შინაარსზე გადასვლა

ნოდარ ვალიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნოდარ ვალიშვილი
დაბ. თარიღი 25 ოქტომბერი, 1932(1932-10-25)
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 2017
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა მეცნიერი, ინჟინერი, პედაგოგი და პროფესორი

ნოდარ ვალიშვილი (დ. 25 ოქტომბერი, 1932, ქუთაისი — გ. 2017) — ქართველი თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, ინჟინერ-ტექნოლოგი, მათემატიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1972).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წელს დაამთავრა მოსკოვის ჩარხსაინსტრუმენტო ინსტიტუტი („მოსსტანკინი“). 1968 წელს — მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი.

1956-1958 წლებში მუშაობდა დახურულ საწარმოში ძერჟინსკში (მოსკოვის მახლობლად). 1961 წლიდან იყო მოსსტანკინის მასალათა გამძლეობის კათედრის დოცენტი. 1966 წლიდან იყო ნ. ბაუმანის სახელობის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის მასალათა გამძლეობის, მანქანების დინამიკის და სიმტკიცის კათედრის პროფესორი. 1973-1989 წლებში — ქუთაისის ახლად დაარსებული ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი. 1989-1998 წლებში იყო კათედრის გამგე. 1998 წელს დააარსა ახალი ტიპის საავტორო საშუალო სკოლა და იყო ამ სკოლის დირექტორი, შემდგომში — სამეცნიერო ხელმძღვანელი. 2009 წლიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკა დაკავშირებულია თანამედროვე გამოთვლითი საშუალებების დანერგვასთან, რომელიც არაწრფივი ანალიზის სტრატეგიის ახლებურად გააზრების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად აფართოებს საკვლევი ამოცანების კლასს. 1968 წელს მის მიერ ამოხსნის პარამეტრით გაგრძელების მეთოდში შემოთავაზებული იქნა პარამეტრის ცვლილების ხერხი, რამაც საშუალება მისცა პირველად, მეცნიერულად დასაბუთებულად შეესწავლა ბრუნვითი გარსების არაწრფივი ქცევა კრიტიკულ ზღვარს მიღმა. მის შრომებში დამუშავებულმა ალგორითმმა და ნაყოფიერმა იდეებმა დაამტკიცეს თავიანთი ღირებულება და ეფექტურობა გარსების არაწრფივი თეორიის ფართო წრის ამოცანების ამოხსნისას და თეორიულ საფუძვლად დაედო ალგორითმებსა და პროგრამებს, რომლებიც გამოიყენება თხელკედლიანი კონსტრუქციების გაანგარიშებისათვის და პროექტირებისათვის. ავტორია 21 მონოგრაფიისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. არჩეული იყო საქართველოს სსრ მეცხრე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქუთაისის საპატიო მოქალაქე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მასალების და კონსტრუქციების გამძლეობა: სახელმძღვ. სტუდ., თბ., ჯისიაი, 2008, გვ. 548
  • ჩვენი სკოლა ქართული, ქუთაისი, საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 2002, 296
  • თხელკედლიანი კონსტრუქციების სტატიკა და დინამიკა, თბ., 1990, 207
  • რწმენა და ფიქრები: ქუთაისის პოლიტექნ. ინ-ტის რექტორის ჩანაწერები, თბ., საბჭ. საქართველო, 1984, გვ. 251

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 144.
  • საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2016, გვ. 217-218

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]