის პროსპექტის გაფართოებასთან დაკავშირებით.

ნოვოდევიჩის სასაფლაო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე ნოვოდევიჩის სასაფლაო დააარსეს 1845 წელს, ჯერ კიდევ მონასტრის დაარსებამდე. იგი მდებარეობდა მონასტრის აღმოსავლეთ ნაწილში. აქ დაკრძალულია უამრავი ცნობილი ადამიანი: პოეტები ნიკოლაი ნეკრასოვი, ფიოდორ ტიუტჩევი, აპოლონ მაიკოვი, მხატვრები მ. ვრუბლევი და ა. გოლოვინი, ექიმი სერგეი ბოტკინი და მრავალი სხვა. აქვეა დაკრძალული მონასტრის არქიტექტორი ნიკოლაი ეფიმოვი.

მონასტრის შორიახლოს დაკრძალულია წმინდა სინოდის ობერ-პროკურორი კონსტანტინ პობედონოსცი, რომელიც აქ დაკრძალეს ანდერძის მიხედვით 1907 წელს, აქვეა დაკრძალული მისი ცოლიც, რომელიც გარდაიცვალა ლენინგრადში 1932 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Воскресенские монастыри // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Сойкин П. П. Воскресенский Новодевичий монастырь // Православные русские обители: Полное иллюстрированное описание православных русских монастырей в Российской Империи и на Афоне. — СПб.: Воскресение, 1994. — С. 184. — 712 с. — 20 000 экз. — ISBN 5-88335-001-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]