ნოე ზომლეთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნოე.

ნოე ზომლეთელი (ნადვილი გვარია ქურიძე) (დ. 1880, ზომლეთი, ოზურგეთის მაზრა — გ. 10 ივნისი, 1938) — ქართველი პედაგოგი, პოეტი, რევოლუციონერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ღარიბი გლეხის, ალმასხან ქურიძის, ოჯახში. 6 წლისამ დაიწყო სწავლა სოფლის სკოლაში. 1891 წელს დაასრულა ბასილეთის ორკლასიანი სასწავლებელი. სიღარიბის გამო სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო და სახლში სასოფლო-სამეურნეო შრომას ეწეოდა. 1893 წელს მუშაოობა დაიწყო აკეთის ბიბლიოთეკაში. იქ სამი წელი იმუშავა, დაუახლოვდა მასწავლებელ აკაკი გეგეჭკორს, რომელმაც ურჩია სამასწავლებლო განათლების მიღება და დაეხმარა სწავლის ფულის შეგროვებაში. 1896-1900 წლებში სწავლობდა ხონის სამასწავლებლო სემინარიაში.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1899 წელს. 1900 წელს დაიწყო მუშაობა ასკანაში მასწავლებლად. 1901-1902 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ „კვალთან“. 1903 წლიდან მოსე ნინიძესთან ერთად შექმნა საიდუმლო წრე. 1905 წელს გურიის გლეხთა გამოსვლების დროს მუშაობდა ლანჩხუთსა და ნიგოითში პროპაგანდისტად, იყო აჯანყებულთა რაზმის წევრი, მონაწილეობდა ნასაკირალის ბრძოლაში, იცავდა სუფსის მარჯვენა ნაპირს. 1907 წელს დააპატიმრა ტოლმაჩოვმა და მიუსაჯა გადასახლება ციმბირში, მაგრამ სახალხო სკოლების დირექციის შუამდგომლობით, როგორც კარგ მასწავლებელელს, სასჯელი შეეცვალა გურიიდან გასახლებით. 1908-1912 წლებში მასწავლებლად მუშაობდა სოფელ ცაიშში. აქ დააარსა ბიბლიოთეკა, მონაწილეობდა ზუგდიდის მაზრის კულტურულ ცხოვრებაში. 1912 წლიდან ასწავლიდა სოხუმის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლაში, 1915 წლიდან — სოხუმის ქალთა გიმნაზიაში, ხოლო 1918 წლიდან — სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში.

1921 წლის მაისიდან მუშაობდა ოზურგეთის მაზრის განათლების განყოფილების თავმჯდომარედ, „განახლებული გურიის“ რედაქტორად. 1922 წლიდან იყო აჭარის საოლქო კომიტეტის ორგანოს „პროლეტარული მწერლობის“ რედაქტორი, 1923-1924 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის “ რედაქტორი. ლექსების პირველი კრებული 1924 წელს გამოაქვეყნა. 1927 წლიდან მუშაობდა საქართველოს რევოლუციურ მუზეუმში.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ლექსები მებრძოლი სულისკვეთებით გამოირჩეოდა („ალექსანდრე წულუკიძის ხსოვნას“, 1906; „სამშობლოს მოღალატე“, 1908; „პოეტი“, 1913; „მშვიდობა ქოხებს“, 1921 და სხვ.). საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ნოე ზომლეთელის შემოქმედების უმთავრესი თემაა რევოლუციური ბრძოლა (რომანი „უგულო ღამეები„, ადრინდელი სახელწოდებით „იფქლი“, 1927; პოემები: „კამო“, 1929; „ახალი ნასაკირალი“, 1933 და ლექსები: „ფეიქრები“, 1923; „საბჭოთა ავტო“, 1932; „ორთქლმავალი“, 1933; „თბილის-ზაჰესს“, 1935; პოემა „აღსდგა სინათლე“, 1928 და სხვ.). წერდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ლექსებს, ფელეტონებს (კრებული „სიცილ-ტირილი“, 1925), საბავშვო ლექსებსა და მოთხრობებს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მრუდე გზა: სურათი სოფლის ცხოვრებიდან — ტფილისი, 1930, 28 გვ.
  • უგულო ღამეები — ტფილისი, სახელგამი, 1930, 163 გვ.
  • ნასაკირალი: ორი პოემა — თბილისი, ქართული წიგნი, 1931, 85 გვ.
  • რჩეული — თბილისი, სახელგამი, 1953, 316 გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]