ნისტაგმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნისტაგმითვალების სპონტანური რხევითი მოძრაობა. განასხვვებენ მის რამდენიმე სახეს: ციმციმისებურს, კლონურს (ბიძგისებურს) და შვრეულს. მიმართულების მიხედვით — ჰორიზონტალურს, ვერტიკალურს, წრიულსა და დიაგონალურს (მიმართულება ფასდება რხევის სწრაფი ფაზის მიხედვით). ამპლიტუდის მიხედვით — დიდს, საშუალოს და მცირეს (რხევის ამპლიტუდა შეიძლება იყოს 15, 10, 5 გრადუსი). რხევითი მოძრაობის სიხშირემ წუთში შესაძლოა 100-საც კი მიაღწიოს.

ნისტაგმი თანდაყოლილიც შეიძლება იყოს შეძენილიც. შეძენილი ნისტაგმი უსუფთაო მხედველობითი აღქმით (თუმცა გამორიცხული არ არის, ცენტრალური მხედველობის სიმახვილე მაღალი იყოს) და თავბრუხვევით მიმდინარეობს, თანდაყოლილ ნისტაგმს კი თავბრუხვევა თან არ ახლავს.

ნისტაგმს შეიძლება ჰქონდეს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი გენეზი. მისი განვითარება შეიძლება გამოიწვიოს ანთებითი პროცესებისა და სიმსივნური დაავადებების შედეგად ტვინის ან მისი მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებამ. გარდა ამისა, ნისტაგმი შეიძლება აღმოცენდეს ორივე თვალში ცუდი მხედველობის გამო, ოპტიკური გარემოს ანომალიის, თვალის სისხლძარღვების, ბადურა გარსისა და მხედველობის ნერვის დაზიანების შემთხვევაში.

ნერვული სისტემის ცენტრალური უბნების დაზიანებისა ვითარდება კორტიკული, ვესტიბულური, დიენცეფალური, ისტერიკული და სხვა სახის ნისტაგმები. მხედველობის ნერვის პერიფერიული ნაწილის ან სმენითი ანალიზატორის დაზიანება იწვევს ოპტიკურ ან ლაბირინთულ ნისტაგმს.

არსებობს ფიზიოლოგიური ნისტაგმიც, რომელსაც მიკუთვნება ოპტიკინეტიკური, ლაბირინთული და ნისტაგმის მსგავსი რხევები (თვალის უკიდურეს ნაწილებში). როგორც ცნობილია, ოპტიკინეტიკური ნისტაგმის საფუძველზე შეიძლება პატარებში მხედველობის სიმახვილის შემოწმება, ლაბირინთული ნისტაგმის შესწავლა კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მაგალითად, კოსმონავტების ვესტიბულური აპარატის ფუქნციური მდგომარეობის შეფასებაში.

ნისტაგმის მკურნალობა რთულია და ხშირად უშედეგოდაც. მთელი ძალისხმევა მიმართულია მისი გამოწვევი მიზეზის მოხსნისკენ. მკურნალობის შედეგად, რომელიც გულისხმობს მხედველობის სიმახვილის გაზრდას (ამბლიოპიის მკურნალობა, სათვალით კორექცია. რეფლექსოთერაპია, კატარაქტის ექსტრაქცია, კერატოპლასტიკა და სხვა) და კუნთის ტონუსის აღდგენას, ნისტაგმის შემცირება შესაძლებელია.

ნისტაგმის ფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწრაფი ჰოიზონტალური
სწრაფი ვერტიკალური

თანდაყოლილი ნისტაგმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანდაყოლილი ნისტაგმთან ერთად ხშირად შეინიშნება რეფრაქციისა და ფერის აღქმის მანკი, ალბინიზმი ან თანდაყოლილი კატარაქტა. ასეთ ავადმყოფთა უმრავლესობას ბადურა გარსი დაზიანებული არ აქვს. თანდაყოლილი ნისტაგმიზმის მიზეზია ტვინის ღეროს არეში თვალის მამოძრავებელი ფუნქციის მოშლა.

თანდაყოლილ ნისტაგმს უმეტესად აღმოაჩენენ ბავშვის დაბადებიდან 6 კვირის შემდეგ, როცა მხედველობის ბინოკულარული ფიქსიცია უკვე ფორმირებულია.

ასეთ ნისტაგმს, წესისამებრ, ჰორიზონტალური მიმართულება აქვს. თვალის მოძრაობა ვერტიკალური მიმართულებით ინტაქტურია. აღწერილია აუტოსომურ-დომინანტური ტიპით დამემკვიდრებული ჰორიზონტალური ნისტაგმი, რომელიც ვერტიკალურ კომპონენტებსაც შეიცავს.

ნისტაგმის თანდაყოლილი ფორმის შემთხვევათა უმრავლესობას რხევების მრავალფეროვნება ახასიათებს. თვალების დახუჭვისას ნისტაგმი რამდენადმე სუსტდება. ხშირად ამ დმდგომარეობაში სრულიად განსხვავებული ტიპის ნისტაგმი ფიქსირდება, ვიდრე გახელილი თვალების დროს.

თანდაყოლილი ნიატაგმის მქონე ადამიანები პოულობენ თვალების ისეთ მდგომარეობას, როდესაც ნისტაგმი მინიმალურად არის გამოხატული, როცა არჩეული მდებარეობა არ ემთხვევა შუა ხაზს, მას თან ახლავს torticollis ocularis.

ლატენტური ნისტაგმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატენტური ნისტაგმი არის თანდაყოლილი ფიქსაციური ნისტაგმის ფორმა, რომელსაც ოჯახური გამოვლიება ახასიათებს. ლატენტური ნისტაგმი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ბინოკულარული ინტერფერენციის ფიქსაციისას, მაგალითად, ცალი თვალის დახუჭვის ან ორი მხედველობის ველი გამაცალკევებელი ორმხრივ ამოზნექილი ლინზების გამოყენების დროს. ნისტაგმი ყოველთვის მიმართულია ფიქსირებული თვალის მხარეს.

თავისუფალი ნისტაგმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფალი ნისტაგმი გამოწვეულია თვალის მამოძრავებელი კუნთების დაძაბვით ფიქსაციისა და კონვერგენაციის (თვალების ერთმანეთთან მიზიდვის) დროს. რხევის სიხშირე წამში 10-17-ია. უნდა მოხდეს დიფერენცირება მიოკლონიისგან, რომელლიც ვლინდება თვალდახუჭულ მდგომარეობაშიც, მაგრამ არა კონვერგენციის დროს. მას ისტერიკულ ნისტაგმს და თვალის ტრემორსაც უწოდებენ.

თვალების მიოკლონია, თვალის კაკლების ცეკვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვალების მიოკლონიის დროს ყველაზე ხშირად აღინიშნება თვალების მაღალი სიხშირით (წამში 13-ჯერ) მოძრაობა ჰორიზონტალური მიმართულებით. ზოგჯერ ამას აქვს სერიული ხასიათი (რხევათა ჯგუფებს შორის ინტერვალი სხვადასხვაა) და ვლინდება როგორც თვალგახელილ, ისე თვალდახუჭულ მდგომარეობაში.

რბილი სასის მიორიტმია და თვალის ნისტაგმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რბილი სასისა და ენის მიორიტმიას ხშირად თანა ხლავს იმავე სიხშირის ნისტაგმი. ასეთ ავადმყოფებს კბილის ფესვები დაზიანებული აქვთ. მიორიტმია ძილის დროსაც არ ქრება და მედიკამენტებით მისი კუპირება ძალიან ძნელია.

ნისტაგი Spasnius nutans-ის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ნისტაგმის თანდაყოლილი ფორმაა. ვლინდება 6 თვის ასაკში, ახასიათებს კეთილსაიმედო მიმდინარეობა და გრძელდება დაახლოებით 12 თვე. ამ დროს ნისტაგს თან ახლავს თავის ქნევა ან წრიული მოძრაობა. გვხვდება შეტევისებური ფორმაც. აღმოცენდება მხედველობის ფიქსირების მომენტში ან განსაზღვრული მიმართულებით გახედვისას.

უსინათლოთა ნისტაგმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უსინათლოთა თვალების მოძრაობა, ნისტაგმის ეს ფორმა აქვთ უსინათლოებს (როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი სიბრმავის შემთხვევაში) და საკმაოდ ხანგრძლივია. ნისტაგმს განაპირობებს არა სინათლის გამაღიზიანებლის უკმარისობა, არამედ თვალის მდებარეობაზე ვიზუალური კონტროლის უქონლობა. თვალის კაკლების მოძრაობა არაკოორდინირებულია, ზოგჯერ დისოცირებული. ძილის დროს ნისტაგმი არ აღინიშნება.

შეტევისებური ნისტაგმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეტევისებურ ნისტაგმს უმეტესად ეპილეფსიური ხასიათი აქვს.

დისოცირებული ნისტაგმი მხედველობის ფიქსირების დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნისტაგმის ეს ფორმა გვხვდება ცალმხრივი ან ორმხრივი წინა ინტერნუკლეალური ოფთალმოპლეგიის დროს, აქვს ჰორიზონტალური მიმართულება და თვალის გარეთ განზიდვისას უკეთ არის გამოხატული, ვიდრე შიგნით მიზიდვისას. ზოგჯერ მხოლოდ თვალის მაქსიმალური განზიდვისას ვლინდება მონოოკულარული ჰორიზონტალური ნისტაგმი. წინა ინტერნუკლეარული ოფთალმოპლეგიის განვითარება მოსალოდნელია ცალმხრივი დემიელინიზაცის, სიმსივნისა და სისხლძარღვების — დემიელინიზაციის ან ტვინის გავრცობილი სიმსივნური დაავადების დროს.

ბრუნე-სტიუარტის ტიპის დისოცირებული ნისტაგმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს ნისტაგმი უფრო ძლიერად არის გამოხატული დაზიანების მხარეს. აქ იგი უფრო უხეშია და აქვს რხევის ფართო ამპლიტუდა (ცენტრალური და პერიფერიული ვესტიბულური ნისტაგმის ნარევია). ვლინდება ტვინის აბსცესის, სიმსივნისა და სხვათა დროს. დიაგნოსტიკისთის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ალტერნატიული ნისტაგმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალტერნატიული ნისტაგმს ახასიათებს რხევის ამპლიტუდისა და მოძრაობის მიმართულვბის ცვლილება. მიმართულება შეიძლება იცვლებოდეს ყოველ წუთს 20-წამიანი შუალედებით. ამ შუალედებში თვალები ისვენებს. ზოგიერთი ავტორის აზრით, ნისტაგმი ეს ფორმა თანდაყოლილია, ზოგიერთი კი მის აღმოცენებას სიმსივნეს, დემიელინიზაცას და ტვინის ღეროს ტოქსიკური ხასიათის დაზიანებას უკავშირებს.

თვალის მამოძრავებელი კუნთების დაზიანების დროს განვითარებული ნისტაგმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ ტიპის ნისტაგმი ვლინდება, მაგალითად, მიასთენიის დროს. თუ დაზიანებულია ცალი თვალი, მაშინ ნისტაგმი მხოლოდ ჯანმრთელი თვალის დახუწვისას აღმოცენდება. ეს ნისტაგმი გარდამავალია, გრძელდება რამდენიმე საათიდან დღემდე და გაივლის პროზერინის შეყვანის შემდეგ.

მედიკამენტური ნისტაგმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მედიკამენტური ნისტაგმი ყველაზე ხშირად ვლინდება ბარბიტურატების შეყვანისა და ალკოჰოლის მოხმარების დროს. ბარბიტურატების დიდი დოზის შეყვანისას შეინიშნება თვალს კაკლების ნელი ტონური რხევა. ბარბიტურატების ანესთეტიკური დოზის შეყვანის, ასევე — ღრმა კომის დროს შესაძლოა ვესტიბულური რეაქცია მთლიანად დაირღვეს. ამ შემთხვევაში თვალები ცენტრალურ მდგომარეობაში შვშდება, თუმცა ეს შექცევადია და უგონო მდგომარეობის ან ანვსთეზიის სიღრმეზეა დამოკიდებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მედიცინის დიდი ცნობარი ტომი II, სამედიცინო ტერმინოლოგიისა და დაავადებათა ენციკლოპედია, გამომცემლობა პალიტრა L, თბ 2016 წელი, გვ.786-789