ნიჟნეკუნდრიუჩენსკაიის ქრისტეს შობის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიჟნეკუნდრიუჩენსკაიის ქრისტეს შობის ტაძარი
ნიჟნეკუნდრიუჩენსკაიის ქრისტეს შობის ტაძარი — რუსეთი
ნიჟნეკუნდრიუჩენსკაიის ქრისტეს შობის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ნიჟნეკუნდრიუჩენსკაია
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1902-1906

ნიჟნეკუნდრიუჩენსკაიის ქრისტეს შობის ტაძარი (რუს. Храм Рождества Христова) — მართლმადიდებლური ტაძარი უსტ-დონეცკის რაიონის სოფელ ნიჟნეკუნდრიუჩენსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას. აგებულია 1906 წელს. რამდენიმე მონაცემის მიხედვით ითვლება ევროპაში ყველაზე დიდ სოფლის მართლმადიდებელ ეკლესიად[1].

ტაძრის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, უსტ-დონეცკის რაიონი, სოფელი ნიჟნეკუნდრიუჩენსკაია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტანიცა ნიჟნეკუნდრიუჩენსკაია იყო დონის კაზაკთა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დასახლება.მისი მოსახლეობა XX საუკუნის დასაწყისში იყო 7 000 ადამიანი[1].

ქრისტეს შობის ტაძარი იყო მესამე, რომელიც ააგეს სტანიცაში. მანამდე XVIII საუკუნეში ააგეს ორი ხის ეკლესია[1].

გადაწყდა, რომ ახალი ტაძარი აეშენებინათ აგურისაგან. 1902 წელს არქიტექტორისა და მთავარი მშენებლის ივან როდომსკის ხელმძღვანელობით დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. თავდაპირველად გადაწყვიტეს ჩაერჭოთ 4 000 ოთხ მეტრიანი ხიმინჯი ფუნდამენტისათვის, ამ შრომატევად საქმეს მოუნდნენ ერთი წელი. მიუხედავად ამისა, სამუშაოები საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობდა. მის მშენებლობაში პრაქტიკულად ყველა მოსახლე მონაწილეობდა[1]. ახლად აშენებული ეკლესია 1906 წელს აკურთხეს.

1930-იან წლებში ხელსუფლებამ არაერთხელ მიიღო ეკლესიის დახურვის გადაწყვეტილება, რაც აწყდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მკვეთრ წინააღმდეგობას. 1933 წელს ნკვდ-ს ძალებმა დაშალეს ეკლესიის დამცველები, რასაც მოჰყვა დაპატიმრებები სოფელში. ეკლესია დახურეს და გაქურდეს. ზარი გააგზავნეს გადასადნობად[1].

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკელსიაში ღვთისმსახურება აღსდგა, თუმცა 1961 წელს ეკლესია მეორედ დახურეს და მას გამოიყენებდნენ, როგორც სპორტულ დარბაზს, შემდეგ კი კოლმეურნეობის საწყობად[1].

1990 წელს ეკლესია კვლავ გაიხსნა, ამავე წელს დაიწყო მისი აღდგენითი სამუშაოები, რომელიც გაგრძელდა 2008 წლამდე[1].

ტაძრის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესიას გააჩნია სამი საკურთხეველი: მთავარი საკურთხეველი ქრისტეს შობის სახელზეა ნაკურთხი, ჩრდილოეთისა ― წმინდა სამების სახელზე, ხოლო სამხრეთისა ―ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე[1].

ეკლესიას უკავია 940 კვ. მ. ფართობი, კედლის სიმაღლე ― 56 მეტრი, სიმაღლე მიწიდან ჯვრის ჩათვლით 76 მეტრი[2].

ეკლესია მოხატული არ არის[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 О храме | Храм Рождества Христова станица Нижнекундрюченская. hram-rogdestva.cerkov.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-26. ციტირების თარიღი: 2017-02-12.
  2. 2.0 2.1 Ст.Нижне-Кундрюченская, храм – Нижний Дон, ч.6. ციტირების თარიღი: 2017-02-12.